თამარ ბექაური

თამარ ბექაური, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.
 
თამარი ერთი სემესტრით იმყოფება ტუშას უნივერსიტეტში Università degli Studi della Tuscia (იტალია), სადაც ეუფლება DIEM (ბიზნესის ადმინისტრირების) პროგრამას.
 
“საზღვარგარეთ სწავლა ყოველთვის ძალიან რთულ გამოწვევად მიმაჩნდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვცადე კონკურსში მონაწილეობა. მჯეროდა, რომ მეც მომეცემოდა ამის შანსი.
აპლიკაცია მხოლოდ ტუშას უნივერსიტეტში გავგზავნე, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდგომ კი დადებითი პასუხი მივიღე მიმღები უნივერსიტეტიდან, სადაც სექტემბრიდან ვსწავლობ.
 
ზოგადად გამოცდილება, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლისას იღებ, მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებით არ შემოიფარგლება. აქ სწავლობ განსხვავებულ ენას, კულტურასა და ქცევებს.
გარდა იმისა, რომ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, სხვა ქვეყანაში სწავლა დამატებით პასუხისმგელობას გმატებს, რადგან აქ წარმოადგენ შენს ქვეყანასა და შენს უნივერსიტეტს.
 
პირადად მე პირველად მომიწია საზღვარგარეთ ამდენი ხნით ყოფნა. ახალ გარემოში იძენ ახალ მეგობრებს, სწავლობ სხვა ქვეყნის კულტურას, ცდილობ ფეხი აუწყო ახალი ცხოვრების სტილს. სწავლობ დამოუკიდებლობას, გამოწვევებთან გამკლავებას, გადაწყვეტილებების მიღებას, გიჩნდება უფრო მეტი პასუხისმგებლობა, გიწევს დრო სწორად გადაანაწილო, რომ დრო სწავლისა და კულტურის შეცნობისთვის ერთნაირად სასარგებლოდ გამოიყენო.
ჩემთვის ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესია და მინდა, რომ მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი, სასწავლო პროცესი ძალიან საინტერესოა, მომწონს გარემო, სადაც სტუდენტები სწავლაზე ორიენტირებულნი არიან და საკმაოდ კონკურენტულ გარემოს ქმნიან.
რომ შევაჯამო, ასეთი გაცვლითი პროგრამები ნამდვილად უდიდესი შანსია ჩვენთვის, რომ გავიღრმავოთ პროფესიული თუ პიროვნული უნარები, გავიცნოთ ახალი კულტურა, მივიღოთ ახალი გამოცდილება, რაც ჩვენთვისაც და უნივერსიტეტისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ნამდვილად დასაფასებელია, რომ ილიაუნი გვაძლევს ასეთ შესაძლებლობას და გვეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში.”
#WeAreIliauni #ErasmusPlusISU 🌍
 
 
Share Button