თემურ ზოიძე ილიაუნისა და ონლაინგამოცემა On.ge-ს საერთო ჟურნალისტური პროექტის, „რჩეულის“ პირველი ნაკადის სტიპენდიატია.
პროექტი იმ სტუდენტებისთვისაა გამიზნული, რომლებსაც ჟურნალისტიკაში პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება და ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებთან ექვსთვიანი თანამშრომლობა სურთ.
თემური იხსენებს, როგორ გადაწყვიტა, პროექტის მონაწილეთა ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მიეღო მონაწილეობა.
„ახალ გამოწვევებს ყოველთვის მეტისმეტი სიფრთხილით ვეკიდები და მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები არასდროსაა საკმარისი. ამავე მიზეზით, როცა მეოთხე კურსზე „რჩეულის“ შესახებ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტით დავინტერესდი, მონაწილეობის მიღებას ვერ ვბედავდი. საბოლოოდ, მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და მიღებული გამოცდილება დამეხმარა იმის უკეთ გააზრებაში, რომ საკუთარ თავს ხშირად საჭიროზე მეტ დაბრკოლებას ვუქმნიდი ისევე, როგორც სხვა ბევრი სტუდენტი, რომელიც ცხოვრების პირისპირ პირველად აღმოჩნდება მარტო“.
თემური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. პროექტის დასრულების მერე მან On.ge-ში კულტურის მიმართულებით განაგრძო ჟურნალისტად მუშაობა, სულ ცოტა ხნის წინ კი სწორედ „რჩეულის“ პროექტის თანარედაქტორი გახდა. ამის შესახებ ის აღნიშნავს: „ეს ამბავი მთელი ამ განვლილი გზის საუკეთესო დაგვირგვინებაა, რადგან ახლა მე ვეცდები რედაქტორის ამპლუაში დავეხმარო სხვა სტუდენტებს, თარგმანისა და ჟურნალისტიკის სამყაროში საკუთარი თავი რომ აღმოაჩინონ“.
„რჩეულის“ პროექტში სტუდენტთა ახალი ნაკადის მისაღებად კონკურსი ახლაც მიმდინარეობს. დაინტერესების შემთხვევაში ილიაუნელებს მასში ჩართვა 10 ნოემბრამდე შეუძლიათ.
ვრცლად კონკურსის შესახებ: https://cutt.ly/CgWZGHr