მარიამ ფედროვი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების ფსიქოლოგიასა და ლიტერატურატმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებული მარიამ ფედროვი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

დამამთავრებელი კურსის სტუდენტისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შეთავაზება ყველაზე სწორი და ლოგიკური ნაბიჯია უნივერსიტეტის მხრიდან.  მე ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო მომსახურების განყოფილების უფროს სპეციალისტად ვმუშაობ. ამ ვაკანსიის შესახებ UNIJOBS-იდან შევიტყვე და საკმაოდ დიდი და სამართლიანი კონკურსის შედეგად მოვხვდი გუნდში, რომელიც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ენერგიული  და დინამიური სამსახურია.

წარმოიდგინეთ პროცესი, როდესაც სამუშაო კვირის განმავლობაში ათასობით სტუდენტთან გაქვს ურთიერთობა. ილიაუნის ბიბლიოთეკაში ატარებენ სტუდენტები  თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს. ინდივიდუალური კონსულტაციები საჭირო ლიტერატურის მოძიებისთვის, რომლისთვისაც ისინი ყოველდღიურად მომმართავენ, მთლიანად მათ საჭიროებებზე, სასწავლო პროცესში მაქსიმალურად მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად ჩართვაზეა ორიენტირებული.

შემთხვევით არ აღვნიშნე ანაზღაურებადი სტაჟირება, რომელიც აუცილებელი პრაქტიკაა დამსაქმებლის მხრიდან. ყველა სტუდენტისთვის უნდა მოიძებნოს პლატფორმა, რომელიც, საწყის ეტაპზე,  საჭირო გამოცდილებებების დააგროვებაში დაეხმარება. აქ მიღებული გამოცდილების გამოა, სხვადასხვა პოზიციასა და საქმიანობაში თავს კიდევ უფრო თავდაჯერებულად რომ ვგრძნობ, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ილიაუნი ხარისხთან ასოცირდება. 2017 წელს  რამდენიმე საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა. ეს მთლიანად მოქნილი სამუშაო გრაფიკისა და კარიერული თუ ინტერესების მიხედვით ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობის დამსახურებაა. სიმბოლურია ისიც, რომ პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ასევე უნივერსიტეტის საინფორმაციო პორტალები მეხმარება.

თუ ცოდნა უკვე გაიღმავე და ახალი შთაგონება გჭირდება, კიდევ უფრო ხშირად მოდი ილიაუნის ბიბლიოთეკაში, სადაც საკმაოდ მდიდარი რესურსები და კომფორტული გარემოა ყველა თქვენგანისათვის.

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

 

 

Share Button

ვერიკო ცომაია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სოციოლოგიის მიმართულებისა და მაგისტრატურის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებული ვერიკო ცომაია თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  სხვადასხვა სერვისებით (სტუდენტური კლუბები, გაცვლითი პროგრამები, კონფერენციები, დასაქმების ფორუმები) ცდილობს  მაქსიმალურად შეუქმნას სტუდენტს პირობები საკუთარი უნარების რეალიზებისთვის. ასევე,  სტუდენტს აძლევს საშუალებას თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება.

ვამაყობ იმით რომ ილიაუნის კურსდმთავრებული ვარ.  ვიყავი სტიპენდიანტი რაც კიდევ უფრო მიზრდიდა მოტივაციას რომ კარგად მესწავლა.

ვარ ,,ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების”  წევრი 2012 წლიდან. ვახორციელებთ პროექტებს როგორც უნივერსიტეტის შიგნით ასევე, მის გარეთ. უნივერსიტეტი აფინანსებდა ბევრ საინტერესო პროექტს. მომცა  შესაძლებლობა სტუდენტური კლუბის სხვა წევრებთან ერთად ჩამეტარებინა სტუდენტებისთვის ლექციები სოციოლოგიაზე.

გავიმარჯვე  სოციოლოგთა კლუბის ორგანიზებულ კონკურსში, რის შედეგადაც ვიყავი ახალგარზრდა მკვლევარი პროექტში: „ძალაუფლების დანაწილება და „კონტროლისა და ბალანსის” პრინციპები საქართველოში“.    კონკურსში სწორედ ჩვენი სტუდენტური კლუბის სახელით ვმონაწილეობდი. ეს იყო ჩემი პირველი ანაზღაურებადი სამუშაო.

