თაკო წულაია – Eberhard Karls Universität Tübingen, გერმანია

მე ვარ თაკო წულაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ ოთხი წლის წინ, როცა აქ გადავწყვიტე სწავლის დაწყება, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც არაფერია მხატვრულ ლიტერატურაზე უფრო საინტერესო, ეს პროგრამა საუკეთესო არჩევანია.

ერასმუსის ჯადოსნურ თავგადასავალში გასულ წელს მოვხვდი – რამდენიმე თვის წინ ჩამოვედი ტიუბინგენში სასწავლებლად. Eberhard Karls Universität Tübingen – ასე ჰქვია უნივერსიტეტს, რომელსაც დაახლოებით ხუთასწლიანი ისტორია აქვს და მდებარეობს ქალაქში, რომლის დატოვებაც ჩემთვის იმაზე ბევრად უფრო ძნელი და სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩამოსვლამდე წარმოვიდგენდი.

ტიუბინგენი სტუდენტების ქალაქია – ცოცხალი, ფერადი, მხიარული. აქ სულ რაღაც ხდება: ხან თეატრალური წარმოდგენები იმართება, ხან საჯარო ლექციები, ხან სიმფონიური მუსიკის კონცერტი. ერთ ვიწრო ქუჩაზე წიგნების იმ მაღაზიასაც კი წააწყდები, სადაც ჰერმან ჰესეს უმუშავია ოდესღაც. რაც მთავარია, ტიუბინგენი მხოლოდ გერმანელი სტუდენტების ქალაქი არ არის: აქ სასწავლებლად თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან სტუდენტები და თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში. მეც, როცა სამოგზაუროდ მივდიოდი, ტიუბინგენსა და საერთო საცხოვრებელზე, სადაც ერთი პატარა ოთახი მერგო, ისე ვფიქრობდი, როგორც სახლზე, სადაც დაბრუნება მიხარია.

თუმცა, მთავარი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტია, რომელზე ფიქრისას, პირველ ყოვლისა, რამდენიმესართულიანი ბიბლიოთეკა მახსენდება, სადაც უზარმაზარ თაროებს შორის მარტო დავდიოდი და აუჩქარებლად ვათვალიერებდი წიგნებს. ილიაუნისგან განსხვავებით, იქ ბიბლიოთეკარი შენ ნაცვლად არ ეძებს წიგნებს. ყველაფერს თავად აკეთებ და თუ ნატვრაა, ვისურვებდი, რომ აქაც მსგავსად ფუნქციონირებდეს ბიბლიოთეკა. 

თავიდან ვღელავდი, მაგრამ პირველივე სალექციო კვირის დასრულებისას მივხვდი, რომ სულ ტყუილად. ლექტორები ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ, ლექციების თემატიკა კი ისეთი საინტერესო იყო, სალექციო დროის დასრულებისას ძალიან გვიჭირდა ხოლმე დისკუსიების შეწყვეტა. როგორც ილიაუნიში, აქაც მთავარი ტექსტების განხილვა, მსჯელობა და ინტერპრეტირება იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ავტორების დიდი ნაწილი, რომლებსაც აქ ვკითხულობდი, საქართველოში, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს (უმრავლესობა თარგმნილი არც არის). ახალი, შთამბეჭდავი ავტორების აღმოჩენაზე დიდი სიხარული კი ცოტა რამეა ლიტერატურის მოყვარულთათვის.

კვირიდან კვირამდე განსაკუთრებით ველოდი შემოქმედებითი წერის კურსებს, რომლებსაც პოეტი, კრიტიკოსი და რედაქტორი, ჯონ კინსელა უძღვებოდა. დიდი ხანია, ვწერ, მაგრამ ამ კურსების ფარგლებში ახალ ტექსტებზე მუშაობა, მათი რედაქტირება და განხილვა სრულიად ახალი და ძალიან სასარგებლო გამოცდილება იყო ჩემთვის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არა მხოლოდ პროფესიულად გავიზარდე, არამედ გავიზარდე და შევიცვალე როგორც ავტორიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებსაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში შევხვდი – აქედან წასვლის გაძნელება მათი დიდი დამსახურებაცაა. ერასმუსის იდეის საუკეთესო რეპრეზენტაციად, მგონია, რომ ჩემი მეგობრის დაბადების დღე გამოდგება – ამ დღის აღსანიშნავად რესტორანში შევიკრიბეთ და ერთ მაგიდასთან რვა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი ვისხედით. თან, მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა, არც სალაპარაკო გამოგვლევია და არც რამე სირთულე გვიგრძნია ერთმანეთთან ურთიერთობისას. ქართველ, იტალიელ, შვედ, ფრანგ, ამერიკელ თუ გერმანელ სტუდენტებს, საბოლოო ჯამში, მაინც ერთი და იგივე ფილმები, წიგნები და მუსიკოსები გვიყვარს.

ერასმუსის ჯადოსნურობის მიზეზი ისიც არის, რომ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მომეცა. ვნახე საფრანგეთის, შვეიცარიის, სლოვენიის, ხორვატიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ქალაქები და გზად შევხვდი უამრავ დასამახსოვრებელ ადამიანს. როგორც უკვე ვახსენე, ვწერ, ამიტომ ჩემი მომავალი ტექსტებისთვის ასეთი გამოცდილებები შეუფასებელია.

უამრავი მოგონებიდან რომელიმეს გამორჩევა ძნელია, მაგრამ ყველა მშვენიერ ამბავს შორის ერთი მაინც განსაკუთრებით სასიამოვნოდ გასახსენებელია: ჩემმა სლოვენიელმა მეგობარმა შობისა და ახალი წლის სლოვენიაში, თავის ოჯახთან ერთად აღნიშვნა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს და ავტობუსით თითქმის ათსაათიანი, დამღლელი მგზავრობის შემდეგ ულამაზეს ქალაქში ჩავედი, რომელიც ხორვატიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ჩემი მეგობარი საეკლესიო გუნდში მღეროდა, ამიტომ 2023 წლის ბოლო დღეები მეც გუნდის რეპეტიციებზე გავატარე, მუსიკითა და საახალწლოდ მორთული ეკლესიის სილამაზით მოხიბლულმა. შობის ღამეს გუნდი ერთ პატარა სოფელს ესტუმრა, სადაც საშობაო წარმოდგენა გაიმართა. არ ვიცი, რამ უნდა დამავიწყოს, რომ ვიდექი სიბნელეში და ვუყურებდი, როგორ ამოდიოდა ხალხი, ფანრებით ხელში, სოფლიდან ძველ ციხესიმაგრეში, გუნდის სიმღერების მოსასმენად. თითქოს ზუსტად ისე, როგორც „სამოსელი პირველის“ ერთ ეპიზოდში („ხალხი მოდიოდა!“).

მაგრამ ყველაფერი მარტივი არ ყოფილა. ჯერჯერობით მგონია, რომ დღე, როცა ტიუბინგენში ჩამოვედი, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღე იყო. უზარმაზარი, უმძიმესი ჩანთებით ცარიელ მატარებლების სადგურებში ვიდექი, დაბნეული, ნახევრად გაყინული, შეშინებული და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ასეთი გრძელი გზის გამოვლა ღირდა. მით უმეტეს არ ვიყავი დარწმუნებული, ვიყავი თუ არა მზად. მაშინ ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ აქ გატარებულმა რამდენიმე თვემ, დამოუკიდებელმა ცხოვრებამ, მოგზაურობამ – ყველაფერმა ერთად ძალიან შემცვალა და თუ მანამ თბილისშიც სულ ადვილად ვიკარგებოდი, ახლა ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობასაც უშიშრად ვგეგმავ.

ამიტომ, თუ ამ ტექსტს კითხულობს სტუდენტი, რომელსაც ეშინია, რომელიც ყოყმანობს და არ იცის, როგორ მოიქცეს, ვურჩევდი, რომ აუცილებლად სცადოს ბედი. თუ შიშებსა და ღელვას ვერ დაძლევს, მაგ მღელვარებასა და შიშებთან ერთად წამოვიდეს სასწავლებლად. 

 

Facebook
Twitter
LinkedIn