ნინო კაპანაძე

ნინო კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის (ევროპისმცოდნეობა) მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ნინო ერთი სემესტრით იმყოფებოდა ზიგენის (გერმანია) უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა roads to democracy-ის მიმართულებით.

მაგისტრატურის გაგრძელება ევროპისმცოდნეობის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავწყვიტე. ილიაუნი გაცვლითი პროგრამების ფართო არჩევანს გვთავაზობს, პირველივე სემესტრში  პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე პროგრამაზე შევიტანე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ზიგენის უნივერსიტეტის პროგრამა „გზა დემოკრატიისკენ’’ იყო. დადებითი პასუხი მალევე მომივიდა და გავეშურე  გერმანიისკენ.

გერმანიიდან დაბრუნების  შემდეგ ხშირად უთქვამთ,  სრულიად  შეიცვალეო. ალბათ ასეც არის, ბევრი რამ ახლებურად დავინახე და ჩემი მსოფლმხედველობაც ცხადია, გაფართოვდა.

ამ პროგრამამ საშუალება მომცა, მემოგზაურა ევროპის ულამაზეს ქალაქებში, გამეცნო ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათთან დღემდე  მაქვს ურთიერთობა. იყო უამრავი სახალისო ისტორია, ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები.

ამ პროგრამამ და ილიას უნივერსიტეტმა თავისთავად, საშუალება მომცა, განსხვავებულად დამენახა ბევრი რამ და უკეთესად  განმესაზღვრა ჩემი მიზნები და მისწრაფებები. ამიტომ ვეთანხმები ყველას, ვისაც ჰგონია, რომ შევიცვალე, რადგან  უფრო მიზანდასახული, უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გავხდი.

თამამად ვამბობ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო  უამრავი გამოწვევით ამ ხნის განმავლობაში,ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან შეხვედრით. ლექციებზე გვქონდა  საინტერესო დისკუსიები. განხილვა განსხვავებული იყო იმიტომაც, რომ  ბევრი სხვადასხვა ეროვნებისა და განსხვავებული ხედვის ადამიანი,  სხვადასხანაირად აფასებდა ამ თუ იმ პრობლემას.

სასწავლო სისტემა ილიაუნის სისტემსი მსგავსი იყო, ასე რომ, განსაკუთრებული ადაპტაცია არ დამჭირვებია. იქ კარგად შევეჩვიე მუდლის, პროგრამას, რომელსაც ახლა ვიყენებთ ილიაუნიში. დიდი გამოცდილება მივიღე როგორც კონკრეტულ საკითხებთან მიდგომის, ასევე ცოდნის გაღრმავების კუთხით, რასაც  ვიყენებ როგორც სწავლის პროცესში, ასევე მუშაობისას  და მომავალშიც ძალიან დამეხმარება.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

თამარ ენუქიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის IV კურსის სტუდენტი თამარ ენუქიძე საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების თავისუფალი, მოქნილი გრაფიკი  სტუდენტს პროფესიული განვითარების საშუალებას აძლევს. საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ილიაუნის სტუდენტი ყოველთვის მომგებიან პოზიციაშია, რადგან  მუშაობა შეუძლია ისე, რომ სწავლის ხარისხზე არ მოახდინოს გავლენა.

პირველი სამუშაო გამოცდილება სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება.  პირველ კურსზე მივიღე მონაწილეობა პროექტში „ისწავლე და დასაქმდი ილიაუნიში“ და 6 თვის განმავლობაში სტაჟირება გავიარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.  მაშინ მიღებული თეორიული გამოცდილება დამეხმარა, მონაწილეობა მიმეღო საბურთალოს გამგეობის მიერ გამოცხადებულ პროექტში „მართე შენი ქალაქი“, გავიარე ტრენინგები და დავსაქმდი პროექტის დასრულებამდე.