კიდევ ერთი საინტერესო პროექტი რომელმაც დიდი გამოცდილება შემძინა იყო კონკურსი „კულტურათაშორისი ინტეგრაცია“.   აღნიშნული პროექტის ფარგლებში საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო კვლევით პროექტში – „ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების ინტეგრაცია საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების გზით“.

ეთნიკური უმციერესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განვახორციელეთ პროექტი „შექმენი ტოლერანტული საზოგადოება“, რომელიც მოიცავდა საჯარო ლექციას, დისკუსიასა და ეთნიკურ უმცირესობებთან თემატურად დაკავშირებული ვორქშოფს. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა რომელიც დამეხმარა სტუდენტს თეორიულ ცოდნასთან ერთად მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება.

მაგისტრატურაზე  ჩაბარებისას არც კი მიფიქრია სხვა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე.  დარწმუნებული ვიყავი რომ ახალ საფეხურზე კიდევ მეტ ცოდნას და გამოცდილებას მივიღებდი.

ვმუშაობ ეისითიში (ACT – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი) , რომლის შესახებაც ინფორმაცია სწორედ დასაქმების ფორუმზე მივიღე. თავდაპირველად გავიარე სტაჟირება, შემდეგ დავიწყე მუშაობა როგორც პროექტულმა თანამშრომელმა, ამჟამად კი ვარ საველე სამუშაოების მენეჯერი.

სტუდენტებს ვურჩევ, რომ ბევრი იშრომონ საკუთარ თავზე, გამოიყენონ  უმარავი შესაძებლობა  რომელსაც ილიაუნი აძლევს სტუდენტებს, იყვნენ აქტიურები, მიზანდასახურლები, მიიღონ კარგი განათლება და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

Share Button

ნინო დოლიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი ნინო დოლიძე თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამორჩეულად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებაზე. მათ  ილიაუნის შესაბამისი დეპარტამენტი აწვდის ინფორმაციას ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ. ერთ დღესაც UNI-JOBS-ის მეილიდან მომივიდა ინფორმაცია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  გვთავაზობდა სტაჟირებას, რომელში დარეგისტრირებაც მხოლოდ მე-4 კურსელებს შეეძლოთ. რეგისტრაცია ოქტომბრის დასასრულს იწყებოდა და რომ არა არგუსზე დადებული ინფორმაცია ვადის შესახებ, რეგისტრაციის გარეშე დავრჩებოდი.

დღეს ილიაუნის ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილებაში ვმუშაობ. სტუდენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს, მომწონს გარემო და ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც მიწევს. მაქსიმალურად ვცდილობ, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სასურველი ლიტერატურის მოძიებასა და შერჩევაში დავეხმარო. სამსახური მეც მეხმარება უფრო მეტი წიგნის გაცნობაში, აქ ვეცნობი საკმაოდ ძველ გამოცემებს, მაქვს ინფორმაცია უახლეს წიგნებზე. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიისთვის. სამსახურის დაწყებამდე ილიაუნის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი ვიყავი. აქ ძალიან კარგი გარემოა შექმნილი, რომ გაეცნო სასურველ ავტორებს, წიგნებს, ინფორმაციებს. ახლა ამ ბიბლიოთეკის ნაწილი მეც ვარ და ეს მახარებს.

ამ დრომდე ვერსად ვახერხებდი მუშაობას, რადგან სამუშაო და სასწავლო გრაფიკს ერთმანეთთან ვერ ვათავსებდი. თუმცა ადამიანის მიზნები და შესაძლებლობები ინდივიდუალურია და ბევრი რამ მაინც უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული. მთავარია, გამოიყენო ყოველი შანსი, სტაჟირება (მე სამი თვე გავდიოდი სტაჟირებას). ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ თუ გიყვარს საქმე, რასაც აკეთებ, თუ სიამოვნებას განიჭებს და მთელს ძალისხმევას დებ, აუცილებლად დაგიფასდება.

