ზურაბ შალამბერიძე

ზურაბ შალამბერიძე, ილიაუნის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული და “Silk Way Travel Georgia”-ს ტურიზმის მენეჯერი, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობდი ტურიზმის მიმართულებით. პროფესიით პირველი სამუშაო გამოცდილების მიღებაში უნივერსიტეტი დამეხმარა –  სტაჟირება გავიარე ტურისტულ კომპანიაში “Colours Tour Georgia “, რომელშიც  ამ სფეროში მუშაობის პრინციპებს გავეცანი. სტაჟირების პერიოდში დავიწყე ბლოგების წერა ტურიზმის თემაზე და გამიჩნდა იდეა, ჩემი სტატიები სხვადასხვა კომპანიისთვის შემეთავაზებინა  მათ გვერდებზე გამოსაქვეყნებლად.

სწორედ ამ დროს, როცა კომპანიაში “Silk Way Georgia” მივედი  ჩემი სტატიების მათ გვერდზე განთავსების შეთავაზებით, აღმოჩნდა, რომ ისინი  თანამშრომელს ეძებდნენ და სტაჟირება შემომთავაზეს, ხოლო შემდეგ სამსახურშიც ამიყვანეს, სადაც უნივერსიტეტის დამთავრებიდან  ვმუშაობ. თავიდან ვიყავი რიგითი ტუროპერატორიდა  შემომყვანი ტურების განხორციელებაზე ვმუშაობდი, ხოლო რამდენიმე თვეა,  ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე ვარ იმავე მიმართულებით. ჩემს მოვალეობაში შედის ტურების შედგენა, სასტუმროების დაჯავშნა, ტურპროდუქტების შექმნა, ინფოტურებზე დასწრება, უცხოელ პარტნიორებსადა ტურისტებთან ურთიერთობა, რაც მძენს ახალ ცოდნას და მეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

როგორც ყველა პერსპექტიულ სამსახურში, ტურიზმის სფეროშიც რთულია სასურველ პოზიციაზე დასაქმება. მაგრამ თუ გაქვს მოტივაცია, საკუთარი თავის რწმენა და ხარ შრომისმოყვარე, ნებისმიერ სფეროში შესაძლებელია თავის დამკვიდრება. მთავარია,  შენს პოტენციურ დამსაქმებელს აჩვენო, რომ შეგიძლია საქმე კარგად და მონდომებით აკეთო. ასევე უნდა იყო გულწრფელი მათ მიმართ. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ყველგან სასურველი თანამშრომლები,  საწყის ეტაპზე  გამოცდილებაც რომ არ ჰქონდეთ.

სტუდენტისთვის, როგორც ყველასთვის, აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა და მკაფიო მიზანი, ვინ გინდა იყო და რისი მიღწევა გსურს ცხოვრებაში. ამასთან თუ პრინციპული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარე ხარ, ნებისმიერი მიზანი რეალობად იქცევა. ”

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button