ნინო კობახიძე – ერთხელ ერასმუსით

კერძო უნივერსიტეტში დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა მივხვდი, რომ ის არ მაინტერესებდა, ამიტომ შევიცვალე პროფესია. ილიაუნიში ეკოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რადგან თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემების, გარემოსა და სხვადასხვა ეკოსისტემის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. პროფესიის რადიკალურად შეცვლა თავიდან ძნელი აღმოჩნდა, თუმცა სურვილმა, მესწავლა, რაც მიყვარს, სირთულეები დამაძლევინა. მეორე კურსზე გადავწყვიტე გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასვლა და ავირჩიე ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი პრაღაში. 2 თვით გვიან გავემგზავრე, რაც გულისხმობდა პრაღაში მხოლოდ 3 თვით დარჩენას, თუმცა მასპინძელმა უნივერსიტეტმა შემომთავაზა სრული 5 თვით დარჩენა, ამიტომ უნივერსიტეტში ვისწავლე არა მხოლოდ შემოდგომის, არამედ გაზაფხულის სემესტრიც და გაზაფხულიც პრაღაში გავატარე.საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. 24 წლის მანძილზე მარტო არასდროს მიცხოვრია, ეს იყო დიდი ნაბიჯი, რომელიც აქ ჩამოსვლით გადავდგი. აქ ვისწავლე დამოუკიდებლობა, სირთულეების ჩემით გადალახვა. გავიცანი ახალი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვიმოგზაურე იმ ქვეყნებში, რომლებშიც პანდემიის დროს ეს შესაძლებელი იყო. ბევრი რამ ვისწავლე და გავეცანი უამრავ ახალ ინფორმაციას, რაც დამეხმარება ჩემს პროფესიაში და პროფესიის განხრის არჩევაში. ცივი ზამთრისა და ასეთივე ცივი გაზაფხულის მიუხედავად ძალიან შემიყვარდა ულამაზესი პრაღა, სადაც ცხოვრება საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. ძალიან გამომადგა ის, რაც ილიაუნიში ვისწავლე, მქონდა საბაზისო ცოდნა. საგნებს შორის ნამდვილად არის მსგავსები. ილიაუნიში მიწევდა სტატიებისა და ნაშრომების კითხვა ინგლისურად, რამაც აქ სწავლა უფრო გამიმარტივა.

პრაღაში ჩამოსვლისას პირველი, ვინც გავიცანი, იყო გოგონა, რომელთან ერთადაც უნდა მეცხოვრა. ის გაცვლითი პროგრამით ტაივანიდან ჩამოვიდა. ჩემი „რუმმეითი” ძალიან უშუალო აღმოჩნდა, პირველივე შეხვედრისას შემოვიდა ჩემთან კონტაქტში და ბევრი საერთოც აღმოვაჩინეთ. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა, ამის გამო უფრო გამიადვილდა ადაპტაცია. მან ბევრი რამ მასწავლა აზიური კულტურის შესახებაც. მალე დავმეგობრდით და ერთად სამი უცხო ქვეყანა მოვიარეთ. ეს პერიოდი ჩემთვის ყველაზე საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. ავიხდინე ჩემი დიდი ხნის ოცნებაც და საკუთარ დაბადების დღეს ჩემს ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად უცხო ქვეყანაში შევხვდი.

საბოლოოდ გავიარე არაერთი საგანი, რომლებმაც სულ სხვა კუთხით დამანახვა ეკოლოგია, მაინც გამოვყოფდი ყველაზე საინტერესო კურსს„გენდერი და სოფლის მეურნეობა”, რადგან არასდროს არ მქონია შეხება სოფლის მეურნეობასთან ამ ჭრილში.

ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მოგზაურობა პორტუგალიაში. ბავშვობიდან ვოცნებობდი, ჩემს დაბადების დღეს უცხო ქვეყანაში შევხვედროდი. ბუნებრივია, მოგზაურობა ბევრად ადვილია ევროპის შუაგულიდან, ვიდრე საქართველოდან. დიდი ხანია მინდოდა პორტუგალიაში მოგზაურობა, რადგან მოხიბლული ვარ მათი ენით, კულტურით, ტემპერამენტით. პრაღის ცივი და სუსხიანი ამინდების მერე განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მზიანი ამინდები და ზღვა. ძალიან გაგვიმართლა, რადგან სწორედ ჩვენი წამოსვლის შემდეგ დაიკეტა პორტუგალიის საზღვრები პანდემიის გამო. ეს ჩემი საუკეთესო მოგონებაა.

სტუდენტებს, რომლებიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას, ვურჩევ, რომ არც ერთი წამით არ თქვან უარი ამ შესაძლებლობაზე. შეიძლება არის რაღაცები, რაც რთული ჩანს შორიდან, მაგრამ იმ გამოცდილებას, იმ ემოციებს, რაც აქ იღებ, არანაირი სირთულე არ შეედრება.

Share Button