ნინო ფერაძე – უნგრეთი, Kodolanyi Janos University

მე ვარ ნინო ფერაძე. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე. კონფლიქტებითა და, ზოგადად პოლიტიკით,ადრეული ბავშვობიდან დავინტერესდი, რაც ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელ ჭრილობას უკავშირდება. 2008 წლის 7 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეზე, მთელი ოჯახი ტიროდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, 7 წლისას ბევრი რამ არ მესმოდა. ნათესავების, მეზობლების, მასწავლებლების მგლოვიარე სახეები და ტელევიზიით გავრცელებული კადრები საკმარისი აღმოჩნდა, მეც იმდენად მტკენოდა, მიზნად დამესახა, კონფლიქტის ესკალაციის ამ უპატიებელი ნაბიჯების კონტექსტი გამეგო და მეტი მესწავლა, რომ ოდესმე მინიმალური წვლილი მაინც შემეტანა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში.

16 წელი გავიდა და დღეს მე დიპლომატიას ვსწავლობ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იდეოლოგიით, მისწრაფებებითა და ამოცანებით დამოუკიდებელი და გაერთიანებული საქართველოს სარკეა. აქ დამხვდა პირობები თავისუფალი აზროვნებისთვის, ლიბერალური განათლებისკენ მუდმივი სწრაფვისა და მიზნებთან მიახლოებისთვის. უნივერსიტეტი ამ სამი წლის  განმავლობაში მთავაზობდა უამრავ შესაძლებლობას – პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს და პროექტებს. აქვე გავიარე ჩემი პირველი სტაჟირება უმაღლესი კვლევების ცენტრში, სადაც ლექტორების დახმარებით შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები, ვისწავლე კვლევის სპეციფიკა და გავიცანი საინტერესო ადამიანები. შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი უნგრეთში, კოდოლანი იანოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე.

ახლაც მახსოვს პირველი ემოცია, როცა მეილზე შედეგები გამოგვიგზავნეს და მეგობრები სასურველ უნივერსიტეტებში მოვხვდით, თავიდან წარმოუდგენელი იყო. მეტიც, ფრენის წინა დღემდე გააზრება, რომ ნამდვილად ნომინირებული ვიყავი და თითქმის ნახევარი წლით ოჯახს ვტოვებდი მიჭირდა. გაცნობიერება, რომ თავდაუზოგავი შრომა გიფასდება, კიდევ უფრო ძლიერ მოტივაციას გაძლევს, არ შეჩერდე და მიუახლოვდე მიზნებს.

ბუდაპეშტში ჩაფრენისთანავე დაიწყო ახალი ცხოვრება ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით. ამ პროგრამის წყალობით გავიგე, თუ რამდენად ძლიერი ვყოფილვარ. მარტო აღმოვჩნდი იმ რეალობის პირისპირ, როცა დამოუკიდებლად უნდა მესწავლა ცხოვრება. როცა ცხოვრებაში უნიკალური შანსი გეძლევა, უნდა დაამტკიცო, რომ ის ნამდვილად შენი უნდა ყოფილიყო და კიდევ უფრო მეტ წარმატებად აქციო. ამიტომ გაცვლითი პროგრამის ყველა შესაძლებლობა ჩემი თანმდევი მაქსიმალიზმის წყალობით, თვითგანვითარების გრძელი გზის აუცილებელ ეტაპებად ვაქციე. საკუთარი სურვილით ვესწრებოდი, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის საგნებს. ვმონაწილეობდი დისკუსიებსა და სტუდენტურ აქტივობებში. დღემდე მაქვს კომუნიკაცია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაცნობილ ლექტორებთან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ. ადგილობრივი ერაზმუსის სტუდენტური გაერთიანების (Erasmus Life Budapest) წყალობით შევიძინე უამრავი მეგობარი, როგორც საკუთარი ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან. ვისმენდი აქტუალურ თემებზე სტუდენტებისა და ლექტორების სხვადასხვა პერსპექტივით აღქმულ მოსაზრებებს.

და აი აქ კი თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველო რომ ნამდვილად ევროპაა, ჩანს ლიბერალურ ღირებულებებზე ნაშენებ უნივერსიტეტში. განსხვავება მცირედითაც არ მიგრძნია უნივერსიტეტებს შორის, როცა ჯანსაღ პოლემიკაში შევდიოდით და ყველა თავისუფლად საუბრობდა. ამასთანავე, როცა ერთ აკადემიურ სივრცეში ხვდები სხვადასხვა ქვეყნებიდან წამოსულ სტუდენტებთან ერთად, უპირველესად ადარებ სწავლების ხარისხს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ილიაუნი მაქსიმალურად მიახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებს.

