შალვა ბერიანიძე

გლაზგოს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 18 დეკემბერს დასრულდა.  სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ონლაინსწავლების მიუხედავად ეს  ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება და შანსი იყო, რაც კი მქონია.

დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ სწავლა მხოლოდ ვირტუალურად იქნებოდა შესაძლებელი და ასეც იყო.  მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ურთიერთობა  მქონდა საერთაშორისო სტუდენტებსან და პროფესორებთან, რაც, ვფიქრობ,  მნიშვნელოვანია  ახალგაზრდის განვითარებისთვის.

გლაზგოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რომ სტუდენტებს არაფერი დაგვკლებოდა,  სასწავლო პროცესთან იქნებოდა ეს დაკავშირებული  თუ სხვა საჭირო რამ.

 სტუდენტებს შესაძლებლობა გვქონდა, გვესარგებლა უნივერსიტეტის ისტორიული ბიბლიოთეკით, რომელიც მე-18 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ბიბლიოთეკად არის აღიარებული ევროპაში. ბიბლიოთეკაში სასწავლო პროცესის წარმატებულად გავლისთვის საჭირო ყველა პირობა იყო შექმნილი და მეც თითქმის მთელ დღეებს იქ ვატარებდი.

გარდა ამისა, ამირჩიეს გლაზგოს უნივერსიტეტის გლობალური შესაძლებლობების ელჩად. ეს  ნიშნავს, რომ ჩართული ვიყავი უნივერსიტეტის სოციალური მედიის არხების მართვასა და მათი კონტენტის შექმნაში, რაც განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა აქ არიან ან ჩამოსვლას აპირებენ. თუ არ ვცდები, პირველი ქართველი სტუდენტი ვარ, ვინც აქ ამ პოზიციაზეა. ვიმედოვნებ, ეს სამომავლოდ სხვა ქართველი სტუდენტებისთვის გაკვალული გზა იქნება. ამასთან ვცდილობდი, აქტიური  ურთიერთობა დამემყარებინა სტუდენტებთან, წარმომეჩინა მშობლიური უნივერსიტეტი და მისი პოპულარიზაცია გამეწია.

გლაზგოს უნივერსიტეტი დიდი ტრადიციების  უნივერსიტეტია, რომელიც ბევრი რამით დაგამახსოვრებს თავს.

მეგობრები ხშირად მეკითხებიან, რითი განსხვავდება გლაზგოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის საქართველოს უნივერსიტეტების სასწავლო პროცესისგან. ვიტყოდი, რომ ,„ახალ ველოსიპედს“ არსად იგონებენ, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმე ნიშანს, რომელთა გაზიარებასაც ვისურვებდი საქართველოში.

1. სტუდენტების სეგმენტი – საქართველოსგან განსხვავებით აქ სტუდენტთა უმრავლესობამ იცის, რატომ აბარებს უნივერსიტეტში. გააზრებული აქვს, რომ მხოლოდ დიპლომით და ფულით ვერ იყიდის წარმატებას. ამდენად ჩემთვის ერთ სიამოვნებად ღირდა ასეთ სტუდენტებთან დისკუსია და მსჯელობა ნებისმიერ საკითხზე, რაც უფრო მეტად ამაღლებს მოტივაციას.

2. პროფესორებისდამოკიდებულება– ყველა თაობის პროფესორთან მქონდა ურთიერთობა. ასაკობრივი განსხვავებისა და რანგის მიუხედავად, თითოეული

