თათია რუსიშვილი

სკოლაში გატარებული წლების დიდი ნაწილი ჩემი მომავლის დაგეგმვაში გავატარე – ყოველ დღეს, სახლიდან სკოლისაკენ მიმავალ და უკან მომავალ გზაზე მეფიქრებოდა იმ დღეზე, როდესაც განათლების მისაღებად სხვა, ჩემთვის აქამდე უცნობ ქვეყანაში წავიდოდი და სრულიად ახალ გარემოში განვაგრძობდი განვითარებას. ეს ფიქრები მიღვივებდნენ შრომისმოყვარეობის უნარსა და ძალას საიმისოდ, რომ ყოველდღიური გამოწვევები დამეძლია და ამით ჩემი ოცნებისაკენ ერთი პატარა ნაბიჯი გადამედგა.

თუმცაღა, განსხვავებით მონდომებისაგან, დანამდვილებით მაკლდა რწმენა იმისა, რომ ეს მოვლენა ჩემი ფუჭი ოცნება კი არა, რეალური, მიღწევადი მიზანი გახლდათ. ცხოვრების სწორედ ამ ეტაპზე აღმოვაჩინე პროგრამა Erasmus+, რომლის ხელშეწყობითაც დღეს ამ წერილს შვედეთიდან, ოფიციალურად უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსით ვწერ. გაცვლითი სემესტრი ჯერ არ ამოწურულა, თუმცა მაინც აშკარაა ის, თუ რამდენად ცვლის პიროვნებას საზღვარგარეთ განათლების მიღების გამოცდილება – აქ მყარდება შენი დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. აქ სწავლობ გამოწვევების პოზიტიურად აღქმასა და, პრობლემებთან ერთად, მათ დამოუკიდებლად გამკლავებას. აქ ვითარდები როგორც შენი საქმის პროფესიონალი და იზრდები როგორც პიროვნება, ხვდები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ათობით სტუდენტს და კულტურასთან ერთად მათივე ყოველდღიური ცხოვრების შესახებაც იტყობ შენთვის აქამდე უცნობ ფაქტებს.

აქ დრო მალე გადის – ერთ დღეს აქ ხარ, მეორე დღეს კი შთაბეჭდილებებით სავსე თავგადასავლის ბოლო დღე დგება, თუმცა რაოდენ სწრაფადაც არ უნდა გაიაროს დრომ, გაცვლითი პროგრამის სტუდენტის სტატუსით გატარებული პირველივე დღიდან დანამდვილებით იცი, რომ დაუღალავი შრომა, უამრავი დაღამებული დღე და გათენებული ღამე, ნამდვილად ღირდა ამ გამოცდილების მისაღებად. ამიტომ მინდა ეს მიმართვა ბევრმა სტუდენტმა, აბიტურიენტმა და, რაც მთავარია, სკოლის მოსწავლემ ნახოს. რადგან ისინი, ალბათ ისევე, როგორც მე წლების წინ, გულმოდგინედ ეძებენ ხელშეწყობასა და გზას ამ ცხოვრებისეული ნაბიჯის გადადგმისათვის.
სწორედ მათ გასაგონად ვამბობ, ოცნების რეალობად ქცევა შესაძლებელია, Erasmus+ სწორედ თქვენ მსგავს სტუდენტებს აძლევს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას!

Share Button