სტუდენტებს აქტიურობას ვურჩევ, რადგან ესეც ამაღლებს მოტივაციას, რომელიც უმთავრესი და  გადამწყვეტია ამა თუ იმ საქმის კეთებისას. თავდაჯერებულები უნდა იყვნენ და ყოველი დღე მოახმარონ საკუთარ განვითარებასა და ცოდნის მიღებას.

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

ანა გელაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი ანა გელაშვილი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გარდა თეორიული ცოდნისა, დიდი პრაქტიკული გამოცდილება მომცა. ჩემი საინტერესო სტუდენტობა, შეიძლება ითქვას, სამ ეტაპად იყოფა.

ყველაფერი დაიწყო FESC-მომავალ ეკონომისტთა სტუდენტურ კლუბში გაწევრიანებით, შემდეგ კი მისი ხელმძღვანელობით. კლუბი ჩემთვის მენეჯმენტის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების კარგი საშუალება გახდა.

შემდეგ პირველი სამსახური დავიწყე. უნივერსიტეტს ამაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა. იმ კომპანიის დირექტორი, რომელშიც ვმუშაობ, ჩვენთან კითხულობდა ლექციებს სოციალური-მედია მარკეტინგის თემაზე. საგანი კარგად ჩავაბარე და შემომთავაზა, მის კომპანიაში სოციალური მედიამენეჯერის ვაკანსიაზე გასაუბრება გამევლო. საცდელი დავალება კარგად დავძლიე და უკვე ერთ წელზე მეტია ვმუშაობ, როგორც სოციალური მედიამენეჯერი.
მესამე, ყველაზე საინტერესო, ეტაპი სტარტაპერობაა. ილიაუნი ამაშიც დამეხმარა. გავიარე Fablab Iliauni-ის 2d დიზაინის კურსი, სწავლისას დამებადა საფულის შექმნის იდეა. პირველი შეკერილი საფულე ისე მომეწონა, გადავწყვიტე სხვადასხვა დიზაინი მეცადა, საბოლოოდ კი ამან სერიოზული სახე მიიღო, დავიწყე ონლაინგაყიდვა და ჩამოყალიბდა ბრენდი Fully-ფული.

როგორც უკვე ვთქვი სოციალური მედიამენეჯერი ვარ. მუდმივად ვფიქრობ ახალ და კრეატიულ იდეებზე. გარდა ამისა, ვმუშაობ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გვერდებზე, რაც შემოქმედებითი პროცესია.
ამასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ სტრაპტერის ამპლუაში. მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ და ძალიან მიხარია,როდესაც მომხმარებელი აღფრთოვანებული რჩება. პროცესი, რასაც ჩემს ბრენდთან ერთად გავდივარ, სირთულეებით არის სავსე, მაგრამ მოტივაციას წარმოუდგენელი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია.

სამსახური ჩემთან თავისით მოვიდა. ილიაუნიში კლუბის ხელმძღვანელობისას ძალიან მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი. თუმცა მუშაობას ვერ დავიწყებდი უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნისა და უნარების გარეშე. იმისთვის, რომ სასურველი სამსახური ვიპოვოთ, აუცილებელია, მოვინდომოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და დამსაქმებელს დავანახოთ, ეს საქმიანობა ჩვენთვის რაოდენ მნიშვნელოვანია და ჩვენს ძლიერ მხარეებს გავუსვათ ხაზი.

სტუდენტებს ვურჩევ, იყვნენ აქტიურები, როგორც ლექციებზე, ასევე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. არასდროს ვიცით, სად და როდის გამოგვიჩნდება შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის. შეიძლება, ხშირად ჩვენს თავს ვერც ვხედავდეთ რომელიმე საქმეში, მაგრამ საკუთარი თავის გამოცდამ ბევრი დადებითი რამ მოგვიტანოს. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს Fablab Iliauni-ის სივრცე და არაერთი პრაქტიკული კურსი, რომლებიც საკუთარი თავისა და იდეების აღმოჩენაში გვეხმარება.

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

ევა ბოლქვაძე

ევა ბოლქვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულების) მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ევა ერთი სემესტრი ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია) ეუფლებოდა ევროპისმცოდნეობის პროგრამას.

