თინათინ გელაშვილი

ილიაუნიში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის მიმართულებით დავამთავრე. მე-4 კურსის შემოდგომის სემესტრი (2019 წელი) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვისწავლე კოპენჰაგენში, დანიის საუნივერსიტეტო კოლეჯში (University College Copenhagen), მასწავლებლის განათლების (Teacher Education) პროგრამაზე.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეს გავიღვიძებდი და სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდებოდი. ერასმუსმა სწორედ ეს შეძლო. ყოველთვის მაინტერესებდა სხვადასხვა კულტურა და ამ კულტურაში მცხოვრები ადამიანების განსხვავებულობა. ერთ დღესაც გადავწყვიტე საკუთარი თავი გამომეწვია და მონაწილეობა მიმეღო ერასმუსის გაცვლით პროგრამაში. პრიორიტეტი კი სკანდინავია იყო, რადგან 1. მათ მსოფლიოში აღიარებული და ყველასგან გამორჩეული განათლების სისტემა აქვთ და 2. ჩვენი კულტურისგან რადიკალურად განსხვავდება. არასდროს დამავიწყდება ის ბედნიერი წუთები, როდესაც ოფიციალური ჩარიცხვის წერილი მივიღე დანიიდან.

დანიაში ყოფნისას ბევრი რამ ვისწავლე. უპირველეს ყოვლისა, დაიმსხვრა სტერეოტიპები სკანდინავიელებზე. პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ ეს იყო სიყვარულით და ბედნიერებით სავსე ქვეყანა. საუნივერსიტეტო გარემოც აქ იმდენად არაფორმალურია, რომ თითოეული ლექტორი თუ აკადემიური პერსონალი საკუთარ მეგობრად მიგაჩნია. ეს კი მნიშვნელოვნად გეხმარება ადაპტაციის პროცესში, როდესაც შენთვის სრულიად უცხო და განსხვავებულ გარემოში ცხოვრობ. რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესი რადიკალურად განსხვავებული იყო ქართული მოდელისგან. აქ სწავლის პერიოდში ვფიქრობ, მეტად შემოქმედებითი და თავისუფალი გავხდი. ასევე მივიღე პრაქტიკული გამოცდილება დანიის ერთ-ერთ სკოლაში. არასდროს დამავიწყდება ის სიყვარული, რომელიც ბავშვებისა და მასწავლებლებისგან მოდიოდა. არც მათი გაკვირვება, როდესაც იგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავით და არც ჩვენი გაოცება,, როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ ქუთაისში მოგზაურობის შესახებ მოგვიყვა.

დანიაში სწავლის პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრებამ სულ სხვა თვალით დამანახვა სამყარო. უამრავი მეგობარი შევიძინე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გავეცანი მრავალ კულტურას და თავადაც შევეცადე გამეცნო სხვებისთვის საქართველო. ერასმუსის ამ პროგრამამ საშუალება მომცა განვვითარებულიყავი და გავზრდილიყავი როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. მომავალ ,,ერასმუსელებს” გირჩევთ, აუცილებლად გადადგათ ეს ნაბიჯი და გააღოთ შესაძლებლობებით სავსე კარი. შრომითა და მონდომებით აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

Share Button