მე ალექსანდრე ვარ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებას შევისწავლი, ამჟამად ბაკალავრიატის მესამე კურსზე გახლავართ და დღესაც ისევე, როგორც სამი წლის წინ და უკვე აღარც კი მახსოვს როდიდან, გატაცებული ვარ პოლიტიკით, რომელსაც დავუკავშირე ჩემი თავი უნივერსიტეტში და რომელიც დიდი ხანია, მაძლევს მოტივაციას, ვისწავლო უფრო მეტი. უნივერსიტეტის არჩევაში არ შევმცდარვარ, ეს ადგილი მალევე გახდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი, ილიაუნიში სტაჟიორადაც მიმუშავია – ილიას უმაღლესი კვლევების ცენტრის წყალობით ჩემს სპეციალობას კიდევ უფრო დავუახლოვდი. ამჟამად Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობ გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, სპეციალობით – პოლიტიკის მეცნიერება.
სიტყვებით რთულია გადმოცემა იმისა, თუ რას ვგრძნობდი მაშინ, როცა მოცემულობად მივიღე, რომ სწავლას გერმანიაში, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებულ უნივერსიტეტში გავაგრძელებდი. სტუდენტისთვის ძნელად თუ მოიძებნება იმაზე აღმატებული გრძნობა, ვიდრე მომენტი, როცა აცნობიერებ, რომ თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ ნელი, მაგრამ თანმიმდევრული და გამოზომილი სვლა ფასდება და იმარჯვებ.
გავიმარჯვე, რადგან, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე დროის ათვლა, პირველი ნაბიჯები გადავდგი სრულიად დამოუკიდებელ ცხოვრებაში, რომელშიც საკუთარი თავი შენვე გაბარია და ყველა ნაბიჯზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად ხარ. გაცვლითმა პროგრამამ ჩემს წინ უსაზღვრო ჰორიზონტი გაშალა და დამანახა, რომ მთავარია ვირწმუნო ჩემი შესაძლებლობების და ყოველთვის პატივი ვცე იმ ღირებულებებს, რომლებიც დასახულ მიზნამდე მიმიყვანს – ესენია სიმტკიცე და მუხლჩაუხრელი შრომა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. დარწმუნებული ვარ, პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება იქნება საფუძველი ჩემი მომავალი ქმედებებისა და წარმატებებისა.
სწავლას დავუთმე ყველაზე დიდი დრო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და შემიძლია ვთქვა, რომ ილიაუნისა და ბრემენის უნივერსიტეტს შორის ბევრი მსგავსებაცაა. ამ უნივერსიტეტის სწავლების ხარისხში ეჭვი არც აქამდე მეპარებოდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ მისი სტანდარტები ნამდვილად არ ჩამოუვარდება ჩემი ამჟამინდელი უნივერსიტეტისას. ჩემი სტუდენტობის პერიოდში გენდერის კვლევებმა და მისმა პოლიტიკასთან ურთიერთმიმართებამ ჩემში იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ ილიაუნიში რამდენიმე საგანიც კი გავიარე და ახლაც ვსწავლობ, მაგალითად გენდერული ნიშნით ძალადობას ევროპაში. მიმაჩნია, რომ გენდერული სტერეოტიპების სიღრმისეულად შესწავლა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ დღევანდელი სამყარო უკეთესად ვაქციოთ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროგრამა ჩემთვის არ იყო მხოლოდ ერთი რიგითი შანსი უცხოეთში განათლების მისაღებად. გერმანიაში მრავალი საინტერესო ადამიანი გავიცანი, თავიანთი ცხოვრებით, პრობლემებითა და გამოწვევებით, სურვილებითა და მომავლის ხედვით. აქ ცხოვრებამ მასწავლა, როგორ ვიყო მოქალაქეობრივად უფრო პასუხისმგებლობიანი, აქტიური და ყურადღებიანი პიროვნება. იმის გაცნობიერებამ, რომ შემიძლია მრავალფეროვან კულტურას, საინტერესო ხალხსა და ცხოვრების განსხვავებულ სტილს ვეზიარო, ეს ქვეყანა და მასში მცხოვრები ხალხი ჩემში ერთი ორად აამაღლა. იმავეს თქმა შემიძლია ზოგადად გაცვლით პროგრამაზეც. მეტიც, მე შევძელი მემოგზაურა, მაგალითად, ესპანეთში, სადაც, მიუხედავად კონტრასტული გარემოსი (ამინდის გათვალისწინებით), ისეთივე თბილი და პასუხისმგებლობიანი ადამიანები გავიცანი, მათი კულტურაც მეტ-ნაკლებად შევისწავლე.
ერაზმუსი ჩემი ცხოვრების ერთი ძალიან სასიამოვნო ნაწილია. ბოლოსთვის შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს ინანებთ, თუ ოდესმე გაცვლითი პროგრამით დაინტერესდებით და საკუთარ თავს ახალ შესაძლებლობას შეუქმნით. ჩემთვის ცხოვრება საკუთარი თავის არჩევანის წინაშე მუდმივად დაყენებაა. პრობლემები ყოველთვის არსებობს და მათი ზეწოლა გვაქცევს ჩვენ, ადამიანებს, უკეთეს პიროვნებებად, ესაა ჩვენი საქმის ყველაზე დიდი „ექსტაზი“. ამიტომ მე ყველას ვურჩევდი დავაყენოთ საკუთარი თავი არჩევანის წინაშე და ავირჩიოთ ის, რაც ძალიან სასიამოვნოა – ნაბიჯით თანმიმდევრული სვლა წინ, გაუკვალავისკენ.