შემდეგ UNI-JOBS-ის მეილის მეშვეობით შევიტყვე ინფორმაცია კომპანია “UGT”-ის მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ.  შესარჩევი ეტაპების წარმატებით გადავლახე და სტაჟირება  გავიარე ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

დაინტერესებული ვარ სამართლის სფეროსთან დაკავშირებული  ყველა სტაჟირებით და პროექტით, ამიტომაც დავრეგისტრირდი კიდევ ერთ პროგრამაზე, რომლის შესახებ უნივერსიტეტში გავიგე, და ამჟამად გავდივარ სტაჟირებას თბილისის საკრებულოს იურიდიულ დეპარტამენტში.

ჩემი სამუშაო პროფილი სწორედ ის სფეროა, სადაც  ვაპირებ დამკვიდრებას. ილიაუნიში  მიღებული გამოცდილება, ცოდნა, უნარ-ჩვევები დამეხმარა წარმატებით გამევლო სტაჟირებები, დავსაქმებულიყავი სასურველ სფეროში და 4 წლის მანძილზე უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა.

დღეს ნამდვილად რთულია პროფესიული კუთხით დასაქმება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია.  ჩემი აზრით, სტუდენტმა ყველა შანსი უნდა გამოიყენოს, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლით, შრომითა და მიღებული გამოცდილებით მიაღწიოს სასურველ შედეგს.”

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

გიორგი მგელაძე

გიორგი მგელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (მენეჯმენტი), სამაგისტრო პროგრამის 1-ლი კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + – ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

გიორგი ერთი სემესტრი  University College UCC-ში (კოპენჰაგენი, დანია) – სწავლობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სოციალური მეცნიერების მიმართულებით.

,,ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდი, ალბათ, ილიაუნის ბიზნეს სკოლაში მოხვედრით დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გადამხდა თავს.  50 ყველაზე რეიტინგულ სტუდენტს შორის მოვხვდი და, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ვიყავი Erasmus + -ის გაცვლითი სტუდენტი. ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ გადავწყვიტე, ისევ ილიაუნიში დავბრუნებულიყავი და ახლა  ილიაუნის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ, თან უკვე მესამე წელია,  ჩემს ყოფილ ლექტორთან, ერთ-ერთი მარკეტინგულ კომპანიაში ვმუშაობ.  მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში უნივერსიტეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან ბევრი რამ მაკვირვებდა, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო –  გარემო, ხალხი, მათი დამოკიდებულება ჩვენდამი, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც სწავლა იყო.  10 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ვსწავლობდი, ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, სწავლის მეთოდებს და სხვ. მინდა, ბევრ სტუდენტს ჰქონდეს ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

რა ვისწავლე? ერთ დღეს უეცრად  სირთულებიით  სავსე სამყაროში აღმოვჩნდი – ახალი მეგობრები, ახალი გარემო, ახალი გამოწვევები და ცხოვრების ახალი რიტმი.  კოპენჰაგენში სწავლა იმაზე საინეტერესო იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. გავეცანი და შევისწავლე სკანდინავიური სწავლების მეთოდი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მეთოდებისგან. ვსწავლობდი გარემოში, სადაც არ არსებობდა კონკურენცია, ქულები, ბარიერები და ა.შ. თითოეული სტუდენტი მოტივირებული იყო, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისთვის მიეღწია. დანიაში დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომელიც ყოველთვის  ჩემი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იქნება.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

ანა ზაქარაძე

ანა ზაქარაძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია. პარალელურად ის Georgian Service Group –2007-ის ინგლისურენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობს.

ვაკანსიის შესახებ ილიაუნის წლის დასაქმების ფორუმიდან შეიტყო, სადაც კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და თანამშრომლობაც შედგა.

ანა თავისი პირველი სამუშაო გამოცდილების შესახებ გვიყვება:

,,პირველი კურსიდანვე  ვიგებდი დასაქმების პროგრამების შესახებ როგორც უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტიდან, ასევე დასაქმების ფორუმებიდან.  ხშირად ვესწრებოდი შეხვედრებს სხვადასხვა წარმატებულ კომპანიასთან, ვეცნობოდი მათ მიდგომებს, სტრატეგიებს და, დაინტერესების შემთხვევაში, მათ იოლად ვუკავშირდებოდი.

