მე ვარ გიორგი რაზმაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მაგისტრი. დასაქმებული ვარ MSDA – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ბიზნესის პროცესების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ საინტერესო პრაქტიკოსი ლექტორები გვასწავლდნენ, დასაქმებულები საქართველოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიის მმართველ პოზიციებზე. ყოველდღიურად ვისმენდი არა მხოლოდ წიგნში დაწერილ თეორიებს, არამედ იმასაც, ეს თეორიები როგორ გამოიყენება საქართველოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიის სამუშაო პროცესში. ნებისმიერი ეკონომიკური თუ ბიზნესთეორია საინტერესოა და კიდევ უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მის პრაქტიკაში გამოყენებას სწავლობ. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა, გამეღრმავებინა ცოდნა და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ეს, მგონია, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს გამიმარტივებს. სწორედ ასე მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში MSDA-ის წარმომადგენლები მოვიდნენ და მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა. რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გავლის შედეგად ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა.
სტუდენტებს ვურჩევ, გამოიყენონ ის შესაძლებლობა და რესურსი, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს. მოწვეული ლექტორების უმრავლესობა დასაქმებულია სხვადასხვა კერძო კომპანიის მმართველ პოზიციებზე. კარგი კადრი ყოველთვის პრიორიტეტია კომპანიებისათვის. თქვენ კი შანსი გეძლევათ, სემინარებსა თუ სხვადასხვა აქტივობაზე წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და გახდეთ დიდი და წარმატებული გუნდის წევრი. თეორიულ ცოდნასთან ერთად დააგროვოთ დიდი გამოცდილება წარმატებულ კომპანიაში.