3. შეფასების სისტემა – ამან ყველაზე მეტად გამაოცა.  თითოეულ საგანში ნამდვილად ზღვა მასალას ვეცნობოდით (თვალები ახლაც მტკივა). აქ სტუდენტი ფასდება არა იმ ცოდნის შემოწმებით, რასაც წაიკითხავს, არამედ პრაქტიკული დავალების საფუძველზე, ანუ კურსის ბოლოს მომზადებული პრაქტიკული დოკუმენტ(ებ)ით, რომელიც  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს. კიდევ უფრო გაოცებული დავრჩი, როდესაც ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტზე პროფესორისგან ორი დოკუმენტი მივიღე. პირველი მოიცავდა ორ გვერდს, რომელზეც დეტალურად იყო ჩამოწერილი ჩემ მიერ მომზადებული ნაშრომის ძლიერი და სუსტი მხარეები, მეორე კი წარმოადგენდა ჩემი ნაშრომის ასლს, რომლის თითოეულ გვერდზე ლექტორს თავისი კომენტარები დაერთო.

ფინალური გამოცდების პერიოდი სრული ქაოსი აღმოჩნდა ჩემთვის. რამდენიმე კვირა ნორმალურად არ მეძინა. ვცდილობდი, ბრიტანული განათლება გააზრებულად მიმეღო. იმდენად შრომატევადი აღმოჩნდა ყველაფერი,  ასე მგონია, ყველა  გამოცდა, რომლებიც ბაკალავრიიდან მოყოლებული დღემდე მქონია, ერთად ჩავაბარე (არა რაოდენობრივი თვალსაზრისით, არამედ მასალათა მოცულობით). თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა, კიდევ კარგი კარანტინი იყო და დიდად არ დამწყდა გული, სხვადასხვა ადგილის მოსანახულებლად გარეთ გასვლას რომ ვერ ვახერხებდი. გამოცდები დავასრულე და ღრმად ამოვისუნთქე. თუმცა მანამდე ვერც კი დავიჩივლე, რადგან ამის დროც არ მქონდა.

შოტლანდიაში ჩამოსვლას მთელი რიგი გამოწვევები ახლდა. ჯერ იყო და კორონავირუსის გამო სამგზავრო ბილეთების ფასი საგრძნობლად გაიზარდა, მერე  საჭირო უამრავი დოკუმენტის მოწესრიგებასა და შევსებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. პირდაპირი რეისის არარსებობის გამო ამსტერდამის აეროპორტში ჩავედი. იქ ბარგმა დაიგვიანა და თითქმის 28 საათი აეროპორტში დავყავი. თუმცა საბოლოოდ მაინც ჩამოვაღწიე გლაზგომდე.

დიდი ბრიტანეთის მიწაზე პირველად ფეხი ედინბურგში დავდგი. აეროპორტიდანვე ვიგრძენი ამ საოცარი ქალაქის არომატი და  ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ქალაქმა  შვილივით მიმიღო. აეროპორტიდან ავტობუსის ცენტრალურ სადგურამდე იმ მომრგვალებული შავი ტაქსით ვიმგზავრე, აქამდე მხოლოდ ფილმებში რომ მენახა. გზაში დაახლოებით 20 წუთი დაგვჭირდა და ამ ხნის განმავლობაში ავტომობილის მინიდან თვალი შევავლე ქალაქს. ვუცქერდი სახლებს, შენობებს, ბაღებს, ხალხს და ვრწმუნებოდი, რომ უნდა მეცხოვრა სრულიად განსხვავებულ გარემოსა და სივრცეში. მოყვითალო, სიძველისა და ნესტისგან დალაქავებულ შენობებს აშკარად ეტყობოდა თანამედროვეობის კვალი. საცხოვრებელი ბინების აივნები იმდენად პატარა იყო, ვირწმუნე, არც აქ უყვართ „გუნდურობა“-მეთქი. ასე რომ, წინ დიდი გამოწვევები მელოდა…

გლაზგოში გვიან ღამით ჩამოვედი. პანდემიის გამო ქალაქი ისეთივე დაცლილი და უფერული დამხვდა, როგორც მსოფლიოს უმეტესი ქალაქები გამოიყურება. კორონავირუსმა მსოფლიო შეცვალა და ჩვენც ამ შეცვლილ მსოფლიოს ვეგუებით. 14-დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ პირველად გავედი ქალაქში. ე. წ. „კულტურული შოკი“ არ მიმიღია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქი ზედმიწევნით ასახავს უძველესი კულტურისა და თანამედროვე ცხოვრების დეტალების ნაზავს. შენობებზე აშკარად ჩანს კავშირი ხელოვნებასა და თანამედროვე საზოგადოებას შორის.  ჩემი აღტაცება გამოიწვია გოთიკურმა არქიტექტურამ, რამაც შეუძლებელია, გულგრილი დაგტოვოს.

