ანი საჯაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (პოლიტიკის მეცნიერებები) მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.
ანი ზიგენის უნივერსიტეტში (ზიგენი, გერმანია) (http://www.uni-siegen.de/start/) ერთი სემესტრი სწავლობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე სოციალური მეცნიერების მიმართულებით.
,,ყოველთვის ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო ისეთ საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩემს პროფესიასთან (და არა მარტო) კიდევ უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.
ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს შანსს, გავიგოთ, ვისწავლოთ და ვნახოთ მეტი. სწორედ ასეთი შანსი იყო ჩემს ცხოვრებაში ერასმუსი.
გერმანიაში ვსწავლობდი ფილოსოფიის ფაკულტეტზე სოციალური მეცნიერების მიმართულებით. სწავლების მეთოდი ანალიტიკური იყო, რაც სტუდენტთა მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობდა. სწავლა მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ წარმატებით გავართვი თავი. მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა აქტიურად ვიმონაწილეო მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკური პროცესების ანალიზსა და კვლევით საქმიანობაში.
პროგრამის საშუალებით გავიცანი და დავუახლოვდი უცხოელ სტუდენტებს, რომლებთან დღემდე ვმეგობრობ. გარდა ამისა, მქონდა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა.
ძალიან კარგი იქნება, თუკი ბევრი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას ამგვარ საგანმანათლებლო პროექტებში, რაც მომავალში მათი კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარი იქნება.’’