ეს ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილებაა,  ამიტომ გადავწყვიტე,  ისეთ საქმიანობასთან დამეკავშირებინა, რომელიც ჩემს ინტერესებს უკავშირდებოდა და სამომავლოდაც დამეხმარებოდა განვითარებაში.

ამჟამად  ინგლისურეროვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ. ეს საქმიანობა მოითხოვს ინგლისური ენის სრულყოფილ ცოდნას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს და  დიდ პასუხისმგებლობას. ყოველდღიური ურთერთობა მაქვს საკმაოდ გამოცდილ, მცოდნე და მოტივირებულ გუნდთან, რომლის წევრებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. აქ ყოველთვის ფასდება თითოეული თანამშრომლის შრომა და მონდომება საერთო მიზნის მისაღწევად, რაც კომპანიას საკმაოდ დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

ჩემი აზრით, სტუდენტობის წლებში  საკმაოდ რთულია ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც, ერთი მხრივ,  ხელს შეგვიწყობს სწავლაში და, მეორე მხრივ,  დაგვეხმარება საჭირო უნარ-ჩვევების გავითარებაში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამსახურის ძიებისას მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა, შეუპოვრობა და სიახლეებთან მარტივად ადაპტირების უნარი. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკული გამოცდილება ბევრად უფრო საინტერესო და მრავლის მომცემია, ვიდრე მხოლოდ თეორიული ცოდნა.

სტუდენტებს ვურჩევ,  თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული დასაქმების შესაძლებლობები, რადგან ეს  გამოცდილება  ხელს შეუწყობს მათ არა მხოლოდ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, არამედ მისცემს შესაძლებლობას, იყვნენ ბევრად უფრო გამოცდილები, წამატებულები და მოთხოვნადები. ”

 

Share Button

ნინო მელიქიშვილი

ნინო მელიქიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (სოციოლოგიის მიმართულების), მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ნინო ერთი სემესტრი იასის ალექსანდრე იოან კუზას უნივერსიტეტში (რუმინეთი) სწავლობდა სოციოლოგიის მიმართულებით.

როგორც ერასმუსის დიდი ოჯახის წევრები ამბობენ: „Erasmus is not one semester in your life but your life in one semester!”ერასმუსი ნამდვილად არ იყო მხოლოდ ერთი სემესტრი ჩემს ცხოვრებაში. ამ პერიოდმა ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. არასოდეს დამავიწყდება ის გრძნობა, როცა მოწვევის წერილი წავიკითხე. იმ წუთებიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის უდიდესი შანსი და კარგი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ თვითონ უნდა გამოსცადო ერასმუსის ცხოვრება, რომ მიხვდე, რამდენად მრავალფეროვანია. მთელმა გამოცდილებამ დამანახა განსხვავებული პერსპექტივები, თუ რა და როგორ შეიძლება შევისწავლო, როგორც სოციოლოგმა. საშუალება მომეცა, მესწავლა დარგობრივი სოციალური დისციპლინის ისეთი საგნები, რომლებიც ჩვენთან არ ისწავლება, მაგალითად, ქალაქის, ანუ ურბანსოციოლოგია.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა  მეგობრებისა და ახლობლებისგან ასე შორს, დამოუკიდებლად მომიწია ცხოვრება. თავდაპირველად რთული იყო ჩემნაირი  ემოციური ადამიანისთვის, მაგრამ ერასმუსის გარემო იმდენად ღიაა, რომ ყველაფერს გავიწყებს და მხოლოდ იმ გამოწვევებზე და გამოცდილებებზე ორიენტირდები, რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ემზადებოდი. მოგზაურობა ერასმუსის ცხოვრების განუყოფელი და ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაწილია. მე ავიხდინე ჩემი ოცნებები, ვნახე ევროპის უძველესი, ისტორიით და სილამაზით სავსე ქალაქები. ეს დაუვიწყარი თავგადასავალი ყოველთვის მემახსოვრება.

