ჩემი სტუდენტობის ისტორია უკავშირდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევის რთულ პროცესში მიღებული გადაწყვეტილება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემესწავლა სოციოლოგია, გამოდგა ერთ-ერთი სწორი არჩევანი, საინტერესო ცხოვრებისა და ბევრი სიახლის დასაბამი. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი: როცა პირველად ახალწვეულთა საზაფხულო სკოლაში ჩემი მომავალი ლექტორები გავიცანი; როცა პირველად დავესწარი ლექციას; შემდეგ არაერთ სტუდენტურ აქტივობაში რომ მივიღე მონაწილეობა; როცა 2019 წელს დავასრულე სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და ერთი წლის შემდეგ აქვე განვაგრძე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე ამავე მიმართულებით. ვრწმუნდები ახლაც, როცა საფრანგეთში, ნიცაში, სწავლას Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე ვაგრძელებ.
2019 წლიდან ვმუშაობ სხვადასხვა მიგრაციულ ჯგუფთან საქართველოში. ამავე წელს საინიციატივო ჯგუფის სახით და 2020 წელს ოფიციალურად მეგობრებთან ერთად დავაფუძნე პირველი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი წევრებიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად დევნილები და საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან.
ახლა გაცვლითი პროგრამით კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში ვსწავლობ და ვთვლი, რომ ეს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა პროფესიული თუ პიროვნული თვალსაზრისით.
უკვე ვთქვი, რომ 2 წელზე მეტია მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებაზე ვმუშაობ და Erasmus+-მა მომცა უნიკალური შესაძლებლობა, მივიღო ფოკუსირებული აკადემიური ცოდნა სპეციალიზაციაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა. სხვადასხვა პერსპექტივიდან შემიძლია შევისწავლო ეს დისციპლინა და მასში უფრო მეტი საინტერესო ნიუანსი დავინახო, საქართველოში არსებული მიდგომები და პოლიტიკა შევადარო საფრანგეთის, ევროკავშირის მიდგომებს და პროფესიული დასკვნები გამოვიტანო. ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად დამეხმარება უფრო აქტიურად და პროდუქტიულად განვაგრძო საქმიანობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
უმნიშვნელოვანესია მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება და ისიც, რაც ჯერ კიდევ წინ მელოდება. მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია დამოუკიდებლად ვცხოვრობ, Erasmus+-ით სხვა ქვეყანაში ყოფნა ალბათ აღემატება აქამდე დაგროვებულ გამოცდილებას.
ნიცაში ცხოვრება ყოველდღიურად დაკავშირებულია სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნასთან, საფრანგეთში ჩამოსვლამდე მომიწია შევხებოდი სრულიად განსხვავებული ცხოვრების, აღქმისა და მართვის სტილს, გადამელახა არაერთი დაბრკოლება, გადამეწყვიტა მეტ-ნაკლებად კომპლექსური საკითხები. ამიტომ მობილობის დასაწყისიდანვე ველოდებოდი, რომ ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობ, ფრანგულ რუტინაში უნდა მეცხოვრა. შესაბამისად, ყოველ დღეს მართლაც სიახლის მოლოდინით ვიწყებ და ამას, როგორც ზრდის შესაძლებლობას, ისე ვუყურებ. ეს კი ყოველ დღეს საინტერესოს ხდის და მეხმარება სხვადასხვა აღმოჩენის გაკეთებაში. შესაბამისად, მიადვილდება არსებულ გარემოში ცხოვრება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ Erasmus+ ძალიან კარგი შესაძლებლობაა მოგზაურობისთვის, საფრანგეთში ბევრს ვმოგზაურობ, ვნახულობ საინტერესო ადგილებს და ვხვდები მრავალფეროვან ადამიანებს. ეს ყველაფერი მაძლევს ადგილობრივი კულტურის შესწავლის, ახალ-ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას, რაც ჩემში აქამდე უცნობ შესაძლებლობათა აღმოჩენაში დამეხმარება.
ილიაუნიში სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზე ვარ, აქ, კოტ დ’აზურში, ვსწავლობ მიგრაციის კვლევებს. შესაბამისად, მიგრაციის კვლევები შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც სოციოლოგიის ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულება. ამ პროგრამებს შორის მსგავსება ისაა, რომ ორივე პროგრამაზე ისწავლება კვლევის მეთოდები და საგნები, კვლევაზე ორიენტირებული.
