მე ვარ ლიკა ალანია 24 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი. ჩემი ძირითადი სპეციალობაა მენეჯმენტი, დაინტერესებული ვარ მარკეტინგითაც. მგონია, რომ ამ ძალიან საინტერესო სფეროში უამრავი კრეატიულად მოაზროვნე ადამიანია. ჩემთვის გაცვლითი სტუდენტის სტატუსი უცხო არ არის. 2019 წელი ბაკალავრის საფეხურზე სწავლისას, ერასმუს+ პროგრამით ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი) გავატარე. იქ გარკვეულ დონეზე შევისწავლე ესპანური ენაც. მიყვარს სიახლეები და გამოწვევები, ასევე მოგზაურობა, ახალი ადგილებისა და ადამიანების აღმოჩენა.
გაცვლითი პროგრამის დროს ვისწავლე, როგორ დავამყარო ურთიერთობა განსხვავებული ეროვნების, რელიგიისა თუ ღირებულებების მქონე ადამიანებთან, გავიზარდე პროფესიულად. ევროპის მაგალითზე ვისწავლე, როგორ მუშაობს ბიზნესი, ეკონომიკა თუ მარკეტინგი და, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიზარდე პიროვნულადაც. გავხდი უფრო დამოუკიდებელი, ვისწავლე უცხო გარემოში ორიენტირება და საკუთარი აზრის მტკიცედ გამოხატვა. გავიცანი ბევრი ადამიანი – ევროპელები თუ აზიელები. ვფიქრობ, საზღვარგარეთ ყოფნისას შეძენილი თვისებები და გამოცდილება დამეხმარება პროდუქტიული ვიყო ჩემს პროფესიაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვარშავის უნივერსიტეტი ყველაზე მეტად არჩევანის თავისუფლებით ჰგავს ერთმანეთს. შეგიძლია აირჩიო შენთვის საინტერესო საგანი, ლექტორი. ჩემთვის ადვილი იყო უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემაში ჩართვა, რადგან ძალიან ჰგავს ილიაუნის არგუსისა და მუდლის პროგრამებს, თუმცა შეფასების სისტემა განსხვავებულია.
ჩემ გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანი იყო, გამოვარჩევდი ესპანელ ტანიას, დადებითი ენერგიის გოგონას, რომელიც წარმოშობით ეკვადორიდანაა, თუმცა ბავშვობიდან მადრიდში ცხოვრობს. ჩვენ ესპანეთისა და მოგზაურობისადმი სიყვარულმა დაგვაახლოვა. ბევრს ვსაუბრობდით ესპანეთზე, ის ხშირად უკრავდა მეგობრებისთვის უკულელეზე და ტრადიციული ესპანური თუ ეკვადორული კერძებით გვიმასპინძლდებოდა. მასაც ძალიან მოსწონდა ქართული კერძები.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მენეჯმენტის კურსი, რომელსაც ძალიან საინტერესო ლექტორი გვიკითხავდა, გვასწავლიდა, როგორ უნდა იყო კრეატიული, მიზანსწრაფული, კარგი მეწარმე. პროფესორი მიხაუ ყოველთვის გვაძლევდა თავისუფლებას, გვესაუბრა ჩვენთვის საინტერესო ბიზნესინოვაციებზე. ის შეყვარებული იყო საქართველოზე და ბევრი რამ აინტერესებდა ჩვენი ბიზნესგარემოს, კულტურისა და ბუნების შესახებ.
სახალისო ისტორიებიდან განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება ჯგუფური მოგზაურობა გდანსკში. ქალაქის ძველი ნაწილის დათვალიერების შემდეგ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ ზღვისპირა ადგილას გავსულიყავით და ბალტიის ზღვის სანაპიროზე გაგვესეირნა. ეს იყო მაისში 12 გრადუს სიცივეში, მაგრამ გადავწყვიტეთ, არ შევპუებოდით და ზღვაში შეგვეცურა. ვერც აღვწერ იმ სიცივეს, განცდას, რაც გამოვიარეთ, თუმცა შესაძლებლობა რომ მქონდეს, იმავეს გავაკეთებდი.
სტუდენტებს ვურჩევ, არასოდეს დანებდნენ, არ შეუშინდნენ უარს, ბევრჯერ სცადონ და აუცილებლად მიაღწევენ სასურველს. როდესაც ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელმა უნივერსიტეტმა შემომთავაზა მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო აგრარული ბიზნესის გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში, თავიდან შემეშინდა, რადგან ეს სფერო მაინც და მაინც არ იყო ჩემთან ახლოს. თუმცა დავთანხმდი და მოვამზადე თემა ტრანსნაციონალურ კომპანიებზე მსოფლიოს აგრარულ სექტორში. ჩემი ნამუშევარი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა და სიმბოლური საჩუქრებიც მივიღე უნივერსიტეტისგან, რამაც ძალიან გამაბედნიერა. ამიტომ ჩემი რჩევაა, იყავით თავდაჯერებულები. მზად ახალი გამოწვევებისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო ერასმუს +, რომლის დახმარებითაც ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე.