მარიამ კვირტია

მარიამ კვირტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

მარიამი ორი სემესტრი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის  ფაკულტეტზე სწავლობდა.

ალბათ ამ ნაწერს ბევრი ადამიანი წაიკითხავს, რომელთაგან არაფრით განვსხვავდები. ბევრის მსგავსად სწავლის პარალელურად ვმუშაობდი, ამიტომ  სწავლას კარგად ვერ ვახერხებდი და არც მიფიქრია სტიპენდიის მოპოვებაზე ან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე. მეგონა, რომ ამას ბევრად გამორჩეული და მოტივირებული ადამიანები აღწევდნენ. დრო გადიოდა, ისევ ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, თუმცა მივხვდი, რომ ასე ცხოვრება არ მომწონდა. მინდოდა ჩემი მე, ჩემი გზა  მეპოვა და მას გავყოლოდი. ყველასგან მოულოდნელად სამსახური მივატოვე და მთლიანად სწავლაზე გადავერთე. მართალია, შემოსავალი შემიმცირდა, მაგრამ ვგრძნობდი, იმას ვაკეთებდი, რაც მხიბლავდა, ინტერესითა და სიხარულით ვსწავლობდი. შემთხვევით, საცდელად, შევიტანე განაცხადი გაცვლითი პროგრამის კონკურსზე.  სტიპენდია მოვიპოვე და გაცვლით პროგრამაშიც გავიმარჯვე. ამიტომ ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, პირველ რიგში,  საკუთარი თავი უნდა იპოვოს, ჰქონდეს რწმენა და წარმატება თავისთავად მოვა.

რაც შეეხება გერმანიას… ამ ქვეყანაზე ბევრი სტრეოტიპული წარმოდგენა გვაქვს, თუმცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ერთწლიანი ცხოვრების განმავლობაში დავინახე, როგორ უფრთხილდებიან თავიანთ ქალაქს, გარემოსა თუ სხვა ადამიანებს. ღიმილი და კეთილგანწყობა  აძლიერებს ქვეყანას, თანადგომისა და ერთიანობის განცდას ტოვებს. ის, რის შესახებაც შორიდან მსმენოდა,  თვალწინ გამიცოცხლდა. გავეცანი მათ კულტურას და ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემი ფაკულტეტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, გვასწავლიდნენ კულტურათა შორის განსხვავებებსა თუ თანხვედრას, ასევე როგორ უნდა გვესწავლებინა ჯგუფისთვის, რომელიც  განსხვავებული კულტურის ადამიანებს უყრიდა თავს. დავინახე, როგორი განსხვავებულია ასეთი ადამიანების რეალობისა და სამყაროს აღქმა.

მარტო ცხოვრებამ, სხვადასხვა ქვეყნისა თუ მუზეუმის მონახულებამ, პიროვნულად  გამზარდა, ადამიანებთან ურთიერთობისა თუ დიდი პროფესიული გამოცდილება მივიღე, რაც მთავარია, მტკიცედ მჯერა, რომ ენთუზიაზმი და შრომა უპასუხოდ არასდროს რჩება. ახლა ისევ საქართველოში ვარ და მინდა, ცოდნა  ქვეყანას მოვახმარო. მინდა ჩემი ისტორია ბევრისთვის მოტივაცია იყოს, რომ საკუთარი თავის რწმენითა და მონდომებით მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

 

Share Button

მარიამ ღამბაშიძე

მარიამ ღამბაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

მარიამი ერთი სემესტრი ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი) – განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით სწავლობდა.

კომუნიკაბელური ვარ. ძალიან მიყვარს ადამიანების მოტივირება. ჩემი ფინური ცხოვრება შთაბეჭდილებების, ემოციებისა და ინფორმაციის ზღვა იყო. შემიყვარდა ფინური კულტურა, მათი ტრადიციები და ცხოვრების წესი. გავიცანი სხვადასხვა კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანები. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება ამ მხრივ მრავალფეროვანი გახდა.

