MOIN!
ეს ბრემენისთვის (და კიდევ რამდენიმე ქალაქისათვის) დამახასიათებელი მისალმებაა და გადავწყვიტე, დღეს მეც ბრემენულად მოგესალმოთ!
მე, ნიკა გელაშვილი, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-2 კურსის (მე-2 კურსი დავასრულე და თავისუფლად შეიძლება, მე-3 კურსელად ჩავითვალო) ისტორიის მიმართულების სტუდენტი ვარ.
შეიძლება, ჩემი ისტორია ოდნავ განსხვავებული იყოს, მაგრამ, მგონი, მოყოლა ღირს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ვერ მივაღწიე, მიუხედავად მრავალი ცდისა, ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ვერ გავხდი, რამაც მიბიძგა ახალ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებისაკენ, რაც ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დასაწყისი იყო ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემდეგ მიზანს გეგმაზომიერად მივყვებოდი, რამაც შედეგი გამოიღო: ერასმუსის + გაცვლითი პროგრამის სტიპენდიატი გავხდი და ბრემენის უნივერსიტეტში ვსწავლობ! ჩემი მიზანი იყო ახალი პროფესიის დაუფლება და ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა საკითხის შესახებ, რაც სამომავლოდ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში დამეხმარებოდა.
უნივერსიტეტში სწავლის გარდა მონაწილეობა მივიღე სამართლის ბევრ პროექტში. ასევე ონლაინ გამომცემლობა on.ge-ს სტიპენდიატი გავხდი, სტატიების ინგლისურიდან ქართულ ენაზე მევალებოდა. გარდა ამისა, ილიაუნის სამოქალაქო განათლების მოსამზადებელი კურსის სემინარისტი ვიყავი, რაც აბიტურიენტებისათვის ეროვნული საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა თემაზე სემინარების ჩატარებას გულისხმობდა. 2018 წელს ჩემი ნაშრომი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” 26 საუკეთესო ესეის შორის მოხვდა და კრებულშიც გამოქვეყნდა. კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიამ კი ჩემი ცოდნა უფრო სრულყოფილი გახადა პოლიტიკური ცხოვრების შესახებ,რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობის ნაწილია.
ჩემი აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სააპლიკაციო ფორმის შევსებიდან იწყება, როდესაც გეგმავ,როგორ სრულყო შენი აპლიკაცია, რათა იმ მიზანს მიაღწიო, რასაც ერასმუსელობა ჰქვია. ამ პროგრამამ მიმახვედრა, რომ წარმატებას ერთეულები აღწევენ, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა არც ისე მარტივი და ია-ვარდით მოფენილია. გერმანიაში ჩამოსვლამდე იყო მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა იმის შესახებ, როგორ შევძლებდი დაბრკოლებების გადალახვას იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში გარშემომყოფი სტუდენტები მეგობრულები და თბილები არიან, დამოუკიდებლად გიწევს ცხოვრება და ჩემთვის ეს საკვანძო მომენტი იყო. ჩამოსვლის შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე დოკუმენტების მოგვარება (მით უმეტეს, გერმანიაში) და „ქაღალდებთან გამკლავება” ჩემთვის არაკომფორტულიც აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს გერმანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის, რაც ჩემთვის სირთულე იყო, მარტივ, სასიამოვნოდ შესასრულებელ „საშინაო დავალებებად” გადაიქცა. გაცვლითმა პროგრამამ ნათლად დამანახა ქვეყნებს შორის განსხვავება თუ მსგავსება კულტურისა და სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით.
საინტერესოა საკუთარი თავის შეფასება ბრემენში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რამდენადაც კულტურული შოკით გამოწვეული მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გადავლილია და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების წინაპირობა გახდება.
მიღებულ ცოდნას (ანუ თეორიულ ბაზისს, რაც სასწავლო კურსის მანძილზე ვისწავლე) გამოვიყენებ საკუთარი თავის სრულყოფისთვის, რათა სამომავლოდ ქვეყნისა და თუ ქვეყნის გარეთ კონკრეტული სფეროების განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
ილიაუნისა და ბრემენის უნივერსიტეტის სწავლების ნიუანსებშია განსხვავება. სასწავლო სემესტრი დატვირთული იყო პრეზენტაციებით და ყოველი პრეზენტაციის შემდეგ თითოეული ლექტორი უკუკავშირს იძლეოდა. გარდა ამისა, გამოყოფილი იყო სპეციალური დრო სტუდენტებისთვის, რომლებსაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები ჰქონდა. ორივე უნივერსიტეტში უმეტესად ლექტორებს სტუდენტებთან მუდმივი ურთიერთობა აქვთ და დახმარებას ცდილობენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ბრემენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით მოხიბლული ვარ. ეს ძალიან დიდი, მრავალსართულიანი ნაგებობა უთვალავი წიგნით წვდომას შენთვის სასურველ ნებისმიერ მასალაზე გაძლევს. ბრემენის უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა კონკრეტულ საკითხზე მსჯელობასა და განხილვას ექცეოდა, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩემთვის რთულია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკრეტულ ადამიანზე ვისაუბრო, რადგან ბევრ საინტერესო პიროვნებას შევხვდი. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ სტუდენტურ საცხოვრებელში მცხოვრები ჩემი ე.წ. „ფლეთმეითები”, სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლები, მათ დამანახეს,რა ძალა და მნიშვნელობა აქვს აზრთა გაცვლას, შემწყნარებლობას, ერთმანეთის დახმარებასა (ჩასვლის პირველივე დღიდანვე თავი ოჯახის წევრად ვიგრძენი) და ურთიერთპატივისცემას. არ მეგონა, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები ასე ახლობლები გახდებოდნენ. ისინი მუდამ მემახსოვრებიან!