,,წარმოიდგინეთ: ერთ დღეს იღვიძებ სრულიად სხვა სამყაროში და საკუთარ თავთან განმარტოვებული, იწყებ ძიებას, რისი გაკეთება შეგიძლია, ფაქტობრივად, თავიდან იწყებ საკუთარი თავის გაცნობას და აღმოჩენას. დგები სირთულეების წინაშე, ხარ მშობლის გარეშე, რომელიც ძალიან განებივრებდა, ამას ემატება ნოსტალგია, ენის ბარიერიც, სრულიად უცხო სისტემაში, უცხო ენაზე იწყებ სწავლას… მაგრამ ნელ-ნელა, ისე, რომ ვერც ხვდები,ირგვლივ მყოფნი შენი ოჯახის წევრებივით ხდებიან, ფიქრობ, როგორ გაგიჭირდება 5 თვის შემდეგ, როდესაც მათ გარეშე მოგიწევს ცხოვრება. იქ ყოფნისას საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალა, რომელიც ვერ წარმომედგინა, რომ მქონდა.

ილიაუნიმ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების სტუდენტი ვიყავი,  საშუალება მომცა,  იდენტური პროგრამის არარსებობის პირობებშიც კი მონაწილეობა მიმეღო ერასმუსის კონკურსში. ასე მოვხვდი ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა ავირჩიე კურსი, რომელიც ჩემს პროგრამასა და სამომავლო პროფესიასთან მაქსიმალურად არის დაკავშირებული.”

ერასმუსის პროგრამის წყალობით სულ სხვა სასწავლო პროცესის მონაწილე გავხდი, მივიღე განსხვავებული ცოდნა, ვისწავლე, როგორ ვიყო დამოუკიდებელი, ვისწავლე განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც იქ სხვადასხვა ქვეყნიდან მოიყარეს თავი.
თანდათან ხვდები, რომ გამოცდილება, რომელიც გიგროვდება საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში, დიდ გავლენას იქონიებს შენს პიროვნებად, იმ საქმის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, რომელიც აირჩიე.
რთულია ისაუბრო იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურად დაგროვდა ჩემს ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში. ფაქტია, რომ რეალობამ მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ერასმუსი ნამდვილად ყოფილა ცხოვრების ის ეტაპი, რომელიც, სასურველია, ყოველმა სტუდენტმა გაიაროს.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU 🌍

 

Share Button

სალომე მჭედლიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მიმართულების კურსდამთავრებული სალომე მჭედლიშვილი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

,,ილიაუნიში მიღებული ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში დამეხმარა. უნივერსიტეტში ბევრი კონკურსი ტარდებოდა, რომლებშიც გუნდურად ვმონაწილეობდით. აქ გამოვიმუშავე პრეზენტაციის ჩატარებისა და გუნდური მუშაობის უნარი, რაც ასე მნიშვნელოვანია კარირეული წინსვლისთვის.

ამჟამად პროფესიის შეცვლას ვაპირებ – მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ტურიზმის სფერო, მოგზაურობაც, გადავწყვიტე ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციო. როგორც მოყვარულ მხატვარს, ყოველთვის მაინტერესებდა დიზაინის სფერო, ამიტომ გრაფიკულ დიზაინს ვეუფლები და სტაჟირებას გავდივარ ერთ-ერთ გამომცემლობაში. პარალელურად ვმუშაობ adjaranet.com-ზე ფილმების სუბტიტრების თარჯიმნად.

2009 წელს, როცა ილიაუნიში ჩავაბარე, სტუდენტებს არ ჰქონდათ ისეთი პერსპექტივა, როგორიც ახლა აქვთ. სამსახურის მოძებნა გამოცდილების გარეშე ძალიან რთული იყო, ამიტომ ჩემი ცოდნა შემოსავლის წყაროდ ვაქციე. სწავლის პარალელურად მოსწავლეებს ინგლისურსა და მათემატიკაში ვამზადებდი.
პირველ კურსზე გუნდთან ერთად მონაწილეობა მივიღე პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკების კონკურსში და მესამე ადგილი ავიღეთ. დღემდე ვინახავ სერტიფიკატს და ილიაუნის საჩუქარს – „დაბრენდილ“ თერმოჭიქას. შემდეგ ზედიზედ ორჯერ ბიზნესქეისების კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენს გუნდს “Sunflower”-სი ერქვა. ორჯერვე მეორე ადგილი ავიღეთ. ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება ტურისტულ სააგენტო Discover Gerogia-ში მივიღე, სადაც სტაჟირება გავიარე.

