ბავშვობიდან მიყვარდა მეცნიერება. თავიდან თეორიული ფიზიკის მიმართულებით ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ შემდეგ მოვხვდი National Geographic საქართველოში, სადაც ბიომრავალფეროვნებაზე ვწერდი სტატიებს და ქართველი მკვლევრებისგან ინტერვიუების აღება მიწევდა. მაშინ მივხვდი, რომ ეკოლოგია ცხოველების, ტყე-ღრეში ბოდიალის და მეცნიერების სიყვარულს აერთიანებდა და აქ გადავწყვიტე ჩაბარება.
ზოგადად, ეკოლოგიის სტუდენტის ცხოვრება ალბათ ზუსტად იმავენაირია, როგორიც ყველა სხვა სტუდენტის. თუ კვლევებში ხარ ჩართული, ბევრი მუშაობა გიწევს ლაბორატორიაში და ველზე. ზოგჯერ რთულია მუშაობის და სწავლის შეთავსება, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ველზე დიდი დროის გატარება გიწევს. საბედნიეროდ, ჩვენი პროფესორები გაგებით გვეკიდებიან და პრობლემებს არ გვიქმნიან.
კავკასიის სიცოცხლის ბარკოდის პროექტი უზარმაზარი პროექტია, რომელიც საქართველოს, გერმანიის და სომხეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუციების თანამშრომლობით მიმდინარეობს. მისი მიზანი კავკასიის, როგორც ბიომრავალფეროვნების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონის, ბიომრავალფეროვნების გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნაა. კავკასია ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია, ანუ სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გლობალური ბიომრავალფეროვნების კარგვის პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი ადგილების კვლევა და დაცვა. ფართომასშტაბიანი გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნა, პირველ რიგში, ინფორმაციას მოგვცემს იმის შესახებ, თუ რა სახეობებია გავრცელებული რეგიონში და ასევე გაამარტივებს სამომავლოდ ამ სახეობების მონიტორინგს. გარდა ამისა, ეს პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ბიომრავალფეროვნების კვლევის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო სამეცნიერო განვითარებისთვის.
მე CaBOL-ში პირველ კურსზე მოვხვდი, როდესაც საპილოტო პროექტი იწყებოდა. კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე უნდა შეგვეგროვებინა უხერხემლოების სინჯები და შემდეგ მათ იდენტიფიკაციაზე გვემუშავა. აქტიურად ვიყავი ჩართული ბატონი დავით თარხნიშვილის კურსში და ამავდროულად კარგად ვიცი გერმანული, ამიტომ ბატონმა დავითმა შემომთავაზა პროექტში ჩართვა.
პროექტში ჩემი მოვალეობა 2018 წელს კინტრიშში შეგროვებული უხერხემლოების სინჯების იდენტიფიკაციაა. გარდა ამისა, ვმუშაობ ობობების ტაქსონომიაზე. კინტრიშის სინჯები ჯერ რჩევის პროცესშია, ამიტომ კონკრეტული აღმოჩენები ჯერ არ გვაქვს. სამაგიეროდ, ორი წელია ვმუშაობ პუბლიკაციაზე გერმანელ კოლეგებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ობობებს ეხება. ორი წლის განმავლობაში შევაგროვეთ საკმაოდ დიდი სინჯი მთელი საქართველოდან და დავაბარკოდეთ ისინი. საკმაოდ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გვაქვს – 30-ზე მეტი სახეობა საქართველოდან არაა ცნობილი. ასევე ბევრი სახეობა, დიდი ალბათობით, მეცნიერებისთვის უცნობია, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.
ძალიან გამიმართლა, ასეთ ადრეულ ასაკში ამხელა პროექტში რომ მოვხვდი. გარდა იმ უზარმაზარი გამოცდილებისა, რომელიც პროექტში მუშაობისას მივიღე, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. ასეთი პროფესიული კონტაქტები (ნეთვორქინგი) ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის.
გაგზავნილი მაქვს საბუთები ბონის უნივერსიტეტში, ორგანიზმული, ევოლუციური და პალეობიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და ამ ეტაპზე იქ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. სამომავლოდ დოქტორანტურაზე ჩაბარებას და მეცნიერებაში მუშაობას ვაპირებ, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.