ყველაზე საინტერესო მაინც ფინური განათლების სისტემის გაცნობა აღმოჩნდა. ბევრი დადებითი მსმენოდა, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მომეცა ფინეთის სკოლებზე დაკვირვების საშუალება. ვესწრებოდი გაკვეთილებს,  ინტერვიუებს ვიღებდი სკოლის დირექტორების, პედაგოგებისა და მოსწავლეებისგან. მივხვდი, რომ ნდობა, თავისუფლება და თანასწორობა აქცევს ფინური განათლების სისტემას სამაგალითოდ.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

თამარ ხუციშვილი

თამარ ხუციშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (მენეჯმენტის მიმართულებით) მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

თამარი ერთი სემესტრი ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (იენა, გერმანია) სწავლობდა ეკონომიკის მიმართულებით.

გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და ყველაზე მეტად გერმანიაში სწავლის გაგრძელება მინდოდა. ქალაქიც შერჩეული მქონდა, უნივერსიტეტიცა და ფაკულტეტიც. ჩემი მიზანი ბევრს არარეალურად ეჩვენებოდა, თუმცა მჯეროდა, რომ ყველაფერი ჩემს ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული. სკოლის დამამთავრებელი კლასი იმაზე ფიქრში გავატარე, რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა რომ მქონოდა. ესეც იყო ილიაუნიში ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი და მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ბევრი არაფერი ვიცოდი უნივერსიტეტის შესახებ, მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში: „შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ“ და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საინტერესო ცხოვრება ნამდვილად ილიაუნიში დაიწყო.

პირველი შესაძლებლობისთანავე მივიღე მონაწილეობა Erasmus-ის გაცვლით პროგრამაში და დადებითი პასუხიც მივიღე. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით ვსწავლობდი ერთი სემესტრი. სწავლა საკმაოდ რთული იყო, თუმცა ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხანა იყო უამრავი სიახლით, თავგადასავლითა და საინტერესო მოგონებებით სავსე. ამ პერიოდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს არა მხოლოდ კარიერულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში და ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა. გირჩევთ, არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, რადგან ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია დიდი სურვილისა და შრომის შედეგად.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

 

Share Button

ევა ბოლქვაძე

ევა ბოლქვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულების) მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ევა ერთი სემესტრი ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია) ეუფლებოდა ევროპისმცოდნეობის პროგრამას.

,,წარმოიდგინეთ: ერთ დღეს იღვიძებ სრულიად სხვა სამყაროში და საკუთარ თავთან განმარტოვებული, იწყებ ძიებას, რისი გაკეთება შეგიძლია, ფაქტობრივად, თავიდან იწყებ საკუთარი თავის გაცნობას და აღმოჩენას. დგები სირთულეების წინაშე, ხარ მშობლის გარეშე, რომელიც ძალიან განებივრებდა, ამას ემატება ნოსტალგია, ენის ბარიერიც, სრულიად უცხო სისტემაში, უცხო ენაზე იწყებ სწავლას… მაგრამ ნელ-ნელა, ისე, რომ ვერც ხვდები,ირგვლივ მყოფნი შენი ოჯახის წევრებივით ხდებიან, ფიქრობ, როგორ გაგიჭირდება 5 თვის შემდეგ, როდესაც მათ გარეშე მოგიწევს ცხოვრება. იქ ყოფნისას საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალა, რომელიც ვერ წარმომედგინა, რომ მქონდა.

ილიაუნიმ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების სტუდენტი ვიყავი,  საშუალება მომცა,  იდენტური პროგრამის არარსებობის პირობებშიც კი მონაწილეობა მიმეღო ერასმუსის კონკურსში. ასე მოვხვდი ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა ავირჩიე კურსი, რომელიც ჩემს პროგრამასა და სამომავლო პროფესიასთან მაქსიმალურად არის დაკავშირებული.”

ერასმუსის პროგრამის წყალობით სულ სხვა სასწავლო პროცესის მონაწილე გავხდი, მივიღე განსხვავებული ცოდნა, ვისწავლე, როგორ ვიყო დამოუკიდებელი, ვისწავლე განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც იქ სხვადასხვა ქვეყნიდან მოიყარეს თავი.
თანდათან ხვდები, რომ გამოცდილება, რომელიც გიგროვდება საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში, დიდ გავლენას იქონიებს შენს პიროვნებად, იმ საქმის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, რომელიც აირჩიე.
რთულია ისაუბრო იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურად დაგროვდა ჩემს ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში. ფაქტია, რომ რეალობამ მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ერასმუსი ნამდვილად ყოფილა ცხოვრების ის ეტაპი, რომელიც, სასურველია, ყოველმა სტუდენტმა გაიაროს.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU 🌍

 

Share Button

თინათინ ნაკაშიძე

 

თინათინ ნაკაშიძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების კურსდამთავრებული, ილიაუნის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის სტიპენდიატი, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილების შესახებ.