მეოთხე კურსზე კი მიღებული სტიპენდიით  ვარშავის ბილეთი ვიყიდე და ტურიზმის დეპარტამენტის საზაფხულო სკოლაში მივიღე მონაწილეობა, რაც ჩემი საუკეთესო სტუდენტური წლების საუკეთესო დაგვირგვინება იყო. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა საკუთარი სტიპენდიით. გავიცანი პოლონელი სტუდენტები, მივიღე ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი დრო გავატარე.

2013 წელს სწავლა დავასრულე, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა კარგი სამსახურის პოვნა. 2014 წლის ნოემბერში ლატვიურ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, თავიდან – საწყის პოზიციაზე, თუმცა მალევე დამაწინაურეს და პერსონალის მენეჯერი გავხდი. კარგი გამოცდილება მივიღე „ლიდერშიფისა“ და პერსონალის მართვის კუთხით. 2017 წელს ამავე კომპანიაში მომსახურების ხარისხის მენეჯერი გავხდი, თუმცა მერე წამოსვლა გადავწყვიტე, რომ დრო ჩემთვის საინტერესო საქმიანობისთვის დამეთმო.

ახლა ვსწავლობ ჯიპაში რეკლამისა და გრაფიკული დიზაინის კურსზე, პარალელურად გავდივარ სტაჟირებას ამ მიმართულებით.
ბლოგერობითაც ვარ გატაცებული, ხანდახან საკუთარ თავგადასავლებზე ვწერ, სტატიებსაც ვთარგმნი. მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება, როგორც კი შანსი მეძლევა, სამოგზაუროდ მივდივარ თუნდაც მარტო, მარტო მოგზაურობა ჩემთვის ყველაზე საინტერესოა.”

Share Button

თინათინ ნაკაშიძე

 

თინათინ ნაკაშიძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების კურსდამთავრებული, ილიაუნის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის სტიპენდიატი, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილების შესახებ.

თინათინ ნაკაშიძე ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა University College UCC-ში (Professionshøjskolen UCC , კოპენჰაგენი, დანია) მასწავლებლის განათლების (Teacher Education) პროგრამაზე.

„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. რთული იმიტომ, რომ შენი მომავალი გარკვეულწილად დაკავშირებულია შენს არჩევანზე. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი სტუდენტობიდან დაიწყო, როცა სრულიად ახალ გარემო/ხალხში აღმოვჩნდი, ახალ სირთულეებსა და გამოწვევებში. საბედნიეროდ, ილიაუნიში საკმაოდ მეგობრული გარემო დამხვდა, რამაც გამიადვილა ახალ „ცხოვრებასთან“ შეგუება, მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში და, რაც მთავარია, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ – სწავლა დანიის ერთ-ერთი უმაღლეს სასწავლებელში.

სკანდინავიური განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი სისტემისაგან. გარდა თეორიული მომზადებისა, დიდი გამოცდილება მივიღე დანიის ერთ-ერთ სკოლაში გავლილი პრაქტიკით, როცა ერთი კვირით მოვირგე მასწავლებლის როლი. ვსწავლობდი სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ერთად, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას. რაც მთავარია, არ არსებობდა კონკურენცია, ქულები, ბარიერის გადალახვა. ლექტორები მაქსიმალურად გვიქმნიდნენ გარემოს, სადაც ყველა ორიენტირებული და მოტივირებული ვიყავით, გვესწავლა განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის, და არა ორნიშნა რიცხვის მისაღებად.

