ნინო კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის (ევროპისმცოდნეობა) მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.
ნინო ერთი სემესტრით იმყოფებოდა ზიგენის (გერმანია) უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა roads to democracy-ის მიმართულებით.
მაგისტრატურის გაგრძელება ევროპისმცოდნეობის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავწყვიტე. ილიაუნი გაცვლითი პროგრამების ფართო არჩევანს გვთავაზობს, პირველივე სემესტრში პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე პროგრამაზე შევიტანე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ზიგენის უნივერსიტეტის პროგრამა „გზა დემოკრატიისკენ’’ იყო. დადებითი პასუხი მალევე მომივიდა და გავეშურე გერმანიისკენ.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ხშირად უთქვამთ, სრულიად შეიცვალეო. ალბათ ასეც არის, ბევრი რამ ახლებურად დავინახე და ჩემი მსოფლმხედველობაც ცხადია, გაფართოვდა.
ამ პროგრამამ საშუალება მომცა, მემოგზაურა ევროპის ულამაზეს ქალაქებში, გამეცნო ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. იყო უამრავი სახალისო ისტორია, ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები.
ამ პროგრამამ და ილიას უნივერსიტეტმა თავისთავად, საშუალება მომცა, განსხვავებულად დამენახა ბევრი რამ და უკეთესად განმესაზღვრა ჩემი მიზნები და მისწრაფებები. ამიტომ ვეთანხმები ყველას, ვისაც ჰგონია, რომ შევიცვალე, რადგან უფრო მიზანდასახული, უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გავხდი.
თამამად ვამბობ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო უამრავი გამოწვევით ამ ხნის განმავლობაში,ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან შეხვედრით. ლექციებზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. განხილვა განსხვავებული იყო იმიტომაც, რომ ბევრი სხვადასხვა ეროვნებისა და განსხვავებული ხედვის ადამიანი, სხვადასხანაირად აფასებდა ამ თუ იმ პრობლემას.
სასწავლო სისტემა ილიაუნის სისტემსი მსგავსი იყო, ასე რომ, განსაკუთრებული ადაპტაცია არ დამჭირვებია. იქ კარგად შევეჩვიე მუდლის, პროგრამას, რომელსაც ახლა ვიყენებთ ილიაუნიში. დიდი გამოცდილება მივიღე როგორც კონკრეტულ საკითხებთან მიდგომის, ასევე ცოდნის გაღრმავების კუთხით, რასაც ვიყენებ როგორც სწავლის პროცესში, ასევე მუშაობისას და მომავალშიც ძალიან დამეხმარება.