თამარ ხუციშვილი

თამარ ხუციშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (მენეჯმენტის მიმართულებით) მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

თამარი ერთი სემესტრი ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (იენა, გერმანია) სწავლობდა ეკონომიკის მიმართულებით.

გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და ყველაზე მეტად გერმანიაში სწავლის გაგრძელება მინდოდა. ქალაქიც შერჩეული მქონდა, უნივერსიტეტიცა და ფაკულტეტიც. ჩემი მიზანი ბევრს არარეალურად ეჩვენებოდა, თუმცა მჯეროდა, რომ ყველაფერი ჩემს ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული. სკოლის დამამთავრებელი კლასი იმაზე ფიქრში გავატარე, რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა რომ მქონოდა. ესეც იყო ილიაუნიში ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი და მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ბევრი არაფერი ვიცოდი უნივერსიტეტის შესახებ, მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში: „შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ“ და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საინტერესო ცხოვრება ნამდვილად ილიაუნიში დაიწყო.

პირველი შესაძლებლობისთანავე მივიღე მონაწილეობა Erasmus-ის გაცვლით პროგრამაში და დადებითი პასუხიც მივიღე. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით ვსწავლობდი ერთი სემესტრი. სწავლა საკმაოდ რთული იყო, თუმცა ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხანა იყო უამრავი სიახლით, თავგადასავლითა და საინტერესო მოგონებებით სავსე. ამ პერიოდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს არა მხოლოდ კარიერულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში და ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა. გირჩევთ, არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, რადგან ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია დიდი სურვილისა და შრომის შედეგად.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

 

Share Button