გვანცა დემეტრაშვილი

გვანცა დემეტრაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სამაგისტრო პროგრამის (გერმანული ენის დიდაქტიკა) კურსდამთავრებული, ილიაუნის Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

გვანცა ერთი სემესტრით იმყოფებოდა იენის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც სწავლობდა გერმანული ენის მეთოდიკას და დიდაქტიკას.

2015 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის პედაგოგიკის პროგრამაზე, რომელიც 2017 წელს დავასრულე და მოვიპოვე განათლების მაგისტრის ხარისხი გერმანული ენის დიდაქტიკაში (Master of Education in Didactics of German Language). ამჟამად გერმანული ენის მასწავლებლად ვმუშაობ თბილისის  ერთ-ერთ წარმატებულ სკოლაში “Millennium School – ათასწლეულის სკოლა.”

გერმანიაში გამგზავრებამდე ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის ლეოპოლდ ფრანცეს უნივერსიტეტში სწავლის ბედნიერებაც მქონდა და ვფიქრობ, ზოგადად, ევროპის უნივერსიტეტებში დამკვიდრებული სწავლების მეთოდები, პედაგოგიური პრაქტიკა, ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები და ე.წ. ვორკშოპები დღესაც ძალიან მეხმარება როგორც ჩემს მოსწავლეებთან, ისე მათ მშობლებსა და კოლეგებთან მუშაობაში.

მასწავლებლობა მეტად რთულ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შრომას ნიშნავს, რომელიც დიდ მონდომებასა და ძალისხმევას მოითხოვს. ის, რომ დღეს ნებისმიერ საფეხურზე შემიძლია ჩავატარო მოსწავლეზე, კომუნიკაციაზე, სწავლის შედეგებსა და ცოდნის ხარისხზე ორიენტირებული გერმანული ენის გაკვეთილები თანამედროვე მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით, დიდწილად უცხოეთში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამსახურებაა.

საერთოდ, ჩვენი პროფესიის ადამიანებს  კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, როგორ ვითარდებიან ბავშვები, უნდა ვიცნობდეთ განათლების თეორიებს, სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიას და, რაც მთავარია, უნდა შეგვეძლოს ისეთი სასწავლო გარემოს შეთავაზება, რომელიც ადაპტირებული იქნება ნებისმიერი ტიპის მოსწავლისათვის და რომელიც ხელს შეუწყობს მათი უნარ-ჩვევების განვითარებას. გაკვეთილის მეთოდურ-დიდაქტიკური თვალსაზრისით, ასე ორგანიზება და წარმართვა კი, არაერთი საკითხის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, რომელთა დაუფლების შანსი ჩემი აზრით, არც ერთმა სტუდენტმა არ უნდა გაუშვას ხელიდან.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Facebook
Twitter
LinkedIn