თინათინ ნაკაშიძე ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა University College UCC-ში (Professionshøjskolen UCC , კოპენჰაგენი, დანია) მასწავლებლის განათლების (Teacher Education) პროგრამაზე.

„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. რთული იმიტომ, რომ შენი მომავალი გარკვეულწილად დაკავშირებულია შენს არჩევანზე. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი სტუდენტობიდან დაიწყო, როცა სრულიად ახალ გარემო/ხალხში აღმოვჩნდი, ახალ სირთულეებსა და გამოწვევებში. საბედნიეროდ, ილიაუნიში საკმაოდ მეგობრული გარემო დამხვდა, რამაც გამიადვილა ახალ „ცხოვრებასთან“ შეგუება, მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში და, რაც მთავარია, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ – სწავლა დანიის ერთ-ერთი უმაღლეს სასწავლებელში.

სკანდინავიური განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი სისტემისაგან. გარდა თეორიული მომზადებისა, დიდი გამოცდილება მივიღე დანიის ერთ-ერთ სკოლაში გავლილი პრაქტიკით, როცა ერთი კვირით მოვირგე მასწავლებლის როლი. ვსწავლობდი სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ერთად, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას. რაც მთავარია, არ არსებობდა კონკურენცია, ქულები, ბარიერის გადალახვა. ლექტორები მაქსიმალურად გვიქმნიდნენ გარემოს, სადაც ყველა ორიენტირებული და მოტივირებული ვიყავით, გვესწავლა განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის, და არა ორნიშნა რიცხვის მისაღებად.

ახლა ვმუშაობ ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურში, სადაც Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობ, დავეხმარებო ახალბედა სტუდენტებს. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა მათთან ურთიერთობა, განსაკუთრებით – საბოლოოდ შერჩეულ სტუდენტთა ემოციების გაზიარება. ილიაუნის ყველა სტუდენტს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსები, აქტიურად ჩაერთონ პროექტებში, მიიღონ დიდი გამოცდილება და, რაც მთავარია, ინტერკულტურულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა. ვთვლი, რომ აკადემიური და პროფესიული თვალსაზრისით ჩემზე დიდი როლი ითამაშა ილიაუნიმ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევანის გაკეთების დროს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

სოფო ჯინჭარაძე

სოფო ჯინჭარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

სოფო ერთი სემესტრით იმყოფებოდა ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი), სადაც ეუფლებოდა პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

,,ბედნიერი ვარ, რომ ილიას უნივერსიტეტმა მომცა ფინეთში სწავლის საშუალება. ეს ჩემთვის ყველაზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი პერიოდი იყო. გარდა ცოდნისა, შევიძინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ვნახე ბევრი ლამაზი ადგილი, რაც ალბათ ოცნებად დამრჩებოდა ამ პროგრამის გარეშე.

ცნობილია, რომ ფინეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მიხარია, რომ ამ ქვეყანაში სწავლის საშუალება მეც მომეცა. სასწავლო პროცესი, გარდა თეორიისა, პრაქტიკული დავალებებითაც იყო დატვირთული რეალური კომპანიების მაგალითებიდან. მომეწონა, ძალიან მოქნილი საგამოცდო სისტემა და საგნების სწავლის განსხვავებული ხანგრძლივობაც. აუცილებლად მინდა ავღნიშნო ძალიან კარგი ბიბლიოთეკები აქვთ, სადაც სტუდენტს წყნარ გარემოში მუშაობა შეუძლია, არის ადგილები ჯგუფური მუშაობისათვისაც. ყველა კორპუსს აქვს სავარჯიშო დარბაზი და სტუდენტებიც აქტიურად არიან დაკავებული სპორტით და მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

მარიამ ხომერიკი

ილიაუნის ბიზნესის სკოლის მაგისტრანტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ვარშავის (პოლონეთი) ეკონომიკურ სკოლაში.

ვკითხულობ სამეცნიერო ფანტასტიკას.

ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას განწყობის შესაბამისად: პოსტროკს, მელოდიურ ელექტრონულ მუსიკას, ჰიპ-ჰოპს, თრეფს.

ვფიქრობ განვითარებაზე.

მიყვარს თავგადასავლები.

მსურს შევქმნა საკუთარი სტარტაპი, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების გადაჭრას.

თანატოლებს ვურჩევდი, არასოდეს თქვან უარი გამოწვევებზე და არ დაკარგონ ბრძოლის უნარი; გარდა პროგრამით გათვალისწინებული საკითხებისა, იკითხონ ბევრი და ისწავლონ ცოდნის და არა ქულების მისაღებად.

დაბრუნების შემდეგ სწავლას გავაგრძელებ ილიაუნიში და პრაქტიკაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.

ილიაუნი არის უნივერსიტეტი, სადაც ჩაბარების ბევრ მიზეზს დავასახელებდი, თუმცა, მთავარი მაინც არის ის, რომ ილიაუნიმ მომცა შესაძლებლობა, მიმეღწია დიდი ხნის მიზნისთვის და მესწავლა საზღვარგარეთ. Erasmus + გაცვლითი პროგრამის შესახებ სწორედ ილიაუნის ვებგვერდიდან შევიტყვე.

ჩემი პროფესია შესაძლებლობას მაძლევს გავერკვიო იმ ძირითად პროცესებსა და ტენდენციებში რაც ახასიათებს თანამედროვე ბიზნესგარემოს. ბიზნესის ადმინისტრირების, კერძოდ – მენეჯმენტის შესწავლა მაძლევს სტიმულს, ვიყო წარმატებული ამ სფეროში და ხელი შევუწყო მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას.

Share Button

მეგი გამტკიცულაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ეკოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს სალონიკის (საბერძნეთი) არისტოტელეს უნივერსიტეტში.

? ვკითხულობ, ძირითადად, ფოლოსოფიურსა და დეტექტიურ ნაწარმოებებს. ასევე, სამეცნიერო სტატიებს.
 
ვუსმენ ყველანაირი ჟანრის მუსიკას, განწყობის შესაბამისად.
 
?ვფიქრობ, რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო, თითოეულმა ჩვენგანმა სულ მცირე სიკეთე რომ გააკეთოს ყოველდღე.
 
? მიყვარს მოგზაურობა, თავგადასავლები და მარციპანი შოკოლადით.
 
?მინდა, საქართველო უფრო სუფთა და მწვანე ქვეყანა იყოს, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებით, ნაკლები ბრაკონიერითა და ნარჩენების მოწესრიგებული დახარისხება-გადამუშავების სისტემით.
 
როცა დავბრუნდები, სწავლის გაგრძელებასთან ერთად, ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN). ძირითადად, ახალგაზრდებთან ვმუშაობ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ როგორც უნივერსიტეტში, ისე სამსახურში.
 
? სტუდენტებს ვურჩევ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი განვითარებისათვის. ვისურვებდი, რომ ყველა ახალგაზრდას მიეცეს საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის შესაძლებლობა. პროფესიულს რომ თავი დავანებოთ, ეს საუკეთესო საშუალებაა პიროვნული განვითარებისთვის.
 
? ილიაუნი არის უნივერსიტეტი, რომელშიც ყველაზე მეტად ვაფასებ მის სამ ძირითად პრინციპს: აკადემიურ, სინდისის და არჩევანის თავისუფლებას. გარდა ამისა, კვალიფიციური ლექტორები, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტუდენტის კეთილდღეობაზე მორგებული სისტემა ძალიან საინტერესოს ხდის ამ უნივერსიტეტს ჩემთვის.
Share Button

ანი რაინაული

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ტურკუს (ფინეთი) უნივერსიტეტში.

ვკითხულობ იმას, რაც ჩემში გამოიწვევს შთაგონებას და მრავალფეროვან/განსხვავებულ ემოციებს.

ვუსმენ  ნებისმიერ მუსიკას, რაც ჩემზე ემოციურად იმოქმედებს.

მიყვარს სიმღერა, წერა, მოსმენა – როგორც მუსიკის, ისე ადამიანების.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ახალი ძალებით შევუტევ ჩემს კარიერულ წინსვლას და სიამოვნებით გავუზიარებ სხვებს ჩემს გამოცდილებას.

