თამარ ქართველიშვილი

თამარ ქართველიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (რელიგიის კვლევების მიმართულების) მაგისტრანტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

თამარი ერთი სემესტრი ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (იენი, გერმანია) – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ეუფლებოდა პროგრამას „გზა ევროპისკენ“.

დასავლეთ საქართველოში, სამტრედიის სოფელ ნაბაკევში გავიზარდე. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. მოსწავლეობისას თუ რამე პროექტი გამოჩნდებოდა, ყველაფერში ვმონაწილეობდი, ვცდილობდი, სხვადასხვა სფეროში მომესინჯა შესაძლებლობები. თუმცა განვიცდიდი, რომ ახალი, საინტერესო ინფორმაციის მიღება არცთუ ისე მარტივი იყო. სკოლა წარმატებით დავამთავრე და ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელმაც შემცვალა – უფრო თავდაჯერებული გავხდი, ჩემს მსოფლმხედველობაზეც გავლენა მოახდინა. პირველი კურსიდან ჩავერთე სხვადასხვა აქტივობაში და, შეიძლება ითქვას, რამდენიმე კვირაში ბევრ საჭირო ინფორმაციას ვფლობდი. ხუთჯერ გავხდი პრეზიდენტის სტიპენდიატი. მეორე კურსიდან ვცდილობდი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, რადგან ეს ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი ოცნება იყო. ბევრი ცდისა და შრომის შედეგად მოვიპოვე ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში სწავლის უფლება და მართლაც ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. დავიჯერე, რომ შრომისა და მონდომების შედეგად აუცილებლად შეიძლება მიზანს მიაღწიო.

ეს იყო ჩემი დიდი ოცნება. „იენა” ამ სიტყვის გაგონებაზე ახლაც ზუსტად ის ემოციები მეუფლება, რაც პირველად ამ ინფორმაციის გაგებისას დამეუფლა. შევხვდი საინტერესო ხალხს, საკუთარი თავი სხვა მხრიდან დავინახე, დამოუკიდებლობას მივეჩვიე… ამიტომ მინდა, ყველამ განიცადოს ეს ბედნიერება.

ბევრი სტუდენტი მონაწილეობაზე თავს იკავებს, რადგან ჰგონიათ, შესაბამისი კანდიდატურები არ არიან. წასვლა ხომ იმიტომ გვინდა, რომ ახალი ვისწავლოთ. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორ შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას. უფრო მეტად მიზანდასახული დავბრუნდი საქართველოში, იმ ზაფხულს ტალინის უნივერსიტეტის ორკვირიანი საზაფხულო სკოლის სტიპენდიაც მოვიპოვე. ერასმუსის პროგრამამ უფრო მონდომებული გამხადა. დავაფასე რა სწავლის ხარისხი გერმანიაში, ილიაუნის ბაკალავრიატის დასრულებისთანავე დავბრუნდი უკან au-pair პროგრამით, დავიწყე გერმანული ენის შესწავლა. წინ დიდი მიზნებისკენ!

გერმანიაში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება ავირჩიე, რაც კიდევ ერთი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან ილიაუნიში სოციოლოგიის მიმართულებაზე ვსწავლობდი… სწავლის პროცესი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. უცხო ენაზე სწავლისთვის საკუთარ თავზე დიდი მუშაობა დამჭირდა. საბოლოოდ 5 ნაშრომი დავწერე და კარგი ქულებიც ჩამოვიტანე იენის უნივერსიტეტიდან.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Facebook
Twitter
LinkedIn