თუმცა ილიაუნის სოციოლოგიის პროგრამასა და კოტ დ’აზურის მიგრაციის კვლევების პროგრამებს შორის ბევრი განსხვავებაა: გამოვყოფდი სწავლების სტრუქტურას. პროგრამაზე ვსწავლობ რამდენიმე საგანს, თითოეულ მათგანს აქვს ორი ან ორზე მეტი ქვესაგანი და სხვადასხვა ლექტორი გვყავს. თითოეულ საგანში ქვესაგნები ერთმანეთის მიყოლებით ან პარალელურად ისწავლება. სხვა პროგრამებზეც მსგავსი მიდგომა მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი სწავლების ამგვარ მეთოდს იყენებს.
მიგრაციის კვლევების ეს კონკრეტული პროგრამა იმით გამოირჩევა, რომ აერთიანებს სამართალს, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებებს. ამიტომ პროგრამა საშუალებას იძლევა მიგრაცია შევისწავლოთ სხვადასხვა დისციპლინების ფონზე, რაც საბოლოოდ აყალიბებს მრავალფეროვან ცოდნას.
ყოველდღიურად ვხვდები საინტერესო ადამიანებს. საფრანგეთში ჩამოსვლამდე არაერთი რეკომენდაცია და გამოცდილება მოვისმინე ნიცაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, უთქვამთ, რომ ფრანგებს არ უყვართ ინგლისურ ენაზე საუბარი და ინგლისურად მოსაუბრეებთან უხეშები არიან. მეც შესაბამისად განვეწყე, რადგან ჩამოსვლისას ფრანგულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ფრაზა ვიცოდი. ნიცაში ჩამოსული,იმის გამო, რომ არ მქონდა ინტერნეტი და არც გზები ვიცოდი, დავიკარგე. მოლოდინით, რომ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებდი, ავტობუსის მძღოლს მორიდებით ვკითხე გზა. აღმოჩნდა, რომ ინგლისური არ იცოდა და ვერ დაეხმარა. ამ დროს ავტობუსში ამოვიდა უფროსი ასაკის ფრანგი ქალი, რომელიც ძალიან გულღიად და სტუმართმოყვარედ განეწყო და ჩასვლამდე დაუზარებლად მიხსნიდა, როგორ მივსულიყავი დანიშნულების ადგილას. მან დამარწმუნა, რომ აქამდე მოსმენილი მოსაზრება ყველა შემთხვევაში მართალი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ არაერთხელ შევხვდი ფრანგების უკმაყოფილო ანდა გაოცებულ დამოკიდებულებას ინგლისურ ენაზე საუბრისა და ფრანგულის არცოდნის გამო.
ჯერ ჩემი მობილობის მხოლოდ 1 თვე იწურება, ამიტომ თითოეულ საგანსა და ლექტორს თანაბარი ინტერესით ვეკიდები და მიჭირს რომელიმეს გამორჩევა. მაინც აღვნიშნავ იტალიელ სოციოლოგს დანიელა ტრუსოს და მის საგანს საზღვრების შესახებ. საგანი საინტერესოა, რადგან გვაჩვენებს, რა დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს ტერიტორიულ და სიმბოლურ საზღვრებს მიგრაციის კონტექსტში. მას დაგეგმილი აქვს საველე გასვლა, რათა უშუალოდ ვნახოთ ლტოლვილთა ბანაკი და საფრანგეთი-იტალიის საზღვარი მენტონში, რომელიც დღესაც მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. მეორე მხრივ, ლექტორმა ჩემი განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა თავისი კვლევითი მიმართულებისადმი ინტერესისა და დიდი სურვილის გამო, გადმოგვცეს საინტერესო სოციოლოგიური ცოდნა.
მობილობით დაინტერესებულთ ვურჩევ, იყვნენ ღია იმ შესაძლებლობებისადმი, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევს გაცვლითი პროგრამების სახით. და თუ ერთხელ მაინც ამაზე უოცნებიათ, აუცილებლად სცადონ, მიიღონ მონაწილეობა. არ შეეშინდეთ მოსალოდნელი დაბრკოლებების და სიძნელეებისა, რაც მობილობის დაწყებამდეც კი შეიძლება წარმოიშვას მასპინძელ უნივერსიტეტთან ურთიერთობისას. მსგავსი სირთულეების გადალახვა საკუთარ შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ. ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში, რასაც თავად ვერ გაუმკლავდებიან, ყოველთვის ჰქონდეთ ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების იმედი.