ვერიკო ბოკუჩავა – ერთხელ ერასმუსით

ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც უნდა ამერჩია ჩემი საქმიანობა, ბევრი არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ეს იყო მეცნიერება – ბიოლოგია. ასეთივე სიზუსტით ვიცოდი, რომ ილიაუნი ამისთვის სასურველ პირობებს შემიქმნიდა. გავხდი ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი და ამით ყოველთვის ვიამაყებ.  გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მსურდა უცხოეთში სწავლა, გადავწყვიტე ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა, რისთვისაც  საგულდაგულოდ მოვემზადე. ერთ დღეს კი მივიღე მოწვევა ნიქოზიის უნივერსიტეტისგან.

საზღვარგარეთ სწავლა საინტერესო და გამოწვევებით სავსეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხარისხიან განათლებას იღებ,  არამედ იმიტომაც, რომ მაღალ დონეზე ეუფლები უცხო ენას. ისწავლო უცხო ენაზე, ნიშნავს, იფიქრო და იმსჯელო განსხვავებულად. ეს არის უნარი, საკუთარი ცოდნა თუ გამოცდილება თარგმნო და გაუზიარო უცხოელ კოლეგებს, ეს კი დღევანდელი მოთხოვნებით აუცილებელი უნარია.  ყველა სიკეთე, რაც მობილობის პერიოდში მივიღე, კარიერულ და პიროვნულ ზრდაში მეხმარება. მაძლევს საშუალებას, რომ ვიყო საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ღირსეული წევრი.

საბედნიეროდ, მსგავსება ილიაუნსა და ნიქოზიის უნივერსიტეტს შორის დიდია, რამაც ბევრად გამიმარტივა  მობილობის პერიოდი. პირველ ყოვლისა, ეს ეხება როგორც ყურადღებიან და სტუდენტზე ორიენტირებულ ლექტორებს, ასევე სასწავლო პროცესის მსვლელობის კონკრეტულ საკითხებსაც. ამრიგად, თავი უცხო გარემოში არასდროს მიგრძნია.

2020 წელი მსოფლიოსთვის უჩვეულო აღმოჩნდა. მან ყველა გვაიძულა, ჩვენი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი შეგვეცვალა, რაც დღემდე გრძელდება.  მოგეხსენებათ, პანდემიით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის გამო, საქართველოში ფრენები შეაჩერეს. ბუნებრივია,  გაფრენას ვეღარ შევძლებდი. სულ მალე  ნიქოზიის უნივერსიტეტში სასწავლო სემესტრი ისედაც სრულად ონლაინფორმატში დამტკიცდა. „ერასმუსი ჟამიანობის დროს“ არაორდინარული აღმოჩნდა. სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება, რომ ბოლომდე გაცვლითი სტუდენტის დამოუკიდებელი ცხოვრებით მეცხოვრა, შემეძინა უამრავი მეგობარი და მოგონება.  ამის მიუხედავად, არც ერთი წუთი არ მინანია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რადგან განათლება, საინტერესო ადამიანები და უნარ-ჩვევები, რაც ამ ყველაფერმა მაჩუქა, ფასდაუდებელია.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავლილ კურსებს შორის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი უჯრედული ნეირომეცნიერება იყო. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი ლექტორის მიერ გამოყენებული სასწავლო მეთოდებით, რითაც ყველა სტუდენტს ერთიანად მოგვემატა მოტივაცია და საგნისადმი ინტერესი.

სამწუხაროდ, ვირტუალურ სივრცეში პრაქტიკულად შეუძლებელია საინტერესო ისტორიები გადაგხდეს, ამ მხრივ დღემდე დანაკლისს განვიცდი. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე ვითარება შეიცვლება და კიდევ მექნება შესაძლებლობა საზღვარგარეთ  ვისწავლო, ავინაზღაურო ის დანაკლისი, რაც ონლაინსწავლების დროს ვიგრძენი.

მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მიზნების, გიყვარდეთ საქმე, რასაც აკეთებთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა. მიზნისკენ მშვიდად და აუჩქარებლად იარეთ. დაე, იყოს გაცვლითი პროგრამა პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ, ამისთვის ბევრი იშრომეთ. შრომა კი ყოველთვის ფასდება.

არსებობს გამოთქმა – “Once Erasmus ,Always Erasmus”. ვფიქრობ,  ამ ფრაზის არსი ახლა უკვე ძალიან კარგად მესმის. საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა  –  აზროვნების სტილი, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება და სხვა.  უცხოეთში სწავლის  ყოველი დღე  მიღვიძებს სურვილს, რომ კიდევ ერთხელ  ვეზიარო   საზღვარგარეთ სწავლის ბედნიერებას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და არასდროს ვთქვათ უარი, მიუხედავად ყველაფრისა.

 

Share Button