მე ვარ რუსუდან გიორგაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე ევროპის განხრით. 2023-2024 წლების შემოდგომის სემესტრში Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი შვედეთში, უფსალის უნივერსიტეტში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და საზღვარგარეთ განათლების მიღება ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ, ვინაიდან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გარდა თეორიული ცოდნისა, რომელსაც მასპინძელ უნივერსიტეტში გავლილი საგნების შედეგად იძენ, აგრეთვე იღებ მნიშვნელოვან გამოცდილებას, ხდები ბევრად უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ინდივიდი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ასევე დამოუკიდებლად ცხოვრება.
შვედეთში ცხოვრების პერიოდში საკუთარ თავში ახალ-ახალი შესაძლებლობები და უნარები აღმოვაჩინე, რასაც თავის მხრივ მარტო ცხოვრებამ და საკუთარ თავზე სრულად „დამოკიდებულებამ“ შეუწყო ხელი. გარდა ამისა, უფსალის უნივერსიტეტში დამკვიდრებული სწავლებისა და სწავლის სტილი მიმართულებასა და საშუალებას გაძლევს თავად განსაზღვრო მეცადინეობის ხანგრძლივობა, საკუთარ თავზე უკეთ იმუშაო, გასწავლის და გაჩვევს იმას, რომ შენი განათლება შენსავე ხელშია და იმ ენერგიასა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რასაც ამ საქმეში ჩადებ. ჩემთვის ძალზედ სასიამოვნო გახლდათ მეცადინეობის პროცესი, განსაკუთრებით ერთი ბიბლიოთეკა ამოვიჩემე, სადაც ხშირად მთელ დღეს ვატარებდი მეგობრებთან ერთად მეცადინეობასა და გამოცდებისთვის მზადებაში. შვედეთში სწავლისა და ცხოვრების ყველა ასპექტი საბოლოო ჯამში მეხმარებოდა გავმხდარიყავი უფრო დამოუკიდებელი და ამავდროულად პასუხისმგებლობიანი საკუთარი თავის, განათლებისა და მიზნების წინაშე.
რაც შეეხება უფსალის უნივერსიტეტში გავლილ კურსებს, ძირითადი ნაწილი შვედეთის პოლიტიკას, გეოგრაფიულ ცვლილებებს, მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეეხებოდა. გარდა ამ კურსებისა, ასევე გავიარე კურსი გენდერისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინე გენდერული საკითხების, ფემინისტური მიდგომებისა და დღეს არსებული პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნებიც დგანან. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო შვედეთის შესწავლა გენდერული თანასწორობისა და ეგალიტარიანიზმის კუთხით, ვინაიდან ეს ე.წ. „კეთილდღეობის სახელმწიფო“ სწორედ ამ მახასიათებლებით გამოირჩევა ევროპის სხვა ქვეყნებს შორის. თითოეული საგნის სემინარი საინტერესო თემებითა და დისკუსიებით იყო დატვირთული, რომლებშიც აქტიურმა მონაწილეობამ განმივითარა ანალიტიკური უნარ-ჩვევები, უფრო თავდაჯერებული და თამამი გამხადა.
შვედეთში ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრ საინტერესო და დასამახსოვრებელ ადამიანს შევხვდი. განსაკუთრებით დატვირთული იყო პირველი სამი კვირა, როდესაც უფსალაში არსებული სტუდენტური გაერთიანებები ე.წ „ნეიშენები“, რომლებსაც მრავალწლიანი ისტორია აქვთ, სხვადასხვა ღონისძიებას აწყობდნენ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, როგორიც გახლდათ შვედური „ფიკა“ (ყავის შესვენება), სამაგიდო თამაშები, გასკები, რათა ახალჩამოსულ სტუდენტებს ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. განსაკუთრებით მინდა ვახსენო ჩემი ქართველი მეგობრები, რომლებთან ერთადაც მთელი ეს დრო ვიზიარებდი სტუდენტური საცხოვრებლის კორიდორს და რომლებთანაც ძალიან დავახლოვდი. სწორედ მათთან ერთად გატარებული დრო და თავგადასავლები გახლავთ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები ჩემი შვედური თავგადასავლიდან. ერთად არაერთ შვედურ ქალაქს ვესტუმრეთ, მათ შორის სტოკჰოლმს, სიგტუნას, გოთენბურგსა და „ძველ უფსალას“, რომელიც ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ჩემთვის მაინც ყველაზე მომხიბვლელი და თავისებურად განსაკუთრებული მაინც სტოკჰოლმია, თავისი ლამაზი კუნძულებით, არქიტექტურით, ვიწრო და ძველი ქუჩებით.
ზემოხსენებულ სიახლეებსა და გამოცდილებებთან ერთად ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო უფსალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალში მოხალისეობა, ვინაიდან ეს გახლდათ ჩემთვის პირველი შედარებით გრძელვადიანი სამუშაო გამოცდილება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან სახალისო, საინტერესო და მრავლის მომტანი აღმოჩნდა. გამოცდილებასთან ერთად ახალი მეგობრები და მოგონებები შევიძინე.
საერთო ჯამში უფსალაში ცხოვრება და სწავლა ჩემთვის უამრავი სიახლის, გამოწვევის, გამოცდილების, ცოდნისა და დაუვიწყარი მოგონებების მომტანი იყო. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებიც ასევე დაინტერესებულები არიან გაცვლითი პროგრამებით, ან უკვე მიემგზავრებიან რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში სასწავლებლად, ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ სიახლეებისა და გამოწვევების, მიიღონ ისინი და ისიამოვნონ ყველა მომენტით.