უნივერსიტეტში ბევრ საინტერესო კურსზე დავრეგისტრირდი. შევისწავლე ამერიკული უნივერსალიზმი და პოლიტიკა ლათინურ ამერიკის ქვეყნებში, გლობალური პოლიტიკური ისტორია, კურსები ევროპის იდეური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ, ასევე პოლიტიკური იდეოლოგიები და კულტურათაშორისი კომუნიკაციები. სასიამოვნო იყო, როცა აღმოაჩენდი, ლექტორებმა იცოდნენ შენი ქვეყნის შესახებ. პირველი ლექცია მქონდა პროფესორ ევა კრივაჩი ორშოიასთან. ქალბატონი ევა გამოირჩეოდა საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი ინტერესით. ასევე გავიცანი ბატონი ზოლტან პრატნერი, რომელიც კონფლიქტებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქეისებით გვიხსნიდა და ქართველი ხალხის ევროპულ იდენტობაზე ყოველ ლექციაზე საუბრობდა. მახსოვს, როგორ მოგვილოცა ლექციაზე შესულებს კანდიდატის სტატუსის მოპოვება. იმდენად სასიამოვნო იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან გრძნობდი ინტერესს შენი ქვეყნისადმი, რომ მეც მთელი ენთუზიაზმით ვირგებდი პატარა ელჩის როლს. ამრიგად, სადაც შემეძლო ყველგან ვსაუბრობდი ჩვენი პატარა ქვეყნის უდიდესი ისტორიის შესახებ.

საქართველო ჩემგან შორს არ ყოფილა. როცა გიყვარს, სულ თან დაგყვება  ბუდაპეშტში ჩასვლის პირველივე კვირას უნგრელებისა და ქართველების თანამეგობრობის დღე აღინიშნებოდა თბილისის ქუჩაზე, (Tbiliszi Ter) სადაც ადგილობრივებსა  და ქართველებთან ერთად ვაგემოვნებდი ქართულ კერძებსა და ღვინოს ქართული ცოცხალი მუსიკის ფონზე. რთულია, ვიპოვო სიტყვები ჩემი ბედნიერების აღსაწერად, როცა მოულოდნელობებითა და მსგავსი სიურპრიზებით იყო სავსე ცხოვრება.

ყველა უნიკალურ შესაძლებლობასთან ერთად ერაზმუსმა მაჩუქა დაუვიწყარი მოგონებები და საოცარი მეგობრები. ყველა სიკეთესთან ერთად, შემეძლო მემოგზაურა არა მხოლოდ უნგრეთის უძველეს ქალაქებსა და დასახლებებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ბუდაპეშტი ხომ ენით აღუწერელი სილამაზის ქალაქია და ყველა კუთხე-კუნჭულში დღიურით „მატარა“, რადგან მომენტების აღსაბეჭდად ფოტოები საკმარისი არ იყო. ამ პატარა და საოცარმა ქალაქმა გადამკვეთა ცხოვრების მეგობრებთან, რომლებთან ერთადაც ვიმოგზაურე ვენაში, ბრატისლავასა და პრაღაში. ვენაში იმყოფებოდა ჩემი კურსელი ახლა უკვე უახლოესი მეგობარი აგრეთვე გაცვლითი პროგრამით და დღეს რომ ჩვენ ერთმანეთთან ამდენი მოგონება გვაკავშირებს, ერაზმუსის დამსახურებაა. ასევე აქ გავიცანი უსაყვარლესი გერმანელი გოგო, იანა, რომელიც ქართულს სწავლობს და თავს ქართველ გოგოს ეძახის.  პრაღაში საოცარი ემოციები გამოვცადე, როცა საყვარელი ავტორის, ფრანც კაფკას ჩანაწერებით ქალაქის კუთხეები მოვიარე და N22 სახლშიც შევედი. და აი, იანვარში ჩემი ოცნებაც ავიხდინე და მარტო გავფრინდი ბერლინში სამოგზაუროდ, სადაც ასევე გამორჩეული ადამიანები გავიცანი და ულამაზესი დათოვლილი მუზეუმების კუნძული ვნახე. ზოგადად ძალიან მიყვარს ხელოვნება და ის სილამაზე, რაც ბელვედერისა და ბერლინის მუზეუმებში ვნახე ჩემში საოცარ გრძნობებს იწვევდა. ასევე სასიამოვნო იყო ხილვა, რომ დედაქალების უმრავლესობა ძველ იერ-სახეს ინარჩუნებს.

კიდევ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც აუცილებლად ღირს, რომ მიიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა, არის ხალხი. სოციალიზაციისას ეცნობი მრავალფეროვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული „ფონის“ ადამიანებს, იგებ მათ წარმოდგენებს, ტრადიციებს, ცხოვრების გზასა და მიზნებს. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, სასიკეთოდ აისახებოდა ჩემს პიროვნებაზეც და ძალიან დიდი წვლილი ექნება ამ პერიოდში გაცნობილ თითოეულ ადამიანს ჩემს მომავალ წარმატებულ ნაბიჯებში.

და ბოლოს ვიტყოდი, არასდროს შეგეშინდეთ სირთულეების. ამ გამოცდილებებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მიზნებთან სწრაფვის ახალი გზები დამისახა. ამიტომ ყოველთვის ყველა შანსი გამოიყენეთ, რადგან არასდროს იცით, თუ რა ბედნიერ თავგადასავლებსა და წარმოუდგენელ რეალობას გიმზადებთ ეს ცხოვრება! ერაზმუსი არის განათლება, დამოუკიდებლობა, მეგობრობა, მოგზაურობა და კიდევ ბევრი ენით აღუწერელი განცდა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოცადოთ!

#გახდიერასმუსელი

Facebook
Twitter
LinkedIn