ჩემი პროფესია: ფსიქოლოგიამდე ადამიანების მიმართ ინტერესმა მიმიყვანა. ყოველთვის შეიძლება რაღაც განსხვავებული იპოვო პიროვნებაში.

სტუდენტებს ვურჩევ, იყვნენ შემოქმედებითები და არ შეეშინდეთ რისკის. გიჟური იდეებიც კი შეიძლება საინტერესო რეალობად იქცეს.

 

Share Button

მარიამ ყეინაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტში.

რატომ ჩემი პროფესია: თავიდანვე მსურდა, კითხვა გამეხადა პროფესიად, ამიტომაც, ლიტერატურათმცოდნეობა ავირჩიე. ვსწავლობ ლიტერატურის თეორიებს, ეპოქებს, მიმდინარეობებს, ზოგადად მწერლობას, როგორც მედიასაშუალებას ანტიკურობიდან დღემდე; ლექციებზე ვეხებით სემიოტიკასა და ლინგვისტიკას. ასევე, ვსწავლობ ციფრულ კომუნიკაციას, რაც მეორე ინტერესის სფეროში – გრაფიკულ დიზაინში – მიღრმავებს ცოდნას. ეს სფერო მოიცავს ადამიანების ურთიერთობას ვირტუალურ სივრცესთან და სივრცეში.

ვკითხულობ ჰერბერტ უელსის „დროის მანქანას“.

ვუსმენ მუსიკას განწყობის მიხედვით, ჟანრობრივი შეზღუდვა არ მაქვს.

ვფიქრობ და მაწუხებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სიყალბე, უმოქმედობის შეგრძნება, დღითიდღე მზარდი ბოროტება და, ვფიქრობ, რა შეიძლება უშველოს ერთმა ადამიანმა მრავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

მიყვარს ადამიანები და ჩემი საქმე.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლას და მუშაობას აღნიშნულ სფეროებში გავაგრძელებ. გეგმაში მაქვს ორივე მათგანის კომბინირება. ლიტერატურათმცოდნეობა უსაზღვრო და თავისუფალი სფეროა, მოიცავს ყველანაირი მიმართულების ტექსტებს: ფილოსოფიურს, თეოლოგიურს, მხატვრულს… ის თავს არ გახვევს საკუთარ კანონებსა და წესებს, თუ როგორ უნდა წაიკითხო ესა თუ ის ტექსტი. არ არსებობს კანონი გააზრებისთვის; ლიტერატურა ქმნის უსაზღვროდ დიდ სივრცეს ინდივიდში. ლიტერატურას ახასიათებს დამოკიდებულება, დამოკიდებულება იდეებზე, თუმცა ის პატიმრად კი არ გაქცევს, არამედ გაძლევს საშუალებას, გადასინჯო ეს იდეები, ერთმანეთს დაუპირისპირო ან დაუკავშირო და ჩამოაყალიბო საკუთარი ხედვა; შენში აღმოაჩინო და შეამჩნიო ის, რაც უკვე არსებობს. გრაფიკული დიზაინით გატაცება კი შემოქმედების სურვილია. მგონია, რომ შემოქმედება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე ხატვის პროცესი მსიამოვნებს, მსიამოვნებს სხვადასხვა ხასიათის გადატანა ილუსტრაციაში; ფერები და ფორმები დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს სფეროც ისევე მათავისუფლებს, როგორც ლიტერატურა.

სტუდენტებს ვურჩევ აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ. ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნება, რომ გათავისუფლებს ის, რასაც აკეთებ.

ილიაუნი არის უნივერსიტეტი, რომელიც დიდ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ ახალი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ მომავლის ან კარიერის დაგეგმვაში კი არ დაეხმარება მათ, არამედ პიროვნულ ფორმაციაშიც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ილიაუნი მუდმივად მუშაობს აკადემიური სივრცის განვითარებაზე, აწყობს უამრავ ღია პროექტსა და საჯარო ლექციას; მასპინძლობს ცნობილ პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოში და უცხო ქვეყნებიდან; სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საინტერესო პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკული პროგრამა Liberal Arts. ERASMUS + გაცვლითი პროგრამის შესახებაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიტყვე და ამჟამად ნიდერლანდებში ვსწავლობ.

Share Button