P.S.  მომავალ ერასმუსელებს ვურჩევ: მაქსიმალურად გამოიყენეთ ერასმუსის ცხოვრების ყოველი წუთი,  ურთიერთობა დაამყარეთ როგორც უცხოელ ერასმუსელებთან, ასევე იმ ქალაქის მოსახლეობასთან, სადაც იცხოვრებთ და კიდევ ერთი: მოემზადეთ პოსტერასმუსის დეპრესიისათვის. ის გარდაუვალია.

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

ზურაბ შალამბერიძე

ზურაბ შალამბერიძე, ილიაუნის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული და “Silk Way Travel Georgia”-ს ტურიზმის მენეჯერი, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობდი ტურიზმის მიმართულებით. პროფესიით პირველი სამუშაო გამოცდილების მიღებაში უნივერსიტეტი დამეხმარა –  სტაჟირება გავიარე ტურისტულ კომპანიაში “Colours Tour Georgia “, რომელშიც  ამ სფეროში მუშაობის პრინციპებს გავეცანი. სტაჟირების პერიოდში დავიწყე ბლოგების წერა ტურიზმის თემაზე და გამიჩნდა იდეა, ჩემი სტატიები სხვადასხვა კომპანიისთვის შემეთავაზებინა  მათ გვერდებზე გამოსაქვეყნებლად.

სწორედ ამ დროს, როცა კომპანიაში “Silk Way Georgia” მივედი  ჩემი სტატიების მათ გვერდზე განთავსების შეთავაზებით, აღმოჩნდა, რომ ისინი  თანამშრომელს ეძებდნენ და სტაჟირება შემომთავაზეს, ხოლო შემდეგ სამსახურშიც ამიყვანეს, სადაც უნივერსიტეტის დამთავრებიდან  ვმუშაობ. თავიდან ვიყავი რიგითი ტუროპერატორიდა  შემომყვანი ტურების განხორციელებაზე ვმუშაობდი, ხოლო რამდენიმე თვეა,  ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე ვარ იმავე მიმართულებით. ჩემს მოვალეობაში შედის ტურების შედგენა, სასტუმროების დაჯავშნა, ტურპროდუქტების შექმნა, ინფოტურებზე დასწრება, უცხოელ პარტნიორებსადა ტურისტებთან ურთიერთობა, რაც მძენს ახალ ცოდნას და მეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

როგორც ყველა პერსპექტიულ სამსახურში, ტურიზმის სფეროშიც რთულია სასურველ პოზიციაზე დასაქმება. მაგრამ თუ გაქვს მოტივაცია, საკუთარი თავის რწმენა და ხარ შრომისმოყვარე, ნებისმიერ სფეროში შესაძლებელია თავის დამკვიდრება. მთავარია,  შენს პოტენციურ დამსაქმებელს აჩვენო, რომ შეგიძლია საქმე კარგად და მონდომებით აკეთო. ასევე უნდა იყო გულწრფელი მათ მიმართ. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ყველგან სასურველი თანამშრომლები,  საწყის ეტაპზე  გამოცდილებაც რომ არ ჰქონდეთ.

სტუდენტისთვის, როგორც ყველასთვის, აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა და მკაფიო მიზანი, ვინ გინდა იყო და რისი მიღწევა გსურს ცხოვრებაში. ამასთან თუ პრინციპული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარე ხარ, ნებისმიერი მიზანი რეალობად იქცევა. ”

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

მურო თაკალანძე

მურო თაკალანძე, ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტი, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

✔2014 წელს ექსტერნად დავამთავრე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა და დავდექი არჩევანის წინაშე: რომელ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა.

ბაქსვუდის საქართველოსა და ინგლისის სკოლებში მიღებულმა გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ სწავლასთან ერთად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უნივერსიტეტის ღირებულებებსა და აქტივობებს, რომელთაც დამატებით სერვისებად სთავაზობდა სტუდენტებს. სწორედ ამიტომ ავირჩიე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის ჩემთვის ახალგაზრდა უნივერსიტეტია, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ღიაა ურთიერთობებში და საკუთარი სტუდენტების განვითარებაზე ზრუნავს. ასევე იზრუნა მან ჩემს განვითარებაზეც.

