მერი ყიფშიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულების კურსდამთავრებული მერი ყიფშიძე თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიაუნში 2007 წელს ჩავირიცხე ბიზნესის ფაკულტეტზე, ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტის მიმართულებით (დამატებითი სპეციალობა – ფრანგული ენა და ლიტერატურა). მაშინ ილიაუნი ჯერ კიდევ პედაგოგიურ ან უცხო ენათა ინსტიტუტის სახელით მოიხსენიებოდა. ამიტომ ჩემი არჩევანი, ერთი წლის დაარსებულ ფაკულტეტზე მესწავლა, ცოტა უცნაურად შეაფასეს ოჯახმა და ახლობლებმა. მე კი ვიცოდი, რომ თავისუფალი, პროგრესული, განვითარებადი უნივერსიტეტი ავირჩიე. სწავლის პროცესი ჩემთვის ძალიან დატვირთული იყო, არაჩვეულებრივი ლექტორებით, მიდგომებით, სიახლეებით. იმდენად საინტერესო იყო, დამატებით ლექციებსაც ვესწრებოდი. მივხვდი, რომ ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო სწავლასთან ერთად მუშაობას ვერ შევძლებდი და გადავწყვიტე, დრო მთლიანად სწავლისთვის დამეთმო. ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი და უნივერსიტეტი მაღალი GPI-ით დავამთავრე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ დასაქმება ქართულ ბაზარზე არც ისე მარტივი იყო, ის, რომ 20 წლისას დამსაქმებლები 5-10 წლიან გამოცდილებას გთხოვენ, სულაც არაა მითი. ავდექი და პირდაპირ დეკანს ვთხოვე სტაჟირება, როგორც წარმატებულმა კურსდამთავრებულმა. ერთ თვეში დამიბარა, აღმოჩნდა, რომ ხარისხის მართვის სამსახური სტაჟიორს ეძებდა. ასე დავბრუნდი უნივერსიტეტში, ამჯერად, როგორც თანამშრომელი. ხარისხის სამსახურში ერთთვიანი სტაჟირების შემდეგ ფაკულტეტების საინფორმაციო ცენტრს სჭირდებოდა დახმარება და ასე შემდეგ, დაახლოებით 6 თვეში რამდენიმე სხვადასხვა სტრუქტურა მოვიარე. შემდეგ, საპატიო მიზეზის გამო (დედა გავხვდი), ტაიმაუტის აღება მომიწია. 2012 წლის ოქტომბერში ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სამსახურში (მაშინდელ საფინანსო დეპარტამენტში) თანამშრომლის წასვლის შემდეგ გამოჩნდა შტატი, დავიწყე მუშაობა და დღემდე მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. ჩემს ფუნქციებში შედის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენასა და კონტროლის პროცესში მონაწილეობა. განსაკუთრებით აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების კუთხით, ვმონაწილეობ პროექტების ბიუჯეტის შედგენაში, შემდგომ კონტროლში და ამისთვის საჭირო (დონორ თუ მაკონტროლებელ) ორგანიზაციებთანაც მაქვს ურთიერთობა.

სტუდენტებს, და არა მარტო მათ, ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ სწავლას და თვითგანვითარებას. შესაძლოა, ახლა ფიქრობთ, რომ თეორიული ცოდნა არც ისე მნიშვნელოვანია, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველთვის იმის მაქსიმუმს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, ზოგჯერ ვნანობ, რომ მეტი არ ვისწავლე და ყველა შანსი არ გამოვიყენე. ილიაუნი გაძლევთ ბევრ შანსს და აუცილებლად ყველა გამოიყენეთ.

Facebook
Twitter
LinkedIn