მიხა კეკელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მაგისტრანტი ეკოლოგიის მიმართულებით, ილიაუნიში სტუდენტური კლუბის (Iliauni HikingClub) ერთ-ერთი დამფუძნებელი

ვკითხულობ იმას, რითიც ვინტერესდები.

ვუსმენ  ყველაფერს,  რაც სიამოვნებას მანიჭებს. ადრე, უმეტესწილად როკს ვუსმენდი, მაგრამ ეს ხელს საერთოდ არ მიშლიდა, რომ სხვა ჟანრებისთვისაც მომესმინა.

ვუყურებ ყველაფერს, რაც ჩემში ინტერესს აღძრავს. გამოცდილებაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ არაჰოლივუდური ფილმები უფრო მაინტერესებს, თუმცა ჰოლივუდურსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ.

მაინტერესებს ძალიან ბევრი რამ, რის შესწავლასაც ვისურვებდი, რომ არა დროის სიმცირე. ყოველთვის ვცდილობ, არ შევიზღუდო თავი, რის გამოც დროდადრო ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით მეზრდება. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება ლაშქრობებში სიარულია. ჩემმა მეგობრებმა და მე ჩამოვაყალიბეთ  Iliauni Hiking Club – კლუბის სახით შევქმენით სივრცე, სადაც ლაშქრობებით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, გაიცნონ ერთმანეთი; მიიღონ საბაზისო ცოდნა ლაშქრობების შესახებ და გამოიმუშაონ ის უნარები, რაც გამოადგებათ სამომავლო ლაშქრობებისთვის. პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი შენაძენი, რაც კლუბმა შემმატა, იმ ადამიანთა სიმრავლეა, რომლებთანაც ძალიან კარგი მოგონებები და დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. ზოგადად, სიახლეების აღმოჩენა და „თავგადასავლები“ – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს.

მინდა,  რომ მომავალი თაობები მენტალურად აღარ იყვნენ წინა თაობების სრული ანარეკლები.

სტუდენტებს ვურჩევდი, არ იყვნენ კატეგორიული აზროვნების. იყავით გამბედავები და ყოველთვის თავისუფლად გამოხატეთ საკუთარი აზრი, იმის მიუხედავად, იზიარებენ თუ არა თქვენს მოსაზრებას ოჯახის უახლოესი წევრები თუ საზოგადოებრივი ჯგუფები.

Share Button

მეგი გამტკიცულაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ეკოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს სალონიკის (საბერძნეთი) არისტოტელეს უნივერსიტეტში.

? ვკითხულობ, ძირითადად, ფოლოსოფიურსა და დეტექტიურ ნაწარმოებებს. ასევე, სამეცნიერო სტატიებს.
 
ვუსმენ ყველანაირი ჟანრის მუსიკას, განწყობის შესაბამისად.
 
?ვფიქრობ, რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო, თითოეულმა ჩვენგანმა სულ მცირე სიკეთე რომ გააკეთოს ყოველდღე.
 
? მიყვარს მოგზაურობა, თავგადასავლები და მარციპანი შოკოლადით.
 
?მინდა, საქართველო უფრო სუფთა და მწვანე ქვეყანა იყოს, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებით, ნაკლები ბრაკონიერითა და ნარჩენების მოწესრიგებული დახარისხება-გადამუშავების სისტემით.
 
როცა დავბრუნდები, სწავლის გაგრძელებასთან ერთად, ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN). ძირითადად, ახალგაზრდებთან ვმუშაობ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ როგორც უნივერსიტეტში, ისე სამსახურში.
 
? სტუდენტებს ვურჩევ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი განვითარებისათვის. ვისურვებდი, რომ ყველა ახალგაზრდას მიეცეს საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის შესაძლებლობა. პროფესიულს რომ თავი დავანებოთ, ეს საუკეთესო საშუალებაა პიროვნული განვითარებისთვის.
 
? ილიაუნი არის უნივერსიტეტი, რომელშიც ყველაზე მეტად ვაფასებ მის სამ ძირითად პრინციპს: აკადემიურ, სინდისის და არჩევანის თავისუფლებას. გარდა ამისა, კვალიფიციური ლექტორები, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტუდენტის კეთილდღეობაზე მორგებული სისტემა ძალიან საინტერესოს ხდის ამ უნივერსიტეტს ჩემთვის.
Share Button

ანი რაინაული

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ტურკუს (ფინეთი) უნივერსიტეტში.

ვკითხულობ იმას, რაც ჩემში გამოიწვევს შთაგონებას და მრავალფეროვან/განსხვავებულ ემოციებს.

ვუსმენ  ნებისმიერ მუსიკას, რაც ჩემზე ემოციურად იმოქმედებს.

მიყვარს სიმღერა, წერა, მოსმენა – როგორც მუსიკის, ისე ადამიანების.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ახალი ძალებით შევუტევ ჩემს კარიერულ წინსვლას და სიამოვნებით გავუზიარებ სხვებს ჩემს გამოცდილებას.

ჩემი პროფესია: ფსიქოლოგიამდე ადამიანების მიმართ ინტერესმა მიმიყვანა. ყოველთვის შეიძლება რაღაც განსხვავებული იპოვო პიროვნებაში.

სტუდენტებს ვურჩევ, იყვნენ შემოქმედებითები და არ შეეშინდეთ რისკის. გიჟური იდეებიც კი შეიძლება საინტერესო რეალობად იქცეს.

 

Share Button

მარიამ ყეინაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტში.

რატომ ჩემი პროფესია: თავიდანვე მსურდა, კითხვა გამეხადა პროფესიად, ამიტომაც, ლიტერატურათმცოდნეობა ავირჩიე. ვსწავლობ ლიტერატურის თეორიებს, ეპოქებს, მიმდინარეობებს, ზოგადად მწერლობას, როგორც მედიასაშუალებას ანტიკურობიდან დღემდე; ლექციებზე ვეხებით სემიოტიკასა და ლინგვისტიკას. ასევე, ვსწავლობ ციფრულ კომუნიკაციას, რაც მეორე ინტერესის სფეროში – გრაფიკულ დიზაინში – მიღრმავებს ცოდნას. ეს სფერო მოიცავს ადამიანების ურთიერთობას ვირტუალურ სივრცესთან და სივრცეში.

ვკითხულობ ჰერბერტ უელსის „დროის მანქანას“.

ვუსმენ მუსიკას განწყობის მიხედვით, ჟანრობრივი შეზღუდვა არ მაქვს.

ვფიქრობ და მაწუხებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სიყალბე, უმოქმედობის შეგრძნება, დღითიდღე მზარდი ბოროტება და, ვფიქრობ, რა შეიძლება უშველოს ერთმა ადამიანმა მრავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

მიყვარს ადამიანები და ჩემი საქმე.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლას და მუშაობას აღნიშნულ სფეროებში გავაგრძელებ. გეგმაში მაქვს ორივე მათგანის კომბინირება. ლიტერატურათმცოდნეობა უსაზღვრო და თავისუფალი სფეროა, მოიცავს ყველანაირი მიმართულების ტექსტებს: ფილოსოფიურს, თეოლოგიურს, მხატვრულს… ის თავს არ გახვევს საკუთარ კანონებსა და წესებს, თუ როგორ უნდა წაიკითხო ესა თუ ის ტექსტი. არ არსებობს კანონი გააზრებისთვის; ლიტერატურა ქმნის უსაზღვროდ დიდ სივრცეს ინდივიდში. ლიტერატურას ახასიათებს დამოკიდებულება, დამოკიდებულება იდეებზე, თუმცა ის პატიმრად კი არ გაქცევს, არამედ გაძლევს საშუალებას, გადასინჯო ეს იდეები, ერთმანეთს დაუპირისპირო ან დაუკავშირო და ჩამოაყალიბო საკუთარი ხედვა; შენში აღმოაჩინო და შეამჩნიო ის, რაც უკვე არსებობს. გრაფიკული დიზაინით გატაცება კი შემოქმედების სურვილია. მგონია, რომ შემოქმედება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე ხატვის პროცესი მსიამოვნებს, მსიამოვნებს სხვადასხვა ხასიათის გადატანა ილუსტრაციაში; ფერები და ფორმები დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს სფეროც ისევე მათავისუფლებს, როგორც ლიტერატურა.

სტუდენტებს ვურჩევ აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ. ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნება, რომ გათავისუფლებს ის, რასაც აკეთებ.

ილიაუნი არის უნივერსიტეტი, რომელიც დიდ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ ახალი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ მომავლის ან კარიერის დაგეგმვაში კი არ დაეხმარება მათ, არამედ პიროვნულ ფორმაციაშიც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ილიაუნი მუდმივად მუშაობს აკადემიური სივრცის განვითარებაზე, აწყობს უამრავ ღია პროექტსა და საჯარო ლექციას; მასპინძლობს ცნობილ პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოში და უცხო ქვეყნებიდან; სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საინტერესო პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკული პროგრამა Liberal Arts. ERASMUS + გაცვლითი პროგრამის შესახებაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიტყვე და ამჟამად ნიდერლანდებში ვსწავლობ.

Share Button

გიორგი ბულია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი

ვკითხულობ იმას, რაც მომესურვება, თავს არ ვიზღუდავ. ეს შეიძლება იყოს ბლოგპოსტი, ინტერვიუ, მოთხრობა თუ სხვა რამ.

ვუსმენ უამრავ რამეს, განურჩევლად მისი წარმომავლობისა თუ ჟანრისა. ასევე, ხშირად ვუსმენ გარემოს, ნატურალური ხმებით მიღებულ ქაოტურ კომპოზიციებს.

ვუყურებ ყველაფერს, დაბალბიუჯეტიანი, „თრეშ“ ფილმებიდან „არტჰაუს“ ფილმებამდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემ სიმპათიას ვერ იმსახურებს.

მიყვარს ხელოვნება, საინტერესო დიალოგი, თეთრად გათენებული ღამეები, ქუჩაში ხეტიალი და მოგზაურობა.

მაინტერესებს უამრავი რამ, ერთს ვერ გამოვარჩევ.

მუსიკა არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმ ცოტაოდენიდან, რომელიც ცხოვრებას თუნდაც პატარა არსს თუ სიამოვნებას ჰმატებს.

 

Share Button

თინათინ იობიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამის მაგისტრანტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს იენის (გერმანიაში) ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში.

ვკითხულობ კლასიკურ ლიტერატურას.

ვუსმენ ყველაფერს, მძიმე როკის გარდა.

ვფიქრობ მომავალზე.

მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ვაპირებ თეზისის დაცვასა და მაგისტრატურის დასრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიპოვო სამსახური, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებას.

რატომ ჩემი პროფესია: „იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს, და არცერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობა“. კონფუცის ამ შეგონების არ იყოს, პროფესიად ის საქმე ავირჩიე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მომწონდა. საერთაშორისო ურთიერთობები ღრმა, კომპლექსური მეცნიერებაა, რომელიც მუდმივ სწავლას, კვლევას, თვითგანვითარებას მოითხოვს.

ყველა ჩვენგანი საერთაშორისო სისტემის ნაწილები ვართ; ჩვენი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გავლენას ახდენს პოლიტიკურ მოვლენებზე და, პირიქით, პოლიტიკური მოვლენები გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ჩემ მიერ არჩეული პროფესია მაძლევს მიმდინარე მოვლენების უკეთ გაგებისა და კომპეტენტურად გაანალიზების საშუალებას, ამიტომაც არის ის ასე საინტერესო და მიმზიდველი.

სტუდენტებს   ვურჩევ, არ დაიშურონ ძალისხმევა და მონაწილეობა მიიღონ იმ გაცვლით პროგრამებში, რომლებსაც ილიაუნი გვთავაზობს. ეს არის პირადი და პროფესიული განვითარების არაჩვეულებრივი საშუალება; საინტერესო, სასარგებლო და სახალისო გამოცდილება, რომელიც დადებითად აისახება თქვენს მომავალზე და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

 

Share Button

მარი ბუგიანიშვილი

ილიაუნის სამართლის სკოლის, III კურსის სტუდენტი

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ფინეთში, ტურკუს უნივერსიტეტში.

ვფიქრობ სამყაროს წარმოშობაზე, ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.

ვკითხულობ ისტორიული და დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას.

ვუსმენ  კლასიკურ მუსიკას.

მიყვარს მოგზაურობა, კითხვა.

მაინტერესებს  ადამიანებთან ურთიერთობა კანონებთან მიმართებაში. „სახელმწიფო“, ჩემი აზრით, უპირველესად, სწორედ კანონია. ვფიქრობ, ჩემი პროფესია ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უაღრესად საინტერესოც. ამიტომაც ავირჩიე პროფესიად სამართალი.

ილიაუნი არის უნივერსიტეტი ყველაზე საინტერესო და ბევრი პროგრამით. აქ სტუდენტს აქვს დიდი არჩევანი, თავისუფალი ქმედების შესაძლებლობა, თვითდამკვიდრების დიდი შანსი და პროფესიონალ, ყურადღებიან, გულისხმიერ ლექტორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

სტუდენტებს ვურჩევ,  იყვნენ აქტიურები, მუდმივად იზრუნონ თვითგანვითარებაზე, იმოგზაურონ ბევრი, გაეცნონ სხვა ხალხის კულტურას და დააფასონ საკუთარი.

Share Button

ნარმინა გუსეინოვა

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი სოციოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში.

დაწვრილებით „ნარმინა გუსეინოვა“

Share Button

ბექა ბოკუჩავა

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი, სტიპენდიატი.

დაწვრილებით „ბექა ბოკუჩავა“

Share Button

თამარელა არჩვაძე

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი.

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტი ილიაუნიში; ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 20-ეულში.

დაწვრილებით „თამარელა არჩვაძე“

Share Button