კურსი, რომელიც დამამახსოვრდა და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, საკმაოდ უცნაურად ჟღერს: „ჩრდილოეთ აფრიკის პოლიტიკა” (Politics of North Africa). თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საგანს, ვფიქრობდი, რა უნდა მესწავლა ჩრდილოეთ აფრიკის შესახებ, თუმცა ვცდებოდი, გავიარე ძალიან ბევრი თემა, მიმოვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სეკულარიზმი, არაბული გაზაფხული და რევოლუციები, ისლამი, კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკა და მათი გეოპოლიტიკური მიზნები დასავლეთსა თუ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით და ა.შ. ლექტორის დამსახურებით, ამ საგანში ენციკლოპედიური ცოდნა მივიღე. ლექციის დაწყებისას ლექტორი გვთხოვდა, მოგვეძებნა სიახლე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკას ეხებოდა და პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ მიდგომით უკვე ლექციის დაწყებამდე წარმოდგენა გვექმნებოდა მსოფლიოში (ნაწილობრივ მაინც) მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების შესახებ. ლექტორი თავისუფლებასაც გვაძლევდა,ცდილობდა, ჩვენი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ან დებატების მიმართულებით წარმართულიყო. აღსანიშნავია ერთი შემთხვევა, როდესაც ლექტორმა office hour-ის შეხვედრისას გამიზიარა თავისი შთაბეჭდილება ბერლინში სტუმრობასთან დაკავშირებით და აღფრთოვანება ვერ დამალა ქართული, ტრადიციული კერძის (თუ შეიძლება, რომ კერძი დაერქვას), ხინკლის, გემოზე. ეს იყო შესანიშნავი და გამორჩეული კურსი.
ჩემი ყველაზე საინტერესო ისტორია მაინც მოგზაურობას უკავშირდება. ბრემენში ყოფნისას სხვა ქალაქების მონახულება გადავწყვიტე და ერთ მშვენიერ დღეს თავი ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში ამოვყავი, რომელიც ბრემენიდან ახლოს, მანქანით 2 საათის სავალზე მდებარეობს. პირველი გაკვირვება ქალაქის მჩქეფარე ცხოვრებამ გამოიწვია, რომელსაც ტურისტების სიმრავლე ემატებოდა. ამასთან მეგონა, ბრემენზე bicycle-friendly ქალაქს ვერ ვნახავდი, თუმცა არასწორი აღმოვჩნდი: გრონინგენმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ყოველი მხრიდან ათობით ველოსიპედი მოქროდა. გრონინგენი საპორტო ქალაქია და ულამაზესი სანახავი იყო წყლის არხზე მცურავი ტრანსპორტი, რომელთა გამოც პატარ-პატარა ხიდების აწევა აუცილებელია. ქალაქის ცენტრში სეირნობისას ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ თოლიების გუნდი, საკვებზე მონადირე, გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი – ისინი ჩემგან საკუთარი სადილის გაყოფას „ითხოვდნენ”. ასე რომ, თუ მოგშივდებათ, იცოდეთ, თოლიებს წილი ეკუთვნით! ბრემენში ყოფნისას (არა მარტო) გრონინგენი აუცილებლად მოსანახულებელ ქალაქთა სიაშია, თქვენ ნამდვილად შეიგრძნობთ საპორტო დასახლებების ხიბლს,
არასდროს თქვათ უარი ისეთ შესაძლებლობაზე, როგორიც გაცვლითი პროგრამაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, წარმატების მიღწევის შანსი არარეალური და მიზერულია, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ – იქამდე სცადეთ (თუნდაც ყოველ სემესტრში აპლიკაციის გაგზავნა მოგიწიოთ), სანამ საკუთარ მიზანს მიაღწევთ! თითოეული „მარცხი” ან განცდილი წარუმატებლობა მიიღეთ და აღიქვით, როგორც აუცილებლად მისაღები გამოცდილება და ნებისყოფის წვრთნის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მომავალში მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებათ!
სანამ გერმანიაში წამოვიდოდი, ვფიქრობდი, როგორ შევეწყობოდი აქაურ ცხოვრებას, შევძლებდი თუ არა თავი კომფორტულად მეგრძნო გერმანელის ხალხის გვერდით, რადგან ჩემ გარშემო ხშირად შემდეგი მოსაზრება მუსირებდა: „გერმანელები ცივი ხალხია “. ჩამოსვლის შემდეგ ველოდი, რომ ეს ნაწილობრივ მაინც გამართლდებოდა და მეც მოვყვებოდი, როგორი დიდი სხვაობაა გერმანელებსა და ქართველებს შორის უცხო ადამიანის მიღების თვალსაზრისით. სიმართლე ითქვას, ეს ყველაფერი სტერეოტიპია , მეტი არაფერი! წუთითაც არ მიფიქრია, რომ გერმანელები არამეგობრული ან ცივი ხალხია, პირიქით – მათმა ზრდილობამ და პატივისცემამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.