თათია მარაული

თათია მარაული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სოციოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯ UCC-ის (დანია) სოციოლოგიის გაცვლითი პროგრამის მონაწილე

მეოთხე კურსის პირველ სემესტრში გაცვლითი პროგრამით კოპენჰაგენში, დანიაში, ვიყავი წასული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიას ვსწავლობ, თუმცა დანიაში თავისუფალი კრედიტები გამოვიყენე და  3 საგანი გავიარე მასწავლებლის პროფესიის პროგრამიდან, რაც საკმაოდ საინტერესო იყო.

დანიაში გატარებული 5 თვე  დაუვიწყარი იყო ემოციებით, სირთულეებით, გამოცდილებით, ადამიანებით, მრავალფეროვნებითა და სიახლეებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეძლოს  თვითგანვითარება, ეს პროგრამა კი ამაში დამეხმარა. მომცა შესაძლებლობა საზღვარგარეთ სწავლისა, დამოუკიდებლობისა, სტუდენტურ სამსახურში მუშაობის და ასევე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისა. 5 თვე ვიყავი  სრულიად სხვა სამყაროში, სადაც მხოლოდ ჩემი თავის იმედი მქონდა. ამის შემდეგ კი სიამაყე ვიგრძენი, რადგან დამოუკიდევლად ბევრი რამის გაკეთება შევძელი.

დანიაში სწავლა სრულდებოდა დეკემბერში, საშობაოდ. უნივერსიტეტში გაიმართა საშობაო კონცერტი, რომელშიც  ჩემს დანიელ და სხვა უცხოელ  სტუდენტებთან ერთად ვმონაწილეობდი -ლამაზად მორთულ სცენაზე ყველანი ერთად ვმღეროდით დანიურ სიმღერას (რომლის ტექსტიც ნახევარზე მეტს არ გვესმოდა). არ დამავიწყდება ის სიმშვიდის განცდა. მეამაყებოდა, რომ ყველაფრის გადალახვა შევძელი, სწავლაც წარმატებით დავამთავრე, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, თან თითქოს იქაურობის ნაწილი ვიყავი.

ეს  შესაძლებლობა  ყველამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს და არ შეუშინდეს გამოწვევებს.

Share Button