ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებული თამთა მურადაშვილი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:
მიყვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი მოხვედრის ისტორია. მაგისტრატურაზე სხვა უნივერსიტეტში ვსწავლობდი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიას და სტაჟირებების მოძიებას ვცდილობდი. რადგან ბაკალავრზე სწავლისას ყოველთვის მხიბლავდა ილიაუნის კომპეტენტური თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობა, გადავწყვიტე, ბედი მეც მეცადა. ილიაუნის ვებგვერდზე მოვიძიე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის საკონტაქტო ინფორმაცია და ყოველგვარი ვაკანსიის არსებობის გარეშე გავუგზავნე მეილი, მივწერე, როგორ მინდოდა „საკმაოდ კარგი თეორიული ცოდნით, პატარ-პატარა გამოცდილებებით და მოტივაციის დიდი დოზით” მათ სამსახურში სტაჟირება. მარი ბურდულმა, HR-ის უფროსმა, იმ კვირაშივე დამიბარა გასაუბრებაზე. 3-თვიანი სტაჟირების შემდეგ გავხდი HR-ის და იმ საოცარი სივრცის თანამშრომელი, სადაც პირველივე დღიდან მხოლოდ სიყვარულს და დაფასებას ვიღებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარი ბურდულმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა უდიდესი შანსი კომპეტენციების გამოვლენისა, რომლის გაღრმავებასაც ყოველდღე ვცდილობ.
სტუდენტებისთვის შესაძლოა ბუნდოვანი იყოს, რა ხდება იმ პატარა ოთახში, რასაც ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ჰქვია, რადგან არ გვაქვს მათთან სამსახურებრივად ურთიერთობა. ილიაუნის თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, მათთვის ცნობების, ბრძანებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში მათი დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, შიდასაუნივერსიტეტო კვლევების ჩატარება, თანამშრომელთან შესრულებული სამუშაოს შეფასებაში მონაწილეობა მცირე ნაწილია ილიაუნის ადამიანური რესურსების სამსახურის საქმიანობისა.
საქართველოში დასაქმება რთულია. სტუდენტობის დროს საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მიწევდა მუშაობა სწავლის საფასურის გადასახდელად. სანამ ილიაუნის გუნდის წევრი გავხვდებოდი, 3 წელი ვმუშაობდი მომსახურების სხვადასხვა სფეროში. წუთითაც არ მიფიქრია, რომ დროს ვკარგავდი, რადგან ყველანაირი საქმის შესრულებისას შეიძლება კომპეტენციების განვითარება. ჩემთვის, როგორც HR-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა და მათი შიდა სამზარეულოს გაცნობა. ისეთ კონკურენტულ გარემოში გვიწევს გზის გაკაფვა, რომ სპეციალიზაცია მხოლოდ ერთი, ვიწრო, მიმართულებით შესაძლოა, არ იყოს კარიერული განვითარების გარანტი, განსაკუთრებით ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
ხშირად მეკითხებიან, რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. წარმატება ყოველთვის მოვა, როდესაც ადამიანს საკუთარი საქმე უყვარს. ამასთან მთავარია შრომა და მუდმივი ზრუნვა განვითარებისთვის. როდესაც იცი, რაც გინდა, მიზნისკენ სწრაფვა გაცილებით მარტივია. დაისახეთ მიზანი და მიჰყევით მას. არ აქვს მნიშვნელობა, გელოდებიან თუ არა, ყველგან შეაღეთ კარი. ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ, მოტივირებულ ადამიანებს. მოინდომეთ და იშრომეთ, წარმატება აუცილებლად მოვა.