17 წლიდან ვცდილობდი მემუშავა და განმევითარებინა ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში დამეხმარებოდა. სკოლაში ჩამოვაყალიბე მოხალისეთა კლუბი, რომელიც დამეხმარა საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში გამომეცადა.

ასევე მიმუშავია არაერთ რთულ პოზიციაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტი ვიყავი, ერთხელაც მეილზე მომივიდა ინფორმაცია სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში სტაჟირების შესახებ. იმის გამო, რომ ამ დეპარტამენტის საქმიანობის სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ აქ მუშაობა მომცემდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის დროს მიღებული ცოდნის გამოყენებისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების საშუალებას.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ნამდვილად აღმოჩნდა ტრამპლინი ჩემს კარიერაში, რადგან 6-თვიანი სტაჟირების შემდეგ გავხდი სტუდენტური პროექტების კოორდინატორი და მომეცა შესაძლებლობა, ვაკეთო საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

უკვე 6 თვეა ამ თანამდებობაზე ვმუშაობ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითოეული დღე უფრო საინტერესო და გამოწვევებით სავსეა, ვიდრე – წინა.

სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთვის კონსულტაციების გაწევა, პროექტების ორგანიზება და სხვადასხვა საქმიანობა, რომელთა გაკეთებაც დეპარტამენტში მიწევს, არის ის, რაც მავითარებს და უდიდეს გამოცდილებას მძენს.

ჩემი ასაკის ადამიანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ილიაუნის გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ძირითადად დაკომპლექტებულია სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით. ილიაუნი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით თითოეულ სტუდენტს გვიქმნის დიდ მოტივაციას, რომ საკუთარი შრომითა და შესაძლებლობებით გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია.

ჩემი პატარა გამოცდილებით მინდა ყველა სტუდენტს კომფორტის ზონიდან გამოსვლა ვურჩიო, რადგან ეს არის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, არ არსებობს სამსახური, რომლის ხელიდან გაშვებაც ღირს. თითოეული არის გამოწვევა და შესაძლებლობა, გახდე უკეთესი და მიაღწიო დასახულ მიზანს. არასდროს შეუშინდეთ ცვლილებებს, რადგან სწორედ მათ მოაქვთ წარმატება, რომლისთვისაც ამდენს ვშრომობთ.

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

სოფო ჯინჭარაძე

სოფო ჯინჭარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

სოფო ერთი სემესტრით იმყოფებოდა ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი), სადაც ეუფლებოდა პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

,,ბედნიერი ვარ, რომ ილიას უნივერსიტეტმა მომცა ფინეთში სწავლის საშუალება. ეს ჩემთვის ყველაზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი პერიოდი იყო. გარდა ცოდნისა, შევიძინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ვნახე ბევრი ლამაზი ადგილი, რაც ალბათ ოცნებად დამრჩებოდა ამ პროგრამის გარეშე.

ცნობილია, რომ ფინეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მიხარია, რომ ამ ქვეყანაში სწავლის საშუალება მეც მომეცა. სასწავლო პროცესი, გარდა თეორიისა, პრაქტიკული დავალებებითაც იყო დატვირთული რეალური კომპანიების მაგალითებიდან. მომეწონა, ძალიან მოქნილი საგამოცდო სისტემა და საგნების სწავლის განსხვავებული ხანგრძლივობაც. აუცილებლად მინდა ავღნიშნო ძალიან კარგი ბიბლიოთეკები აქვთ, სადაც სტუდენტს წყნარ გარემოში მუშაობა შეუძლია, არის ადგილები ჯგუფური მუშაობისათვისაც. ყველა კორპუსს აქვს სავარჯიშო დარბაზი და სტუდენტებიც აქტიურად არიან დაკავებული სპორტით და მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button