როგორც ცნობილია, დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ოკეანესთან სიახლოვის გამო უფრო ხშირად წვიმს და ზამთრის ცივი ამინდებიც ადრეულად დგება, ვიდრე საქართველოში. ამის მიუხედავად, თუ გაგიმართლა და მზის ჩასვლას დარი დაემთხვა, მაშინ ეს პეიზაჟი აუცილებლად გაგაოცებს. რამდენიმე დღის წინ, ნეკროპოლზე ყოფნისას, შევესწარი მზის ჩასვლას, რამაც ერთიორად რომანტიკულ განწყობაზე დამაყენა. თუნუქისა და კრამიტის მოგრძო სახურავები ულამაზესად ირეკლავდა მზის სხივებს, ამას ემატებოდა გლაზგოს საკათედრო ტაძრის მწვანე სახურავის ანარეკლი, რაც ნამდვილად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნიდა. ცაც ისე უსასრულოდ ვრცელი და ფერადოვანი იყო, უთუოდ გაგახსენებდა გალაკტიონის სიტყვებს: „შეხედე რა ცაა, ესაა, რაცაა!“

მახსენდება, როდესაც გლაზგოს უნივერსიტეტის მუზეუმს (Hunterian Museum) ვესტუმრე და აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ უნივერსიტეტის დაარსებიდან (1451) XIX საუკუნის შუა ხანებამდე ყველა სტუდენტი ზეპირ გამოცდას უჩვეულოდ აბარებდა. ისინი ამ დროს სხდებოდნენ ე.წ. „შავი ქვის სკამზე”. 1775-76 წლების ნახატზე ასახულია სკამი, რომელიც დოლერიტისგან (ეფუზიური მაგმური ქანი) დაამზადეს და მუხის კონსტრუქციაშია ჩასმული. სკამის ზედა ნაწილზე მოთავსებულია ქვიშის საათი,დაფნის ფოთლებით გარშემორტყმული. გამოცდის დაწყებისთანავე აკადემიური საბჭოდან მოწვეული პირი ქვიშის საათს გადააბრუნებდა. შესაბამისად, სტუდენტს დაახლოებით 20 წუთი ჰქონდა, რომ  შეკითხვებისთვის ეპასუხა. როდესაც ქვიშა მთლიანად ჩამოიცლებოდა, ის პირი დაიძახებდა: Fluxit! – „დრო ამოიწურა!“. მაშინ სტუდენტი იწყებდა პასუხის გაცემას, მერე კი დაიძახებდნენ: Ad alium, Domine! („შემდეგი, სერ!”). ეს „შავი ქვის სკამი” დღესაც გამოიყენება Cowan-ის მედლის მოსაპოვებლად, რაც საპატიო კურსდამთავრებულთათვისაა განკუთვნილი.

2019 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე და უნივერსიტეტის დახმარებით ავიხდინე ჩემი ერთ-ერთი ოცნება  –  ერასმუსის პროგრამით სრული დაფინანსებით მოვხვდი გლაზგოს უნივერსიტეტში და მქონდა შესაძლებლობა, დიდ ბრიტანეთში მესწავლა, ამიტომ

დიდ მადლობას ვუხდი როგორც ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს, ისე ჩემს სასწავლო პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს.

თქვენ კი გეტყვით, რომ აუცილებლად გამოიყენოთ მსგავსი შანსი!

Share Button