მე ვარ მარიამ ჯომიდავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მაგისტრი. ვმუშაობ „ზუმერ ჯორჯიაში“ ონლაინგანვადების მომსახურების მენეჯერად.
ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება ილიაუნის უკავშირდება.
ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას აქტიურად ვიყავი ჩართული ილიაუნის დასაქმების ფორუმებში. დღემდე სულ ვამოწმებ მეილებს, რადგან ვიცი, რომ ილიაუნი მუდამ კარგ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც სტაჟირებას გავდიოდი ილიაუნის სტუდენტურ დეპარტამენტში. დასაქმების ერთ-ერთ ფორუმზე ორგანიზატორებს საორგანიზაციო საკითხებში ვეხმარებოდი და მაშინ გავესაუბრე ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებს. ეს პირველი გასაუბრება იყო სამსახურთან დაკავშირებით. მომეწონა მათი პირობები. ამას მოჰყვა შერჩევის მეორე ეტაპი, ტრენინგი, ტესტირება და ბოლოს დავსაქმდი გაყიდვების მიმართულებით, შემდეგ კი, ოთხ თვეში, დავწინაურდი კრედიტ-ოფიცრის პოზიციაზე. ძალიან კარგი გარემო დამხვდა ბანკში. მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ, რომ სტუდენტი ვიყავი. გრაფიკი სრულიად მორგებული იყო ჩემზე, არც ანაზღაურება მქონდა ურიგო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ გამოვიყენე ილიაუნის დასაქმების პროგრამის შესაძლებლობა და მოვხვდი გარემოში, სადაც განვითარების, სწავლისა და მუშაობის შეთავსების შესაძლებლობა მომეცა.
სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გირჩევთ, აუცილებლად გაეცნოთ ყველა მეილს, თვალი ადევნოთ დასაქმების ფორუმებს. აუცილებლად იპოვით თქვენზე მორგებულ დამსაქმებელს. როდესაც კომპანია მონაწილეობს უნივერსიტეტის დაგეგმილ ფორუმში, ის მზადაა დაასაქმოს სტუდენტი, მზადაა შესთავაზოს მოქნილი გრაფიკი, ამიტომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტისთვის.