ზურა ცირამუა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან MBA-ზე სწავლის გაგრძელების შემდეგ  გაცვლითი პროგრამით უფსალის უნივერსიტეტში მოვხვდი. უფსალის უნივერსიტეტი რეიტინგით საუკეთესოა შვედეთში და მსოფლიოს ტოპ ასეულიდან ერთ-ერთია.

იქ სწავლის პერიოდში ვმუშაობდი ბევრ სხვადასხვა სამსახურში, ბევრ პროექტსა და სტარტაპზე, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ის გამოცდილება, რაც გაცვლითი პროგრამით დავაგროვე, ძალიან დამეხმარება მომავალში, როგორც კარიერულ წინსვლაში, ისე პიროვნულადაც.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი 4 საგანს: გლობალურ ფირმას, საერთაშორისო ბიზნესს, ბიზნესის კვლევის მეცნიერულ მეთოდებს, ბიზნესანალიზსა და მენეჯერულ გადაწყვეტილებებს. თითოეული საგნის ლექტორები  ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ. ლექციებს მეტწილად გვიკითხავდნენ სხვადასხვა წიგნებისა თუ პუბლიკაციების ავტორები.

სიმართლე გითხრათ  ალბათ მსგავსება ჩვენს განათლების სისტემასთან მინიმალურია.

ორ მთავარ განსხვავებას გამოვყოფ: ჩვენთან საგნებს ირჩევ და მთელი სემესტრის განმავლობაში სწავლობ, შვედეთში იღებ გარკვეული რაოდენობის საგნებს და სწავლობ რაღაც პერიოდის განმავლობაში, ერთის დასრულების შემდეგ მოდის მეორე საგნის დრო და ა.შ.

ერთ საგანს ერთი ლექტორი არ გიკითხავს. თემების მიხედვით იცვლებიან ლექტორები. მგონია, რომ ეს უზრუნველოფს სწავლის მაღალ ხარისხს, რადგან თითოეულ თემას, საკითხს, ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროფესიონალთან გადიხარ.

ასევე განსხვავებულია შეფასების სისტემა, ჩვენთან თუ 100- ქულიანია შეფასება, იქ რეალურად მხოლოდ 3 შეფასებაა: ჩაჭრა, ჩაბარება და წარჩინებით ჩაბარება. შესაბამისად არავინ ან ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს მხოლოდ ქულებისთვის “დაზუთხვას”, რაც ჩვენთან ხშირია,  უფრო რეალური ცოდნისთვის სწავლობენ.

სწავლა  რთულია, მაგრამ შეგიძლია ჩაჭრის შემთხვევაში  ორჯერ, სამჯერ ხელახლა ჩააბარო. მთელი სისტემა ისე აწყობილი, რომ ცოდნა მიიღო და საგნის ჩაბარება შეძლო. ასევე განსხვავებულია სტუდენტების დონეც, რაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

უფსალის უნივერსიტეტში სტუდენტი  დავალებებს აუცილებლად წერს, აუცილებლად სწავლობს,  მთავარი საკითხია, რამდენად კარგად გამოსდის ეს, რამდენად პროდუქტიულია,  უნარიანი, ნებისყოფიანი და შეუძლია თუ არა წნეხს გაუძლოს. სტუდენტს ყოველდღე დაახლოებით 70 – 80 გვერდი მაინც აქვს წასაკითხი.

ყველაზე საინტერესო საგანს Business Analysis and Managerial Action ერქვა – ბიზნესის ანალიზი და მენეჯერული გადაწყვეტილებები.   ღრმად გავიარეთ ადამიანის გადაწყვეტილებების მიზეზები. გვიწევდა უამრავის სტატიისაა და მასალის წაკითხვა და საგნის სიღრმისეულად შესწავლა.

გარდა სწავლისა, ჩემი გამოცდილება გამორჩეული იმ ადამიანებმა გახადა, რომლებთანაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დავმეგობრდი. 12-13 ადამიანი პრაქტიკულად ოჯახივით ვცხოვრობდით, დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთ ნაცნობობას – გოგო, რომელიც გავიცანი წვეულებაზე.  მისმა საქციელმა ერთდროულად გამაკვირვა და გამახარა. მისი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ სამსახურის გამო, ამიტომ  მასაც ხშირად უწევდა საქართველოში ყოფნა და თავს უფრო ქართველად თვლიდა, ვიდრე შვედად, საქართველოს ისტორიას იდეალურად იცნობდა. შვედეთში ასეთი ადამიანის ნახვა ნამდვილად  სასიამოვნო იყო.

ყველა სტუდენტს ვურჩევ, რომ ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს გაცვლითი პროგრამების სახით, აუცილებლად გამოიყენოს. თუ სხვანაირად არ გამოდის, მიატოვეთ სამსახური, უარი თქვით კომფორტზე და აუცილებლად წადით.  არაფრის შეგეშინდეთ.  უმეტეს შემთხვევაში გაცვლითი პროგრამა ცხოვრებაში  საუკეთესო, განუმეორებელ მოგონებებს ტოვებს და გამოცდილებას გვძენს. უკან სხვა ადამიანი დაბრუნდებით, უფრო თავდაჯერებული, საკუთარ თავში  დარწმუნებული, პიროვნულად გაზრდილი, უამრავი მოგონებითა და მეგობრით სავსე და ეს თქვენ ცხოვრებაში წარმატებას მოიტანს.

Share Button