ახლა ვმუშაობ ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურში, სადაც Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობ, დავეხმარებო ახალბედა სტუდენტებს. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა მათთან ურთიერთობა, განსაკუთრებით – საბოლოოდ შერჩეულ სტუდენტთა ემოციების გაზიარება. ილიაუნის ყველა სტუდენტს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსები, აქტიურად ჩაერთონ პროექტებში, მიიღონ დიდი გამოცდილება და, რაც მთავარია, ინტერკულტურულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა. ვთვლი, რომ აკადემიური და პროფესიული თვალსაზრისით ჩემზე დიდი როლი ითამაშა ილიაუნიმ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევანის გაკეთების დროს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

ანა ზაქარაძე

ანა ზაქარაძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია. პარალელურად ის Georgian Service Group –2007-ის ინგლისურენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობს.

ვაკანსიის შესახებ ილიაუნის წლის დასაქმების ფორუმიდან შეიტყო, სადაც კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და თანამშრომლობაც შედგა.

ანა თავისი პირველი სამუშაო გამოცდილების შესახებ გვიყვება:

,,პირველი კურსიდანვე  ვიგებდი დასაქმების პროგრამების შესახებ როგორც უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტიდან, ასევე დასაქმების ფორუმებიდან.  ხშირად ვესწრებოდი შეხვედრებს სხვადასხვა წარმატებულ კომპანიასთან, ვეცნობოდი მათ მიდგომებს, სტრატეგიებს და, დაინტერესების შემთხვევაში, მათ იოლად ვუკავშირდებოდი.

ეს ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილებაა,  ამიტომ გადავწყვიტე,  ისეთ საქმიანობასთან დამეკავშირებინა, რომელიც ჩემს ინტერესებს უკავშირდებოდა და სამომავლოდაც დამეხმარებოდა განვითარებაში.

ამჟამად  ინგლისურეროვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ. ეს საქმიანობა მოითხოვს ინგლისური ენის სრულყოფილ ცოდნას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს და  დიდ პასუხისმგებლობას. ყოველდღიური ურთერთობა მაქვს საკმაოდ გამოცდილ, მცოდნე და მოტივირებულ გუნდთან, რომლის წევრებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. აქ ყოველთვის ფასდება თითოეული თანამშრომლის შრომა და მონდომება საერთო მიზნის მისაღწევად, რაც კომპანიას საკმაოდ დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

ჩემი აზრით, სტუდენტობის წლებში  საკმაოდ რთულია ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც, ერთი მხრივ,  ხელს შეგვიწყობს სწავლაში და, მეორე მხრივ,  დაგვეხმარება საჭირო უნარ-ჩვევების გავითარებაში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამსახურის ძიებისას მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა, შეუპოვრობა და სიახლეებთან მარტივად ადაპტირების უნარი. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკული გამოცდილება ბევრად უფრო საინტერესო და მრავლის მომცემია, ვიდრე მხოლოდ თეორიული ცოდნა.

სტუდენტებს ვურჩევ,  თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული დასაქმების შესაძლებლობები, რადგან ეს  გამოცდილება  ხელს შეუწყობს მათ არა მხოლოდ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, არამედ მისცემს შესაძლებლობას, იყვნენ ბევრად უფრო გამოცდილები, წამატებულები და მოთხოვნადები. ”

 

Share Button

ზურაბ შალამბერიძე

ზურაბ შალამბერიძე, ილიაუნის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული და “Silk Way Travel Georgia”-ს ტურიზმის მენეჯერი, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობდი ტურიზმის მიმართულებით. პროფესიით პირველი სამუშაო გამოცდილების მიღებაში უნივერსიტეტი დამეხმარა –  სტაჟირება გავიარე ტურისტულ კომპანიაში “Colours Tour Georgia “, რომელშიც  ამ სფეროში მუშაობის პრინციპებს გავეცანი. სტაჟირების პერიოდში დავიწყე ბლოგების წერა ტურიზმის თემაზე და გამიჩნდა იდეა, ჩემი სტატიები სხვადასხვა კომპანიისთვის შემეთავაზებინა  მათ გვერდებზე გამოსაქვეყნებლად.

