ლევან გიგილაშვილი – ერთხელ ერასმუსით

ბაკალავრზე რომ ჩავაბარე, ფინანსისტობას ვგეგმავდი, თუმცა უნივერსიტეტში მომიწია გამევლო მარკეტინგის მენეჯმენტი. მას შემდეგ მარკეტინგი ჩემი ცხოვრების წესად იქცა, ყველას და ყველაფერს ამ პრიზმიდან ვუყურებ. სიმართლე გითხრათ, ძალიან სახალისო და შემეცნებითია. ჩემი მეგობრისგან გავიგე ილიაუნის ორმაგი სადიპლომო პროგრამის შესახებ, შემდეგ ის, რომ საერთაშორისო მარკეტინგის პროგრამას ასწავლიდნენ მიმღებ უნივერსიტეტში. იმდენად ძლიერი იყო ჩემი სურვილი, ამ პროგრამაზე მესწავლა, რომ დარწმუნებული ვიყავი, კონკურენციას დავძლევდი და შერჩეულებს შორის ვიქნებოდი. ასეც მოხდა!

ავსტრიელები გასაოცარი ხალხია. მათგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება. ქუჩაში მოძრაობის წესებიდან დაწყებული ადამიანური ურთიერთობებით დამთავრებული. მუდმივად ფიქრობენ განვითარებაზე. უვლიან და უფრთხილდებიან არა მხოლოდ საკუთარს, არამედ საერთოსაც. არაჩვეულებრივად აბალანსებენ პირად და საზოგადო ინტერესებს. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით დავკვირვებოდი და მათთან მესწავლა.

ერასმუსის ყველაზე ძვირფასი მომენტები უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებსაც იქ გაიცნობ და უახლოვდები. ძნელია, ერთი გამოყო. ყველასთან თანაცხოვრებით და ურთიერთობით რაღაცას სწავლობ, მოულოდნელად ხდები ინტერკულტურული სოციუმის ნაწილი, თანდათან სწავლობ სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან ერთად ცხოვრებას, მშობლიურივით ტკბილი ხდება შუამავალი ენა, რომელიც ყველასთან გაკავშირებს. ერასმუსის გაცვლითი პროგრამა სავსეა გამოცდილებით, დატვირთული და ხალისიანი დღეებით. თუმცა არის ერთი ყველაზე ემოციური დღე, რომლის სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია. ცრემლები, ღიმილი, დაპირებები, რომ აუცილებლად შეხვდებით მომავალში, დღე, როდესაც მტკიცე გადაწყვეტილებას იღებ, რომ შექმნი სამყაროს საზღვრების გარეშე, სადაც შენ და შენი უცხოელი მეგობრები ჩაის დასალევად ესტუმრებით ერთმანეთს სამყაროს ერთი ბოლოდან მეორეში.

ბევრი საინტერესო საგანი გვქონდა, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესით E-commerce and Marketing Metrics ლექციებს ვუსმენდი. ლექტორი თავისი საქმის ენთუზიასტი იყო, ისეთი ემოციით და მონდომებით გვესაუბრებოდა თანამედროვე ტრენდებსა და ტენდენციებზე, სტუდენტებსაც გადმოგვედებოდა ხოლმე მისი აღტაცება.

ერთ-ერთ საგანში მთელი სემესტრის განმავლობაში ვმუშაობდით ბიზნესგეგმაზეც, რომლის პრეზენტაციაც კურსელებისა და ჟიურის წინაშე უნდა გაგვეკეთებინა ბოლო ლექციაზე. ჩემმა გუნდმა სპიკერად მე ამირჩია და, ჩემდა სასიხარულოდ, პრეზენტაციის საინტერესოდ და ორიგინალურად წარმართვისთვის ჟიურის წევრებისა და თანაკურსელების ქათინაურები დავიმსახურე.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნიშნებსა და რეზიუმეს. პროგრამის შერჩევისას ყურადღება სწორედ ამ ორ პარამეტრს ექცევა და შემდგომ გული დაგწყდებათ, თუ ერასმუსის შეუდარებელი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა არ მოგეცემათ არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების გამო. სხვა ყველა გამოცდილება თითოეულმა სტუდენტმა თავად უნდა შეიგრძნოს.

Facebook
Twitter
LinkedIn