გიგი სარჯველაძე

გიგი სარჯველაძე, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია  „ჯეპრაში“ გადის სტაჟირებას.

გიგი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:
 
,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტის მიმართულებით ვსწავლობ. სწავლის დაწყებიდანვე აქტიურად ვარ ჩართული სამსახურის ძიებისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში. ამ მხრივ უნივერსიტეტმა ბევრი შესაძლებლობა მომცა. თავდაპირველად სტაჟირება გავიარე ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში. საუნივერსიტეტო მეილით მივიღე ინფორმაცია, რომ კონკურსი ცხადდებოდა და განაცხადი გავაკეთე. მეორე კურსზე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის ფარგლებში ჩემსა და Adjara Group Hospitality-ს შორის შედგა წარმატებული თანამშრომლობა და მუშაობა დავიწყე ,,ფაბრიკაში, სადაც სტუდენტური გრაფიკით ვმუშაობდი და საშუალება მქონდა, სწავლის საფასური ჩემი ხელფასით გადამეხადა. ამ სამსახურის მეშვეობით ბევრი ახალი ნაცნობი და დიდი გამოცდილება დავაგროვე.
შემდეგ კვლავ ილიაუნის დასაქმების ფორუმში მივიღე მონაწილეობა. ფორუმის მონაწილე რამდენიმე კომპანიას გავესაუბრე და შედეგად მოვხვდი პიარისა და მარკეტინგული კომპანია „ჯეპრას“ სტაჟიორთა რამდენიმე ეტაპიან შესარჩევ კონკურსში. კონკურსი წარმატებით გავიარე და ახლა საშუალება მაქვს, ჩემი პროფესიით პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება შევიძინო პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობით. ჩართული ვარ რამდენიმე საინტერესო და საკმაოდ მასშტაბურ პროექტში.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესიით დასაქმება საკმაოდ რთულია, თუ არ გაგაჩნია სამუშაო გამოცდილება. ამიტომ დავიწყე სტაჟირებით, რაც საშუალებას მომცემს, დაგროვებული გამოცდილება სამომავლოდ გამოვიყენო.
 
სტუდენტებს ვურჩევ, რომ სტუდენტობის პერიოდი მოახმარონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვონ და აუცილებლად გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ წინსვლას. ”
Share Button