პეტრე წულუკიძე

პეტრე წულუკიძე, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი და ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

,,2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ჩავირიცხე. თავიდან თითქმის არავის ვიცნობდი და ამიტომ თანაკურსელებისა და ახალი გარემოს უკეთ გაცნობა გადავწყვიტე, რომელიც იმდენად კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის, რომ თავისუფალ დროსაც ხშირად უნივერსიტეტში ვატარებდი და აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაში. შევიძინე საუკეთესო მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვამზადებდი დავალებებს, დავდიოდით ექსკურსიებზე და სხვადასხვა ღონისძიებაზე.

მეორე კურსზე მეგობრებმა სტუდენტური კლუბის შექმნა და პატარ-პატარა პროექტების გაკეთება გადავწყვიტეთ.  „ახალწვეულებს“  ახალ გარემოსთან ადაპტაციაში ვეხმარებოდით. ეს პროცესი სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც აღმოჩნდა ჩემი პიროვნული განვითარებისთვის.

სწავლისა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურობის გარდა ვცდილობდი, ნახევარ განაკვეთზე მემუშავა  სრულიად განსხვავებული პროფილის ორგანიზაციებში, სადაც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შევძლებდი. როგორც მოყვარული, გატაცებული ვიყავი ელექტრონული მუსიკით და ხშირად გამოვდიოდი  სხვადასხვა კლუბში.

მაგისტრატურაზე სწავლაც ილიაუნიში გადავწყვიტე. 2015 წელს  სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დეპარტამენტში მუშაობა შემომთავაზა. იმდენად გამიხარდა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. თავდაპირველად სპორტული პროექტების კოორდინატორი ვიყავი, შემდეგ კი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დავინიშნე.

დეპარტამენტში ძირითადად სპორტულ პროექტებზე ვმუშაობთ. ჩემს გუნდთან ერთად სულ ვცდილობ გავაუმჯობესოთ ჩემპიონატების ხარისხი და რაოდენობა. ვხელმძღვანელობთ ილიაუნის სპორტულ ნაკრებებს, რომლებიც საუნივერსიტეტო ჩემპიონატებზე სტაბილურად კარგ შედეგებს აღწევენ. ეს ნაკრებების მწვრთნელთა დიდი დამსახურებაა. მათი უმრავლესობაც ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

ილიაუნიში მუშაობა ძალიან მეამაყება, რადგან ის  სწრაფად მზარდი უნივერსიტეტია და მეც როგორც პიროვნული, ასევე კარიერული განვითარების საშუალებას მაძლევს.  აქ ჩემი იდეებისა და ინიციატივების განხორციელების საშუალება მაქვს, ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც საერთო ღირებულებები მაკავშირებს და ერთად ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სტუდენტებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში.

ადამიანის წარმატების გზა მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ალბათ ყოველთვის  საკუთარი მოწოდების გაანალიზებით იწყება. სტუდენტებს ვურჩევ, ის საქმე იპოვონ, რისი კეთებაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ და მთელი ენერგია ამ საქმეს მოახმარონ. თავიდან  საკუთარი თავი სხვადასხვა საქმეში უნდა გამოსცადონ, რისთვისაც სტუდენტობის პერიოდი საუკეთესოა.”

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Facebook
Twitter
LinkedIn