სალომე მჭედლიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მიმართულების კურსდამთავრებული სალომე მჭედლიშვილი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

,,ილიაუნიში მიღებული ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში დამეხმარა. უნივერსიტეტში ბევრი კონკურსი ტარდებოდა, რომლებშიც გუნდურად ვმონაწილეობდით. აქ გამოვიმუშავე პრეზენტაციის ჩატარებისა და გუნდური მუშაობის უნარი, რაც ასე მნიშვნელოვანია კარირეული წინსვლისთვის.

ამჟამად პროფესიის შეცვლას ვაპირებ – მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ტურიზმის სფერო, მოგზაურობაც, გადავწყვიტე ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციო. როგორც მოყვარულ მხატვარს, ყოველთვის მაინტერესებდა დიზაინის სფერო, ამიტომ გრაფიკულ დიზაინს ვეუფლები და სტაჟირებას გავდივარ ერთ-ერთ გამომცემლობაში. პარალელურად ვმუშაობ adjaranet.com-ზე ფილმების სუბტიტრების თარჯიმნად.

2009 წელს, როცა ილიაუნიში ჩავაბარე, სტუდენტებს არ ჰქონდათ ისეთი პერსპექტივა, როგორიც ახლა აქვთ. სამსახურის მოძებნა გამოცდილების გარეშე ძალიან რთული იყო, ამიტომ ჩემი ცოდნა შემოსავლის წყაროდ ვაქციე. სწავლის პარალელურად მოსწავლეებს ინგლისურსა და მათემატიკაში ვამზადებდი.
პირველ კურსზე გუნდთან ერთად მონაწილეობა მივიღე პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკების კონკურსში და მესამე ადგილი ავიღეთ. დღემდე ვინახავ სერტიფიკატს და ილიაუნის საჩუქარს – „დაბრენდილ“ თერმოჭიქას. შემდეგ ზედიზედ ორჯერ ბიზნესქეისების კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენს გუნდს “Sunflower”-სი ერქვა. ორჯერვე მეორე ადგილი ავიღეთ. ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება ტურისტულ სააგენტო Discover Gerogia-ში მივიღე, სადაც სტაჟირება გავიარე.

მეოთხე კურსზე კი მიღებული სტიპენდიით  ვარშავის ბილეთი ვიყიდე და ტურიზმის დეპარტამენტის საზაფხულო სკოლაში მივიღე მონაწილეობა, რაც ჩემი საუკეთესო სტუდენტური წლების საუკეთესო დაგვირგვინება იყო. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა საკუთარი სტიპენდიით. გავიცანი პოლონელი სტუდენტები, მივიღე ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი დრო გავატარე.

2013 წელს სწავლა დავასრულე, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა კარგი სამსახურის პოვნა. 2014 წლის ნოემბერში ლატვიურ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, თავიდან – საწყის პოზიციაზე, თუმცა მალევე დამაწინაურეს და პერსონალის მენეჯერი გავხდი. კარგი გამოცდილება მივიღე „ლიდერშიფისა“ და პერსონალის მართვის კუთხით. 2017 წელს ამავე კომპანიაში მომსახურების ხარისხის მენეჯერი გავხდი, თუმცა მერე წამოსვლა გადავწყვიტე, რომ დრო ჩემთვის საინტერესო საქმიანობისთვის დამეთმო.

ახლა ვსწავლობ ჯიპაში რეკლამისა და გრაფიკული დიზაინის კურსზე, პარალელურად გავდივარ სტაჟირებას ამ მიმართულებით.
ბლოგერობითაც ვარ გატაცებული, ხანდახან საკუთარ თავგადასავლებზე ვწერ, სტატიებსაც ვთარგმნი. მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება, როგორც კი შანსი მეძლევა, სამოგზაუროდ მივდივარ თუნდაც მარტო, მარტო მოგზაურობა ჩემთვის ყველაზე საინტერესოა.”

Share Button