ნინო სიხარულიძე

ნინო სიხარულიძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით გადმოვედი. მეგობართან ერთად ,,შთას” (შესავალი თანამედროვე აზროვნებაში) ვმეცადინეობდი, როცა არგუსზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის შესახებ განცხადება ვნახე. იმედი არ მქონდა,  რომ სხვა კონკურენტუნარიან სტუდენტებს შორის მე შემარჩევდნენ, ამიტომ მონაწილეობაზე თავიდან უარი ვთქვი. მაგრამ  მეგობარმა არ მომცა საშუალება, კონკურსს გამოვთიშოდი. 15 წუთით მარტო დამტოვა და მთხოვა, საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემედგინა. მაშინ პირველად დავგუგლე „როგორ შევადგინოთ რეზიუმე“. განაცხადი გავგზავნე და რამდენიმე დღეში  ელფოსტაზე პასუხიც მივიღე –  გასაუბრებაზე მიბარებდნენ. გასაუბრებაზე  აღმოჩნდა, რომ აპლიკანტებიდან უპირატესობას ანიჭებდნენ მათ, ვინც ელფოსტას ყოველდღიურად ამოწმებდა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. წარმოგიდგენიათ, როგორ გამიმართლა?!

ფაკულტეტის შემდეგ სტაჟირება გავიარე სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, რომელიც მაშინ რეორგანიზაციას გადიოდა, აფართოებდა საქმიანობის სფეროს. აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომელთაც დეპარტამენტი ახორციელებდა. სტაჟირების დასრულების შემდეგ ჩემმა ხელმძღვანელმა სრული შტატით დასაქმება შემომთავაზა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.

ამის შემდეგ დაიწყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს კარიერაში. 5 წლის განმავლობაში ილიაუნიში სხვადასხვა პოზიციაზე მომიწია მუშაობა.. ახლა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი მიმართულების –  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სერვისების – კოორდინატორი ვარ. ყოველდღიურად მიწევს სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან ურთიერთობა, რომლებიც ერთმანეთს ეძებენ, და ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტობის დროს ინფორმირებული იყო იმ სერვისების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი გვთავაზობს.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სტუდენტებს ვურჩევ, ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი, უკეთესად დაუკვირდნენ თავიანთ  სურვილებს, მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე და არასოდეს გადაწყვიტონ ერთპიროვნულად, რომ შანსი არ აქვთ, რადგან შანსი ყოველთვის არსებობს მათთვის, ვინც შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებს.“

#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories

Share Button

ანი საჯაია

ანი საჯაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (პოლიტიკის მეცნიერებები) მე-3 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ანი ზიგენის უნივერსიტეტში (ზიგენი, გერმანია) (http://www.uni-siegen.de/start/) ერთი სემესტრი სწავლობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე სოციალური მეცნიერების მიმართულებით.

,,ყოველთვის ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო ისეთ საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩემს პროფესიასთან (და არა მარტო) კიდევ უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.

ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს შანსს, გავიგოთ, ვისწავლოთ და ვნახოთ მეტი. სწორედ ასეთი შანსი იყო ჩემს ცხოვრებაში ერასმუსი.

გერმანიაში ვსწავლობდი ფილოსოფიის ფაკულტეტზე სოციალური მეცნიერების მიმართულებით. სწავლების მეთოდი ანალიტიკური იყო, რაც სტუდენტთა მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობდა. სწავლა მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ წარმატებით გავართვი თავი. მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა აქტიურად ვიმონაწილეო მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკური პროცესების ანალიზსა და კვლევით საქმიანობაში.

პროგრამის საშუალებით გავიცანი და დავუახლოვდი უცხოელ სტუდენტებს, რომლებთან დღემდე ვმეგობრობ. გარდა ამისა, მქონდა  ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა.

ძალიან კარგი იქნება, თუკი ბევრი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას ამგვარ საგანმანათლებლო პროექტებში, რაც მომავალში მათი კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარი იქნება.’’

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Share Button