ელენე ანთია

ელენე ანთია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულების მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ელენე  ერთი სემესტრი ზიგენის უნივერსიტეტში (გერმანია) ეუფლებოდა პროგრამას Roads to Democracy(ies)-ის მიმართულებით.

ჩემთვის უცხოეთში განათლების მიღება ყოველთვის პროფესიულ  ზრდასა  და განვითარებულ, განსხვავებულ საგანმანათლებლო სისტემასთან ასოცირდებოდა, ამიტომ  საზღვარგარეთ სწავლა ცხოვრების მიზნად ვაქციე, რომელიც ბაკალავრიატის ეტაპზე  ირანში  მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამით დაიწყო,  სამაგისტრო საფეხურზე კი ERASMUS +-ის საშუალებით  ერთი სემესტრის განმავლობაში გერმანიაში ევროპული სტანდარტების განათლების მიღებით გაგრძელდა.

საზღვარგარეთ სწავლა, ცოდნის შეძენასთან ერთად  საუკეთესო საშუალება იყო ერთდროულად ახალი  ცხოვრების რიტმში ჩასართავად, უცხო ქვეყნის კულტურის გასაცნობად და  დასავლური სტანდარტების აკადემიური განათლების მისაღებად. ზიგენის უნივერსიტეტში გატარებული დრო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო პროფესიული თუ პიროვნული უნარების განვითარების მხრივ.

ევროპაში სწავლა  არცთუ ისეთი იაფი სიამოვნებაა, თუმცა სხვადასხვა სახის სტიპენდიები სტუდენტებს აძლევს შანსს, განათლება სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ და დამატებით ყოველთვიური სტიპენდიაც  დაიმსახურონ. დასავლური განათლება ნამდვილად უფრო მეტად არის ორიენტირებული დამსაქმებლების მოთხოვნებზე – თანამედროვე და პრაქტიკულია. ამასთან ყველაზე სანდო ინვესტიციაა, რომელსაც   საკუთარ მომავალში დებ.
Road to democracies, რომელზეც მობილობის ფარგლებში ვსწავლობდი,  საერთაშორისო, ინტერდისციპლინური და კვლევაზე ორიენტირებული  სამაგისტრო პროგრამაა. ისტორიის, პოლიტიკისა და სოციოლოგიის მეთოდებისა და მიდგომების შერწყმით პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტებს მისცეს ცოდნა ამ მიმართულებით, რომელიც  მათ მომავალში დემოკრატიის განსავითარებლად კონკრეტული სტრატეგიების შემუშავებაში დაეხმარება. ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის გზაზე დგას, ამდენად სხვადასხვა კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის ქართულ რეალობაზე მორგება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ვფიქრობ, მიღებული ცოდნის გამოყენებით მცირედი  წვლილის შეტანას ჩვენც შევძლებთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.

ამდენად Erasmus+  ნამდვილად  ერთ-ერთი საუკეთესო  შანსია მათთვის, ვისაც   დასავლური სტანდარტების განათლების  მიღება სურს.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Facebook
Twitter
LinkedIn