ელენა ქერდიყოშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ელენა ქერდიყოშვილი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ამჟამად, სამუშაო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამსახურის დაწყება სტუდენტებისთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ამ საქმეში სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მონდომება, ცნობისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტმა, უფრო კონკრეტულად კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდურმა ცენტრმა, მომცა ისეთი უნარების განვითარების შესაძლებლობა, არა მარტო აკადემიურ სივრცეში, არამედ ცხოვრებაშიც რომ ძალიან გამოსადეგია.  ცენტრში სწავლის დაწყების პირველ წელსვე მოვიპოვე ბელგიურ-ნიდერლანდურენოვანი ორგანიზაციის Orde van den Prince-ს სტიპენდია და საშუალება მომეცა, სტაჟირება გამევლო ბელგიის ქალაქ ოსტენდეს მერიასა და ბრიუგეს წიგნის მაღაზიაში. სხვადასხვა ქვეყნებში გამართულმა ენის კონფერენციები და საზაფხულო სკოლები ძალიან დამეხმარა ენის შესწავლაში, თანაც ავთენტურ გარემოში. ძალიან მიხარია, რომ ახლა უკვე შემიძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ამჟამად ვთანამშრომლობ ერთ ნიდერლანდურ ორგანიზაციასთან, რომელიც სამედიცინო ტურიზმითაა დაკავებული და ლექციების პარალელურად ვითავსებ ერთ-ერთ კლინიკაში ნიდერლანდურენოვანი თარჯიმნისა და გიდის ფუნქციებს.

თარჯიმანსა და გიდს სჭირდება მოქნილობა, სისხარტე და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა განსხვავებული სოციო-კულტურული ბექგრაუნდის ადამიანებთან შეხვედრა, მათი სიხარულისა და ემოციების გაზიარება, როცა უკვე გამომჯობინებულები თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებიან.

სტუდენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსები, რასაც მათ აკადემიური სივრცე სთავაზობს. ამ შემთხვევაში მათი პერსპექტივები შრომის ბაზარზე (და არა მარტო) აუცილებლად გაიზრდება.

 

Facebook
Twitter
LinkedIn