სწორედ ამ დროს, როცა კომპანიაში “Silk Way Georgia” მივედი  ჩემი სტატიების მათ გვერდზე განთავსების შეთავაზებით, აღმოჩნდა, რომ ისინი  თანამშრომელს ეძებდნენ და სტაჟირება შემომთავაზეს, ხოლო შემდეგ სამსახურშიც ამიყვანეს, სადაც უნივერსიტეტის დამთავრებიდან  ვმუშაობ. თავიდან ვიყავი რიგითი ტუროპერატორიდა  შემომყვანი ტურების განხორციელებაზე ვმუშაობდი, ხოლო რამდენიმე თვეა,  ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე ვარ იმავე მიმართულებით. ჩემს მოვალეობაში შედის ტურების შედგენა, სასტუმროების დაჯავშნა, ტურპროდუქტების შექმნა, ინფოტურებზე დასწრება, უცხოელ პარტნიორებსადა ტურისტებთან ურთიერთობა, რაც მძენს ახალ ცოდნას და მეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

როგორც ყველა პერსპექტიულ სამსახურში, ტურიზმის სფეროშიც რთულია სასურველ პოზიციაზე დასაქმება. მაგრამ თუ გაქვს მოტივაცია, საკუთარი თავის რწმენა და ხარ შრომისმოყვარე, ნებისმიერ სფეროში შესაძლებელია თავის დამკვიდრება. მთავარია,  შენს პოტენციურ დამსაქმებელს აჩვენო, რომ შეგიძლია საქმე კარგად და მონდომებით აკეთო. ასევე უნდა იყო გულწრფელი მათ მიმართ. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ყველგან სასურველი თანამშრომლები,  საწყის ეტაპზე  გამოცდილებაც რომ არ ჰქონდეთ.

სტუდენტისთვის, როგორც ყველასთვის, აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა და მკაფიო მიზანი, ვინ გინდა იყო და რისი მიღწევა გსურს ცხოვრებაში. ამასთან თუ პრინციპული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარე ხარ, ნებისმიერი მიზანი რეალობად იქცევა. ”

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

ნინო სიხარულიძე

ნინო სიხარულიძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით გადმოვედი. მეგობართან ერთად ,,შთას” (შესავალი თანამედროვე აზროვნებაში) ვმეცადინეობდი, როცა არგუსზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის შესახებ განცხადება ვნახე. იმედი არ მქონდა,  რომ სხვა კონკურენტუნარიან სტუდენტებს შორის მე შემარჩევდნენ, ამიტომ მონაწილეობაზე თავიდან უარი ვთქვი. მაგრამ  მეგობარმა არ მომცა საშუალება, კონკურსს გამოვთიშოდი. 15 წუთით მარტო დამტოვა და მთხოვა, საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემედგინა. მაშინ პირველად დავგუგლე „როგორ შევადგინოთ რეზიუმე“. განაცხადი გავგზავნე და რამდენიმე დღეში  ელფოსტაზე პასუხიც მივიღე –  გასაუბრებაზე მიბარებდნენ. გასაუბრებაზე  აღმოჩნდა, რომ აპლიკანტებიდან უპირატესობას ანიჭებდნენ მათ, ვინც ელფოსტას ყოველდღიურად ამოწმებდა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. წარმოგიდგენიათ, როგორ გამიმართლა?!

ფაკულტეტის შემდეგ სტაჟირება გავიარე სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, რომელიც მაშინ რეორგანიზაციას გადიოდა, აფართოებდა საქმიანობის სფეროს. აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომელთაც დეპარტამენტი ახორციელებდა. სტაჟირების დასრულების შემდეგ ჩემმა ხელმძღვანელმა სრული შტატით დასაქმება შემომთავაზა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.

ამის შემდეგ დაიწყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს კარიერაში. 5 წლის განმავლობაში ილიაუნიში სხვადასხვა პოზიციაზე მომიწია მუშაობა.. ახლა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი მიმართულების –  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სერვისების – კოორდინატორი ვარ. ყოველდღიურად მიწევს სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან ურთიერთობა, რომლებიც ერთმანეთს ეძებენ, და ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტობის დროს ინფორმირებული იყო იმ სერვისების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი გვთავაზობს.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სტუდენტებს ვურჩევ, ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი, უკეთესად დაუკვირდნენ თავიანთ  სურვილებს, მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე და არასოდეს გადაწყვიტონ ერთპიროვნულად, რომ შანსი არ აქვთ, რადგან შანსი ყოველთვის არსებობს მათთვის, ვინც შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებს.“

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button